დილით იღვიძებთ. ემზადებით. მიდიხართ სამსახურში. ჭამთ. საქმეებს აკეთებთ და ბრუნდებით სახლში. ისვენებთ. იძინებთ და ამ რუტინაში ექცევით. ისე გამოდის, რომ ვეღარც ბედნიერები ხართ და ვერც მნიშვნელობას პოულობთ თქვენს ცხოვრებაში. დროც სწრაფად გარბის და საქმეებიც არ ილევა. თუმცა, რა მოხდებოდა მარტივი გზები რომ არსებობდეს ამის გამოსასწორებლად? კითხვაზე პასუხის გასაცემად ფანტაზიები არ დაგჭირდებათ, რადგან დროის მენეჯემენტის ქოუჩები სწორედ ამგვარ ხრიკებს გვიზიარებენ:
ისიამოვნეთ წვრილმანებით
ცხოვრება საკმაოდ მარტივია და ყოველდღიური მომენტებიც წარმოუდგენლად სასიამოვნო შეიძლება გახდეს, თუ ამის საშუალებას მისცემთ… თუმცა ხშირად ბევრი საქმის კეთებისას ეს ყურადღების მიღმა გვრჩება… ასე რომ არ მოხდეს, მკვლევრები ე. წ. Mindful attention-ს გვირჩევენ, რა დროსაც ნაცნობ გამოცდილებებში ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რაც ხდება, რათა შემდგომში მათ მიერ გამოწვეული ბედნიერებით ისიამოვნოთ.
საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგალითისთვის თუ ლანჩს გარეთ შეჭამთ ისე, რომ არც ტელეფონი გქონდეთ და უბრალოდ ბალახების, ხეების, ყვავილებისა და ჩიტების ყურებით იღებდეთ სიამოვნებას, შეძლებთ კონკრეტული მომენტით ისიამოვნოთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალი საქმის ერთად კეთება შეწყვიტოთ, კონკრეტულ მომენტსა თუ აქტივობაზე ფოკუსირდეთ, რადგან სწორედ ეს დაგეხმარებათ, ისიამოვნოთ წვრილმანებით ცხოვრებაში და თუ რა მომენტი იქნება ეს, თავად უნდა მიაგნოთ.
ეძიეთ სიახლეები
დროის უკეთ შეგრძნება რომ შეძლოთ, უნდა ეცადოთ რუტინას სიახლეები დაამატოთ — როცა მხოლოდ ჩვევებს ახორციელებთ, თქვენი ტვინი ყოველდღიურ გამოცდილებებს ერთმანეთში აერთიანებს, ხოლო როცა რაღაც განსაკუთრებულს აკეთებთ, სიახლის ეფექტს განიცდით, რა დროსაც ტვინი მეტად კონცენტრირებულია და არსებულ გამოცდილებას ცალკეულ, გამორჩეულ მოგონებად ინახავს.
ეს, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო კონფერენციაზე წასვლა ან სრულიად ახალ ქალაქში მოგზაურობაც იყოს. ახალ უნარზე დაუფლება, ახალ სივრცეებში წასვლა, რათა ადამიანები გაიცნოთ. აქ ახალ რესტორანში სტუმრობაც იგულისხმება იმის ნაცვლად, რომ კვლავ იმ ადგილზე წახვიდეთ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ. მოკლედ რომ ვთქვათ, რუტინისა და სიახლეების შერწყმით დროის შეგრძნებას ახერხებთ.
ნუ იზრუნებთ იმაზე, რომ არ ჩამორჩეთ
ცოტა ხნის წინ არც სმარტფონები არსებობდა, არც აპლიკაციები და არც სტრიმინგ სერვისები, თუმცა ადამიანები მშვენივრად ცხოვრობდნენ…
დროის შენელების კიდევ ერთი გზა იმ წნეხისგან გათავისუფლებაა, რომლებიც რაღაცების კეთებისკენ გვიბიძგებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც დაპოსტა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თუ რაღაც გლობალური მოვლენა ხდება, არც ექსპერტობა გევალებათ. არც იმ ახალი სეზონის ყურება, რომელიც ნაკლებად გაინტერესებთ.
მსოფლიოში შექმნილი კონტენტის უმეტესობა სრულად არჩევითია, შესაბამისად, თავად გადაწყვეტთ, წაიკითხავთ თუ არა. 24/7-ზე აქტიურად ყოფნის საჭიროებისგან უნდა გათავისუფლდეთ, რადგან ასე თავს მეტად მშვიდად იგრძნობთ და მეტი დროც გამოგითავისუფლდებათ. ამ საკითხში აპლიკაციებში დროის ლიმიტების დაწესებაც დაგეხმარებათ. სანაცვლოდ კი, დრო წიგნის წაკითხვას შეგიძლიათ, დაუთმოთ.
დაბოლოს, ცხოვრების უმეტესობას თუ რუტინაში ვატარებთ, არც სიამოვნებაზე უნდა ვთქვათ უარი, მით უმეტეს, რომ მარტივი გზები არსებობს.













