in

როგორ გავხდეთ უკეთესი თანამოსაუბრე? — 3 მეთოდი

M2
M2

ყველა ჩვენგანი ყოფილა მსგავს სიტუაციაში ერთხელ მაინც, როცა მეგობარს ხვდებით და სასიამოვნო საუბრის გაბმას ცდილობთ… თუმცა ხან მისი ტელეფონი რეკავს, ხანაც უბრალოდ სოციალურ ქსელებს ამოწმებს. რეალურად, სცენარის ორივე მხარე ნაცნობი უნდა იყოს — და როგორი უვნებელიც უნდა ჩანდეს ის, ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობებისთვის ყურადღების ამგვარი გაფანტვა ძალიან საზიანოა.

მეორე მხრივ, აქტიური მოსმენა, როდესაც მთლიანად თანამოსაუბრეზე ვართ ფოკუსირებული, კონფლიქტების მოგვარებასა და ნდობის ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ამასთან, ნებისმიერი უნარის მსგავსად, აქტიური მოსმენის განვითარებაც შეიძლება, რისთვისაც სტატიაში შესაბამისი რჩევებია მოცემული:

1. გადადეთ ტელეფონი (და ყველაფერი, რაც კონცენტრაციაში ხელს გიშლით)

როდესაც მრავალ საქმეზე ვართ ფოკუსირებული და ინფორმაციის მრავალ ნაკადს ვფარავთ, ყურადღებას სათანადოდ ვერ ვანაწილებთ. უბრალოდ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, როგორ საქმეებზე ვსაუბრობთ — მაგალითად, ქსოვა და ტელევიზორის ყურება ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ხოლო, როდესაც ამოცანები უფრო რთულია — თუნდაც, დეპრესიაში მყოფ მეგობართან საუბარი და გამოცდისთვის მომზადება, ორივეს სრულფასოვნად ვერ გავაკეთებთ.

თუ ნამდვილად გსურთ, აქტიური, ემპათიური მსმენელი იყოთ, ყველანაირი გაჯეტი უნდა მოიშოროთ თავიდან და მთელი ყურადღება საუბარს დაუთმოთ. ამავდროულად, როგორც ერთ-ერთი კვლევა მოწმობს, ყურადღების გაფანტვას ყოველთვის გარეგანი ფაქტორები არ იწვევს — როდესაც ფოკუსი დღევანდელი მომენტიდან შინაგან აზრებსა და გრძნობებზე გადადის, განწყობა და ინფორმაციის აღქმა ქვეითდება.

2. დაიმახსოვრეთ, რასაც ისმენთ

აქტიური საუბრის დიდ ნაწილს მოსმენა წარმოადგენს, მაგრამ საუკეთესო მსმენელები „უძრავი ქანდაკებები“ არ არიან — მათ იციან, რა და როდის უნდა თქვან.

აი, რა უნდა გააკეთოთ:

  • დასვით კითხვები. დამაზუსტებელი კითხვების დასმით, ადამიანს აცნობებთ, რომ ყურადღებას აქცევთ და უფრო ღრმა საუბარი გსურთ.
  • შეაჯამეთ. სხვისი მონაყოლის პერიოდულად თქვენი სიტყვებით შეჯამება დაგეხმარებათ, კომპანიონს აგრძნობინოთ, რომ ყველაფერს საფუძვლიანად უსმენთ და იგებთ.
  • მოუსმინეთ განსჯის გარეშე. აუცილებლად აგრძნობინეთ მეგობარს მხარდაჭერა და უსაფრთხოება, ნაცვლად კრიტიკისა. ეს ნიშნავს მათი რწმენის, ღირებულებების და გამოცდილების მიღებას, თუნდაც თქვენგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ.

3. გამოიყენეთ არავერბალური მინიშნებები

არავერბალური ნიშნები კომუნიკაციის დიდი ძალაა — უბრალო თავის დაქნევაც კი კარგი გზაა იმის დასტურად, რომ ყველა სიტყვას ყურადღებით უსმენთ. გარდა ამისა, მსგავსი კომუნიკაცია მოიცავს სახის გამომეტყველებებს, სხეულის მოძრაობებს, პოზას, თვალის კონტაქტს და შეხებას, რომლებიც ისეთივე ეფექტური და ძლიერია, როგორც სიტყვიერი გამხნევება.

რეალურად, სახის გამომეტყველება ჩვენს შინაგან მდგომარეობას ასახავს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია სოციალური ურთიერთობებისთვის. თანაც, მის განვითარებას ადრეული ასაკიდან ვიწყებთ. რაც შეეხება თვალის კონტაქტს, ის ფუნდამენტური არავერბალური კომუნიკაციის უნარია — მიანიშნებს ჯანსაღ კავშირზე და დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე.

ყველაფერი, რაც 2023 წელს ინფლუენსერ მარკეტინგის შესახებ უნდა იცოდეთ

10 დანამატი ბრაუზერისთვის, რათა ვიდეოები და ფოტოები მარტივად გადმოწეროთ