დროა, რობოტებს მეტი ყურადღება მიაქციოთ… თანაც კვლევის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალა, სრულად გარდაქმნას სამუშაო სივრცეები — გენერაციულმა AI-იმ თანამშრომელთა პროდუქტიულობა 14%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, აქაც თავს იჩენს ტექნოლოგიების თანმხლები სტიგმა, რომ იგი თანამშრომლებს კი არ ეხმარება, პირიქით, უარყოფითად მოქმედებს მათზე.
სწორედ ამიტომ ხდება საჭირო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიულად გაცნობა თანამშრომლებისთვის, მათი დატრენინგება ტექნოლოგიების გამოყენების ვარიანტებზე, სარგებელსა და შეზღუდვებზე.
აი, როგორ უნდა დაიწყოთ ეს პროცესი:
შესთავაზეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ვარიანტები
Schuler Digital-ის მარკეტინგული სააგენტოს ხელმძღვანელმა თავის გუნდს აჩვენა, თუ როგორ შეეძლოთ ChatGPT-ის გამოყენება სოციალური მედია ქოფისა და პროდუქტის შეფასებებზე პერსონალური პასუხების შესადგენად. როგორც ამბობს, დემო ვერსია გუნდს იმის გააზრებაში დაეხმარა, როგორ გააუმჯობესებდა ხელოვნური ინტელექტი თავიანთ სამუშაოს და არა, პირიქით. ამის შემდგომ კი ChatGPT ყოველდღიურ საქმიანობებში დაინერგა — თუ ე. წ. იმეილ მარკეტინგისთვის გუნდს აქამდე 30 წუთი სჭირდებოდა, ახლა ეს დრო 3 წუთამდე შემცირდა.
მიიღეთ თანამშრომლებისგან უკუკავშირი
მნიშვნელოვანია, თანამშრომლები წაახალისოთ, გაგიზიარონ თავიანთი აზრი AI-ის დანერგვასთან დაკავშირებით, რადგან განსხვავებულ დეპარტამენტებში მომუშავე ადამიანები ტექნოლოგიასაც განსხვავებულად იყენებენ. მაგალითად, სოციალური მედიის გუნდში ვიდეოს შესაქმნელად, პიარ დეპარტამენტში კი ინფორმაციის ტრანსკრიფციისთვის… როგორც ექსპერტები ამბობენ, „ისეთი გარემოსა და კულტურის ქონა, სადაც ადამიანები იგრძნობენ, რომ მათ უსმენენ, ახალი AI-ს დანერგვისთვის უმნიშვნელოვანესია“.
დარწმუნდით, რომ გავლენა და რისკები აშკარაა
ხელმძღვანელებმა გვერდი არ უნდა აუარონ ლეგალურ და ეთიკურ საკითხებზე საუბარს. ხელოვნური ინტელექტის გავლენა ინდუსტრიის მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მომხმარებლის ინფორმაციის დაცვა ყველგან წამყვანი საკითხია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თანამშრომლებისთვის სპეციალურ წესებს ან რეკომენდაციებს შეიმუშავებთ, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირადი მონაცემების რეგულაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
დღევანდელი ციფრული მარკეტინგის სამყაროში სიზუსტე და პლაგიატი მთავარი საზრუნავია და ეს AI-ს სამსახურში გამოყენებასაც ეხება. აქ კი გვეუბნებიან, რომ ადამიანის ჩართვა ხდება საჭირო და ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს სრულად ავტონომიურად ვერ გააკეთებს…
ისაუბრეთ მუდმივად
AI მუდმივად ვითარდება და მნიშვნელოვანია, ყოველთვის შეამოწმოთ თქვენს გუნდთან, როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება. დიახ, თქვენც ამ განვითარების გზას უნდა გაჰყვეთ და პერსონალს თქვენსავე პერსპექტივაზე მიაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა შემდგომში დიალოგშიც ჩართოთ. ამგვარად, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა AI-სთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ყოველთვიური შეხვედრების ნაწილად აქცია. ზოგიერთი კი ამას ყოველკვირეული შეხვედრებიდან 15 წუთს უთმობს.
დაბოლოს, ხელოვნურ ინტელექტზე გამუდმებით საუბარს იმიტომ გვირჩევენ, რომ ის AI ხელსაწყო, რომელიც დღეს საუკეთესოდ ერგება თქვენს საქმეს, საუკეთესო, შესაძლოა, სულ რაღაც ორ კვირაში აღარ იყოს…