შეცდომის დაშვება და თავდაჯერების დაკარგვა ერთია ხოლმე… არადა რეალურად ამ უნარის შენარჩუნებაზეც უნდა ვზრუნავდეთ, რადგან საკუთარი თავის რწმენა წარმატების მიღწევაში გვეხმარება, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. თავდაჯერების გასაზრდელად რამდენიმე მეთოდიც არსებობს, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ:
1. არ შეადაროთ თავი სხვებს
ხშირად იმ ადამიანებს ადარებთ თავს, რომელთაც ინსტაგრამზე ათვალიერებთ? თუ მეგობრის ხელფასს, საკუთარ შემოსავალს?! სოციალური შედარების თეორია გვეუბნება, რომ ეს ნორმალურია, თუმცა თავდაჯერების გაზრდაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ეჭვებს აჩენს და რაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს, მით უფრო ცუდად ვგრძნობთ თავს. ამიტომ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს და ცხოვრება შეჯიბრი ნამდვილად არ არის. თუ მაინც სხვას ედრებით, კარგი იქნება, აქვე თქვენს ძლიერ მხარეებსა და წარმატებებსაც თუ შეახსენებთ საკუთარ თავს. ამ უკანასკნელისთვის დღიურის წარმოებაც გამოგადგებათ.
2. ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ
დაფიქრდით, როგორ გაგრძნობინებენ თავს თქვენი მეგობრები, უკეთეს ხასიათზე გაყენებენ თუ არა, განგსჯიან თუ პირიქით? ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენი თავის მიმართ თქვენსავე აზრებსა და დამოკიდებულებებზე ზემოქმედებენ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას აცნობიერებთ… ამგვარად, თუ კონკრეტული პირი თავს ცუდად გაგრძნობინებთ, დამშვიდობების დროა. იმ ადამიანებს დაუთმეთ დრო, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებთ და ეს თქვენს თავდაჯერებაზეც დადებითად აისახება.
3. იზრუნეთ თქვენს სხეულზე
რთულია, საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, როცა საკუთარი სხეული არ მოგწონს. გამოსავალი კი თავის მოვლაშია, იმის ცოდნაში, რომ რაღაც კარგს აკეთებთ თქვენი გონებისთვის, სხეულისა და სულისთვის, შედეგად კი მეტ თავდაჯერებას მიიღებთ. ამგვარად, იკვებეთ ჯანსაღად, ეს თავს უფრო ძლიერად და ენერგიულად გაგრძნობინებთ. ივარჯიშეთ, რადგან ასე თავდაჯერებას გაზრდით. თუ გსურთ, მედიტაციასაც მიმართეთ და ეცადეთ, ხარისხიანად გამოიძინოთ.
„სხეულზე ზრუნვა უბრალოდ იმას არ ნიშნავს, რომ კარგად გამოიყურებოდეთ… როცა საკუთარ თავსა და თავის მოვლას აქცევთ პრიორიტეტად, სამყაროს ეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი ხართ, რაც სხვებსაც იმავეში არწმუნებს“, — ჰანა ოუენსი, LMSW.
4. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ
როცა შეცდომას დაუშვებთ, დამარცხდებით ან რაღაც ისე არ გამოგივათ, როგორც გინდოდათ, ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. ეს ემოციურად მეტად მოქნილს გაგხდით, გააუმჯობესებს კავშირს როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან.
5. ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში
ნეგატიური საუბრები თავდაჯერებაზე უარყოფითად მოქმედებს, ასე საკუთარ თავს ქვეცნობიერად არწმუნებთ, რომ რაღაც თქვენთვის ზედმეტად რთულია და ვერ გაუმკლავდებით. ამიტომ, კონკრეტული ფრაზები პოზიტიურით ჩაანაცვლეთ:
- მე ვერ გავუმკლავდები / ეს შეუძლებელია —> მე ამას შევძლებ / უნდა ვცადო.
- ვერაფერს ვაკეთებ სწორად —> შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა / სულ მცირე აქედან რაღაც ვისწავლე.
- მეზიზღება საჯაროდ საუბარი —> არ მომწონს საჯაროდ საუბარი / ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.
6. გაუმკლავდით თქვენს შიშებს
თავი დაანებეთ თავდაჯერებულობის ლოდინს იმისათვის, რომ სამსახურში დაწინაურება მოითხოვოთ ან ვინმე პაემანზე დაპატიჟოთ. ამას კი თქვენი შიშების წინ წამოწევითა და მათთან გამკლავებით მოახერხებთ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ეს უბრალო ექსპერიმენტია, შემდეგ კი ნახეთ, რა მოხდება. ამის თქმა კი ბევრად მარტივია, ვიდრე შესრულება, მაგრამ პროცესში პატარა გამარჯვებებიც კი დიდ შედეგს გამოიღებს.
7. გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით
აბა, დაფიქრდით, რა ხდება, როცა იმას აკეთებთ, რაც კარგად გამოგდით? თავდაჯერება მატულობს, თქვენი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საკუთარი თავის რწმენასაც აუმჯობესებს. ამგვარად, ცხოვრებითაც უფრო კმაყოფილი ხართ. ამიტომ, თუ ფეხბურთი განიჭებთ სიამოვნებას, ეცადეთ, კვირაში მინიმუმ ერთხელ ითამაშოთ, თუ სამსახურში კონკრეტული დავალება, ეცადეთ, უფრო მეტად აკეთოთ, რადგან ასე თავდაჯერებულობას გაზრდით.
8. იცოდეთ, როდის თქვათ „არა“
უარის თქმა იმ საქმეებზე, რომლის კეთებაც თქვენს თავდაჯერებაზე უარყოფითად აისახება, სასარგებლოა. თუმცა, იმას არ გეუბნებით, რომ დისკომფორტს ყოველთვის თავი უნდა აარიდოთ, პირიქით, ეს პიროვნული ზრდის პროცესის ნაწილია. მიუხედავად ამისა, არაფერია ცუდი საკუთარი საზღვრების ცოდნასა და მათ დაცვაში. სოციალური და ემოციური საზღვრების დაწესებით ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.
9. დააწესეთ რეალური მიზნები
ბუნებრივია, რომ რთულად მისაღწევი მიზნების დაწესებით და შემდგომ წარუმატებლობით ამ გზაზე თავდაჯერების დონეები მცირდება. გამოსავალი კი რეალური მიზნების დასახვაშია, ასე მათი მიღწევის შანსებიც იზრდება და თავდაჯერებაც მატულობს. მარტივად წარმოსადგენი რომ გახდეს თქვენთვის, ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ — თუ მიზნად წონის კლება გაქვთ დასახული, იგი კვირაში 1 ან 2 კილოს დაკლებად გარდაქმენით.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს! თავდაჯერებული ადამიანები სხვების წარმატებითაც ბედნიერები არიან, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რისკებზე წასვლაც სურთ, ბევრსაც იცინიან, სწავლობენ და ვითარდებიან, არც შეცდომების აღიარება უჭირთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება…












