in

ქართველი ფოტოგრაფები გვიყვებიან, როგორ გავყიდოთ ფოტოები

წარმოიდგინე, რომ ორი საუკუნის წინ, ფოტოს გადასაღებად, რამდენიმე საათი იყო საჭირო. თანამედროვე მსოფლიოში კი, ყოველწამიერად უამრავი ფოტო იქმნება. დღეს, ყოველწამიერად, ადამიანები 54,000-ზე მეტ ფოტოს იღებენ. სიჭარბის მიუხედავად, კვლავაც დიდია მოთხოვნა ხარისხიან ფოტოებზე და ფოტოგრაფებიც შემოსავლის მიღების წყაროებით აქტიურად ინტერესდებიან. რაზეა დამოკიდებული და როგორ განვსაზღვროთ საკუთარი ფოტოს ღირებულება? როგორ აღვიქვათ საკუთარი ფოტო, როგორც პროდუქტი? ქართველი ფოტოგრაფები – გიორგი მამასახლისი, ზაქარია ჭელიძე და გიორგი შერმაზანაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვებიან. ჩვენ კი, რამდენიმე პლატფორმაზეც გიამბობთ, სადაც თქვენი ფოტოების განთავსება და გაყიდვა შეგიძლიათ.

გიორგი მამასახლისი: „შენი ფოტოს ან ფოტომომსახურების ფასს განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი, ესენია: შენი ცნობადობა, როგორც ავტორის, შენი ფოტოების განთავსება სხვადასხვა უცხოურ გამოცემასა თუ ფოტოგალერეაში, უკვე შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ასევე, სოციალურ ქსელში გამომწერთა რაოდენობა (არ ვიცი, ეს სასიხარულო თუ სამწუხარო ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ მოქმედებს). ამას გარდა,, კონკრეტულ ჟანრში გაარკვიე საბაზრო ღირებულება და იმის მიხედვით შეადგინე შენი ფასი, თუ რამდენად აკმაყოფილებს ზემოთ დაწერილ კრიტერიუმებს. ერთს გეტყვი და გთხოვ, არასოდეს არ გადაიღო უფასოდ. ამით, ძლივს შეკოწიწებულ ქართულ ფოტობაზარს დაძირავ…

ფოტოს გასაყიდად შეფუთვა და განთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ მე კომერციული ფოტოგრაფი ვარ და უშუალოთ დამკვეთი ან სარეკლამო სააგენტო პირდაპირ მაძლევს დავალებას, ამიტომაც საიტებიდან “სტოკ” ( ანუ უნივერსალური) ფოტოების გაყიდვის გამოცდილება არ მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გინდა ამ საქმით ფულის კეთება, საჭიროა პორტფოლიოს ქონა. სადაც მყიდველი მიხვდება შენს სტილს, სიღრმეს, ხარისხს და ზოგადად გაიგებს, თუ ვინ ხარ.“

Photo: Mike Mekh

ზაქარია ჭელიძე: როგორ შევფუთოთ ფოტო გასაყიდად? ამ შემთხვევაში, საუკეთესო ფოტოები უნდა შევარჩიოთ, რომლებიც ჩვენს ხელწერას სათანადოდ გამოხატავს. შეგვიძლია, ფოტოს მივუთითოთ კონკრეტული ზომა და ფასიც – შესაბამისი, ისე, რომ ზომის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდეს მისი ღირებულება. ასევე, ფოტო რომ ორიგინალად ითვლებოდეს, მნიშვნელოვანია მივუთითოთ რაოდენობა. რას ვგულისხმობ? მაგალითად, შერჩეულ ფოტოზე განვაცხადოთ, რომ ცხოვრების მანძილზე მის მხოლოდ 20 (პირობითად) ეგზემპლარს დავბეჭდავთ. შესაბამისად, მყიდველს ეცოდინება, რომ შეზღუდული სერიიდან ყიდულობს ნამუშევარს, ავტოგრაფითურთ.

რაც შეეხება კონკრეტულ პლატფორმებს, ამ დროისათვის, გალერეა „კონტეინერი“ აერთიანებს ფოტოგრაფებს, უკრაინელების დასახმარებლად. თავად უზრუნველყოფს ბეჭდვასაც და მიწოდებასაც. ასევე, არის პლატფორმა Lens, რომელიც ქართველ ფოტოგრაფებს უწევს პოპულარიზაციას. შეგიძლიათ მიმართოთ გალერეებსაც (მაგალითად, Magnolia Lab).

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თავად ფოტოების ყიდვის კულტურა შეიცვალოს. ხალხმა იცის, რომ ნახატის ყიდვა შეიძლება, თუმცა ზოგს ვერ წარმოუდგენია ფოტოს ყიდვა.

