დისტანციური მუშაობის რეჟიმზე დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ. ზოგი თვლის, რომ ოფისიდან მუშაობა მეტად პროდუქტიულია, თუმცა თანამშრომელთა უმრავლესობა, დისტანციურ მუშაობაში სულაც ვერ ხედავს ამის პრობლემას. ფიქრობენ კიდეც, რომ ოფისში დაბრუნების იდეები პროდუქტიულობის პრობლემებს ვერ გადაჭრის. ყველაფრის მიზეზი კი ქაოტური სამუშაო ადგილის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაა…
Forbes Advisor-ის გასული წლის კვლევის თანახმად, საშუალოდ თანამშრომლები სამუშაო კვირის 20 საათს ციფრული საკომუნიკაციო ხელსაწყოების გამოყენებას უთმობენ. იმის გამო, რომ აღნიშნული ხელსაწყოები საკმაოდ ხელმისაწვდომია, თანამშრომელთა 58% გრძნობს საჭიროებას, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ. შედეგად, ისინი გამოფიტვის გაუარესებულ სიმპტომებზე საუბრობენ, პროდუქტიულობის კლებაზე არაეფექტური კომუნიკაციის გამო და სტრესის, რომელსაც იმის განსაზღვრისას იღებენ, თუ როგორ შეარჩიონ შესაბამისი ტონი პასუხის გაცემისას.
ამგვარად, მართალია, ეს ხელსაწყოები დისტანციური მუშაობის შესამსუბუქებლად შეიქმნა, მაგრამ რეალურად, პირიქით, უარყოფითად ზემოქმედებს პროდუქტიულობაზე. სწორედ ამის გამო ურჩევენ დასაქმებულებს „გამიზნულ მოუქნელობას“ მიმართონ.
და რას ნიშნავს ეს? „გამიზნული მოუქნელობის“ მკაცრი საზღვრების დაწესებას ეხება, რათა ჩვენი დრო ყურადღების გამფანტავი საკითხებისგან, უსარგებლო შეხვედრებისა და კომუნიკაციით გადატვირთვისგან დავიცვათ. ეს საათები კი ჩვეულებრივ შეგიძლიათ შემოქმედებით საქმეებს დაუთმოთ ან თუნდაც დრო გაატაროთ კოლეგებთან, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა.
აღნიშნული საკითხები მოიცავს დღის ყველაზე პროდუქტიული საათების დაცვას და დარწმუნებას იმაში, რომ ამ დროს რეალური სამუშაოსთვის ვიყენებთ, რომ დაგეგმილ საქმეებს ენიჭება პრიორიტეტი და არა, შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებას. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ესეც საქმის ნაწილია, თუმცა ის, რაზეც ვსაუბრობთ, უფრო მეტად იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ამბობენ, რომ 35-საათიანი სამუშაო კვირიდან 30-ს შეხვედრებს უთმობენ…
როგორ დავნერგოთ „გამიზნული მოუქნელობა“?
პირდაპირ გეტყვით, პრაქტიკაში ამის გამოცდა არც ისეთი მარტივია — ზოგიერთმა ცუდი ჩვევების მქონედ შეიძლება ჩაგთვალოთ ან არაგუნდურ მოთამაშედ, მაგრამ თუ კოლეგებს გაესაუბრებით ამის რეალურ საჭიროებაზე, ისინი მალევე გაგიგებენ.
„გამიზნული მოუქნელობა“ ყველასთვის განსხვავებულად გამოიყურება. შესაძლოა, ეს იმის განსაზღვრას ჰგავდეს, თუ რაზე იტყვით „კი“-ს და რაზე „არა“-ს, მაგალითისთვის თუ მხოლოდ იმ შეხვედრებს დაესწრებით, რომლებიც თქვენს მიზნებს ესადაგება და არა, რაღაც უცბად დაგეგმილს… შესაძლოა, არასასურველ ან დაუგეგმავ სატელეფონო ზარებზეც თქვათ უარი, ელ.ფოსტები კი მხოლოდ დღის ბოლოს შეამოწმოთ. თუმცა ბუნებრივია, ყველა პოზიციისთვის ეს მიდგომა არ გამოდგება…
და რას იტყვით ჩვენი დროის მხოლოდ 25% რომ დავუთმოთ კომუნიკაციას, 75% კი რაღაცების შექმნას, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფთან ერთად? დიახ, ასე პროდუქტიულობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„ყოველი წუთი, რომელსაც ციფრული სამყაროს მართვაში ვატარებთ დროა, რომელიც არ იხარჯება შემოქმედებით სამუშაოზე. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის არის, რასაც ინოვაციებამდე მივყავართ. სამყაროში, რომელშიც კრეატიულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ციფრული სივრცეებიდან მიღებული უამრავი ინფორმაცია, რომელთან გასამკლავებლადაც ადამიანებს არც საკმარისი დრო და არც ენერგია აქვთ, რაღაც მოუხერხებელზე მეტია და ბიზნესზეც ზემოქმედებს“, — ვკითხულობთ Work Trend Index-ში.
ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ვირტუალურ შეხვედრებსა და უცბად მიღებულ შეტყობინებებს თქვენი დროის წართმევის შესაძლებლობა მისცეთ, შეგიძლიათ, სასწრაფო საქმისთვის სატელეფონო ზარს მიმართოთ, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები ელ.ფოსტით მოაგვაროთ. იმაზეც დაფიქრდით, რეალურად საჭიროა თუ არა შეხვედრა… დააწესეთ მკაცრად თქვენი საზღვრები და ასე პროდუქტიულობაც გაუმჯობესდება.