ბევრი ადამიანი სამსახურში ყველას ყურადღებას იპყრობს და როცა დახმარებას ითხოვენ, სხვებიც დაუფიქრებლად აკეთებენ ამას. ქარიზმის თემაზე ჩატარებული კვლევები კი გვეუბნება, რომ აქ ორი მთავარი საკითხი არსებობს — ესენია ზეგავლენა და მეგობრულობა. ეს უკანასკნელი იმას ასახავს, თუ რამდენად შეიძლება მოგეწონოთ კონკრეტული ადამიანი ან რამდენად სასიამოვნოდ შეიძლება ითვლებოდეს ის თქვენთვის. ხოლო ზეგავლენა ეხება ადამიანების ლიდერობის უნარს და სხვების მოტივირებას, გააკეთონ რაღაც.
და რას ფიქრობთ საკუთარ თავზე? თუ თვლით, რომ სამსახურში ქარიზმატული არ ხართ, მაგრამ გინდათ, რომ იყოთ, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ. თუმცა ეს სურვილი ამპარტავნობა არ გეგონოთ, პირიქით, მეტად მეგობრულსა და ლიდერობისთვის კომპეტენტურს გაგხდით. თუ ეს არ გსურთ და გირჩევნიათ კულისებში დარჩენა, არც ეს არის პრობლემა, რადგან იმისათვის, რომ სამსახურში წარმატებული იყოთ, სულაც არ არის საჭირო ქარიზმატულობა.
სწორი ყურადღების მიპყრობა
თუ გინდათ, მეტად მეგობრული გამოჩნდეთ, სხვებთან ურთიერთობებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, სწორედ სხეულის ენა აგზავნის სასიამოვნო სიგნალებს. აქვე, როცა ადამიანებს გაესაუბრებით, თვალებში უყურეთ, რადგან ეს ინტერესის გამოხატულებაა. ასე სხვებსაც აჩვენებთ, რომ გაქვთ თავდაჯერება, წარმატებას მიაღწიოთ. ისაუბრეთ უფრო მეტი პოზიტიურ საკითხებზე და არა ნეგატიურზე. ფოკუსირდით შესაძლებლობებზე და არა იმაზე, რაც ვერ გაკეთდება.
მონოლოგის ნაცვლად, ადამიანებთან დიალოგი აწარმოეთ, ჰკითხეთ თავიანთი ინტერესების შესახებ, გაიგეთ მათი აზრი იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობთ. მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებით, იპოვეთ რაღაც პოზიტიური მათ ნათქვამში, მიზანი იმ გზებით დაკავშირებაა ადამიანებთან, რომლებიც მათ თქვენთან მუშაობას კიდევ მოანდომებს.
თავიდან აიცილეთ ნეგატიური ყურადღება
თვალის არიდება ან, პირიქით, დაჟინებით ყურება გზავნის შეტყობინებას, რომ არ გსურთ მათთან ურთიერთობა. მსგავსად, მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკი, სხვების აზრებისა და უკუკავშირის უარყოფა ადამიანებს აფიქრებინებთ, რომ არ გაინტერესებთ ისინი.
მოკლევადიან პერსპექტივაში სხვების ყურადღება მხოლოდ წუწუნით შეგიძლიათ მიიპყროთ… იმაზე საუბარი, თუ რა მიდის ცუდად სამსახურში, ადამიანთა დიდ ნაწილსაც მიიზიდავს, მაგრამ გამუდმებით ცუდ რაღაცებზე მითითება, თქვენი ნაკლები წარმატების გამო სხვების დადანაშაულება ან სხვა წარმატებული ადამიანებზე ცუდად საუბარი, თქვენივე უნარს უთხრის ძირს, რომ შთააგონოთ სხვები. რეალურად კი გვსურს, იმ ადამიანებს მივყვეთ, რომლებიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფენ.
მსახურება და წინამძღოლობა
ქარიზმის ელემენტების დიდი წილი ლიდერობის თამაშის ირგვლივ ტრიალებს. ისინი ადამიანებს კი არ უბრძანებენ, არამედ მათთან ერთად ქმნიან საერთო მიზნის შეგრძნებას. ამის უკან კი არსებული ხარვეზის ერთად გამოსწორების იდეა იმალება. ჯერ უნდა დაიწყოთ იმით, რომ იპოვოთ ეს ხარვეზი, თუ სად არის თქვენი ორგანიზაცია ახლა და სად გსურთ, იყოს. მართალია, ასე შეიძლება პრობლემა გამოვლინდეს, მაგრამ ის უნდა იყოს ორიენტირებული შესაძლებლობაზე, რომელიც ერთობლივმა მუშაობამ შეიძლება, შემოგვთავაზოს.
თუმცა არც უბრალოდ ხარვეზის გამოვლენაა საკმარისი. უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც ხიდის აგებაში დაგეხმარებათ. აქ კი მნიშვნელოვანია სხვების უკუკავშირის მიღება, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება ამ გეგმის განსახორციელებლად გამოიყენონ. დაბოლოს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქარიზმატულობა შრომისმოყვარეობასაც მოიცავს, რათა გახდეთ წარმატებული ხელმძღვანელი…