რაც შეეხება ფოტოს ციფრულ ვერსიას, მე არ ვარ მისი გაყიდვის მომხრე, რადგან გადაგზავნას საჭიროებს, თუმცა გამიკეთებია უცხოურ ბაზარზე, ვინაიდან ტრანსპორტირება ძალიან ძვირი ჯდებოდა. ასეთ შემთხვევაში, შეგძლიათ გააფორმოთ კონტრაქტი, იმ პირობით, რომ მყიდველი ფოტოს მხოლოდ ერთხელ დაბეჭდავს. ცხადია, ბოლომდე დაცული ასეთ შემთხვევაშიც არ ხარ.

აშშ-ში საკმაოდ ხშირად გამიყიდია. იქ ფოტოს ყიდვის კულტურა საკმაოდ მაღალია, რაც საკმაოდ დიდი ხელშეწყობაა ფოტოგრაფისთვის.

გიორგი შერმაზანაშვილი: „ფოტოების გაყიდვის ბევრი საშუალება არსებობს. არის როგორც ელექტრონული ფაილების გაყიდვის პლატფორმები ასევე ფიზიკურად დაბეჭდილი ფოტოების ე.წ. ბაზარი. ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მომხმარებელს მიაწოდო ხარისხიანი და აზრიანი ფოტოები. ფოტო უმეტესად არამხოლოდ ვიზუალია, არამედ ის რაღაც აზრს გადმოსცემს და ხან მეტყველებაც კი შეუძლია, აღვიძებს ემოციებს და ინახავს ისტორიას. ამიტომ თუ სოციალურ ქსელში ხშირად ვიზუალით დატვირთული ფოტო იმარჯვებს. მიუხედავად ამისა, რეალობაში დასაბეჭდად და ინტერიერისათვის ხშირად სხვა კრიტერიუმით არჩევენ ფოტოებს. ასევე, არსებობს ის, რაც ფოტოს ავტორმა ყველაზე უკეთ იცის – ფოტო აღწერით ყვება ამბავს.

ფოტოების ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს ლიცენზიას, რომელსაც ჩვენთან, ჯერჯერობით, კარგად არ იცნობენ და საავტორო უფლებების კუთცითაც ბევრი ხარვეზებია. თუმცა ცნობიერების გაღვივებაც იგრძნობა განსაკუთრებით დიდ და თანამრდროვე კომპანიებში და შესაბამის ყურადღებასაც უთმობენ.

როგორც არ უნდა განვითარდეს ეს სფერო და ბაზარი, მაინც არასოდეს არ იკარგება რეალური არსი ფოტოგრაფიის რომელიც ამბებს ჰყვება. ზუსტად ამიტომ, ფოტოგრაფიის ბიზნესის ფესვები ჰობია.“

თუკი ფოტოების გაყიდვით ხართ დაინტერესებული, აქვე, გიზიარებთ საერთაშორისო პლატფორმებს, სადაც თქვენი ნამუშევრების განთავსება შეგიძლიათ.

Alamy – ფოტოგრაფიის ბრიტანული სტოკ პლატფორმაა, რომელზეც 1999 წლიდან მოყოლებული, 60 მლნ-ზე მეტი ფოტო და ვიდეოა განთავსებული. პლატფორმის საკომისიო საკმაოდ დიდია – გაყიდული ნამუშევრის 50%. ასევე, პლატფორმის დამფუძნებლებს სურთ, რომ კონტენტი ექსკლუზიურად მათთან იყიდებოდეს. ფაქტია, Alamy საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

iStock არის Getty Images-ის მიკროსტოკი. მშვენიერი პლატფორმაა დამწყებთათვის, თანაც საკმაოდ პოპულარული. მას აქვს ფორუმები და რესურსები, საიდანაც შეისწავლით, როგორ გაყიდოთ ფოტოები ინტერნეტით. iStock-ის საკომისიო 15%-ს შეადგენს, ფოტოს ყოველი ჩამოტვირთვიდან. თქვენი ფოტოების პოპულარობის ზრდასთან ერთად, საკომისიოც იცვლება.

Shutterstock – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტოკ-პლატფორმაა. მასზე 184 მილიონი ფოტო და 91 მილიონი ვიდეოა განთავსებული. Shutterstock-ზე ფოტოების განთავსება გაყიდვიდან 30% დაგიჯდებათ. საკომისიო ფოტოების ზომაზეცაა დამოკიდებული. Shutterstock-ის შემთხვევაში, კარგი ისაა, რომ საავტორო უფლებებს ინარჩუნებთ და ნამუშევრების სხვაგან გაყიდვაც შეგიძლიათ.

Dreamstime-იც კარგია, თუ დამწყები ხართ. მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი და საკმაოდ მარტივი მოთხოვნები მიმზიდველია ფოტოგრაფებისთვის. აქ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი გალერეები და თავად გაუწიოთ კურატორობა, თუმცა ყველაფრის გაყიდვა არ შეგიძლიათ. განთავსებული ნამუშევრები აქაც გაივლის შემოწმებას. Dreamstime-ზე საკომისიო გაყიდულიდან 25% დაგიჯდებათ.

Getty Images – ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა ფოტოების გასაყიდად. კომპანია 1995 წელს დაფუძნდა. თუკი, სხვა პლატფორმებზე სულ რამდენიმე დოლარად შეიძენთ ფოტოს, Getty Images-ზე ლიცენზიის ყიდვა დაგჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ ფოტოში იხდით ფულს, არამედ სხვადასხვა პლატფორმაზე (როგორც ბეჭდურ, ასევე, ციფრულ) მათ გამოყენებაში. შესაბამისად, პლატფორმაზე მოხვედრა არც ისე მარტივია. განაცხადის შესავსებად, 6 ფოტო უნდა გაგზავნოთ, რათა კომპანიამ განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება თქვენი ნამუშევრები მათ პლატფორმას.

Fotolia-ზე 57 მილიონზე მეტი ფოტოა განთავსებული. 2014 წელს, პლატფორმა Adobe Stock-მა შეიძინა და თავის შემოქმედებით ქლაუდ სერვისში დაამატა. თუკი სხვა პლატფორმებზე ანაზღაურების ლოდინი მოგიწევდათ, აქ შემოსავალი მყისიერად აისახება.

BigStock, ერთი შეხედვით, Shutterstock-ს, Dreamstime-სა და iStock-ს ჰგავს. თუმცა, სხვაობა გადახდის სისტემაშია. ადამიანებს ფულის გამომუშავების რამდენიმე მეთოდით სარგებლობა შეუძლიათ. საბონუსე სისტემა განსხვავებულია, გაყიდული ფოტოს ზომის მიხედვით. ამავდროულად, რაც მეტია თქვენი კონტენტის გაყიდვის რიცხვი, მით უფრო იზრდება თქვენი შემოსავალი.

Canstock Photo-ზე ფოტოების ატვირთვა ბევრად მარტივი მექანიზმია და საკვანძო სიტყვების შერჩევითა და სხვა დეტალების მითითებით ნაკლებად დაიღლებით. ერთჯერად გადმოწერაზე, მცირე ზომის გამოსახულების შემთხვევაში, $1-ს მიიღებთ, დიდი ზომის ფოტოზე – $2.5-ს.

Stocksy – პლატფორმას საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს. საკმაო შრომის გაწევა დაგჭირდებათ, ამ ვებგვერდისთვის შესაბამისი ნამუშევრები რომ მოძებნოთ. ამას გარდა, პლატფორმა ითხოვს, რომ კონკრეტული ფოტოები მხოლოდ მათთან გაყიდოთ. სამაგიეროდ, ნამუშევრიდან საკმაოდ დიდი წილი გხვდებათ – 50-70% – შემოსავლის სახით.

Canva-ს, როგორც წესი, გრაფიკულ დიზაინსა და რედაქტირებისას იყენებენ. პლატფორმა ფასიან სერვისებსა და სტოკ ფოტოებსაც სთავაზობს მომხმარებლებს. შესაბამისად, ის საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვისაც. აქ ფოტოების გაყიდვა საკმაოდ ადვილია და დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვიც საკმარისად დიდია.

EyeEm – თუ ფოტოგრაფია კომერციული მიზნით გაინტერესებთ, ეს პლატფორმა გამოგადგებათ. ფოტოების გაყიდვა სხვადასხვა ლიცენზიით შეგიძლიათ – Social, Web და Full. განსხვავებულია მათი ფასებიც და შესაბამისად, $20, $50 და $250-ს შეადგენს. EyeEm-ის საკომისიო 50%-ია.

Etsy-ზე ხელნაკეთი პროდუქტები იყიდება. პლატფორმას 30 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შეგიძლიათ გაყიდოთ როგორც ნამუშევრის ციფრული, ასევე, ფიზიკური ვერსია.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ადაპტირდეთ ახალ სამსახურში, თუ წინა კომპანიაში დიდი დრო გაატარეთ?

NASA გრავიტაციულ ტალღებს Fermi-ს ტელესკოპით იკვლევს