in

ახალი კვლევა — როგორ გავრცელდა ენები 10 000 წლის წინ?

“ამ ენათა ოჯახის ფესვი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების საწყისშია”

დღეისათვის მონღოლეთის, კორეისა და იაპონიის თანამედროვე ენებს ბევრი საერთო არ აქვს. თუმცა ლინგვისტიკის, არქეოლოგიისა და გენეტიკის გაერთიანებული მონაცემების თანახმად, ამ ენების გავრცელება მჭიდრო კავშირშია ისეთი კულტურების განვითარებასა და გავრცელებასთან, როგორიცაა ფეტვი და ბრინჯი.

M2
M2

“ამ ენათა ოჯახის ფესვი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების საწყისშია” — ამბობს მარტინა რობიტსი, კაცობრიობის ისტორიის ინსტიტუტის ლინგვისტი. ტრანსევრაზიული ენების ჯგუფის არსებობა საკამათო იყო მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა პირველად გამოთქვეს ვარაუდი, რომ იაპონური, კორეული, ტუნგუსური, მონღოლური და თურქული ენების ენობრივი ჯგუფები, შესაძლოა, ერთი უძველესი ლინგვისტური წყაროდან მომდინარეობდეს. მკვლევრები კი ათწლეულების განმავლობაში კამათობდნენ, რამდენად უკავშირდებოდა მსგავსი ენობრივი ფესვები ხაზოვან ევოლუციას.

ინტერდისციპლინარული მიდგომა

რობიტსი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ამ ენებს საერთო ფესვის აქვს. გასულ თვეში ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მარტინა საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფთან თანამშრომლობდა. ჯგუფი სამ ნაწილად დაიყო, რომელთაგან თითოეული მტკიცებულებების განსხვავებულ ხაზს იკვლევდა: ლინგვისტები, არქეოლოგები და გენეტიკოსები.

ლინგვისტური გუნდი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. მაგალითად, იაპონური და თურქული ჯგუფების უძველესი წერილობითი წყაროები ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით თარიღდება. ხოლო კორეული ენა წერილობით წყაროებში მე-15 საუკუნემდე არ არის ნახსენები — ანუ იქამდე, ვიდრე საკუთარ ანბანს შექმნიდნენ. შესაბამისად, ამ ენების ფესვების შესასწავლად მკვლევრებს დროში “უკუღმა მუშაობა” დასჭირდათ, რათა სიტყვებისა და ბგერების ნარჩენები გამოეკვლიათ.

ამისათვის, მეცნიერებმა მსგავსი სიტყვებისა და ბგერების მონაცემთა ბაზა და მოდელი შექმნეს, რაც ტრანსევრაზიული ენების სხვადასხვა განშტოებების ვადებს აფასებდა. მთელ ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ფერმენტაციას, ფეტვის მოყვანას, ქსოვასა და ტექსტილის წარმოებას დაეთმო. ამ მოდელის თანახმად, ენების საერთო წინაპარი 9000 წელზე მეტი ხნის წინ, დასავლეთ ლიაოში, დღევანდელ აღმოსავლეთ ჩინეთში გაჩნდა. 

“არსებობს ძირითადი ლექსიკა, არის რეგულარული ბგერითი შესატყვისები. ამ ენებს საერთო მორფოლოგია აქვს. ჩვენი მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელი ხდება იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ნასესხები არ არის. ზოგიერთი სიტყვა, როგორც ჩანს, საერთო საგვარეულო ენის ნარჩენია, რომელსაც ჩვენ პროტოტრანსევრაზიულს ვუწოდებთ” — განმარტავს რობიტსი.

არქეოლოგიური ძიებანი

ამ დროს გაჩნდა კითხვები: ვინ არის ეს ხალხი? და რა მოხდა დაახლოებით 9000 წლის წინ დასავლეთ ლიაოს მდინარეში? არქეოლოგიური მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ფეტვის კულტურა სწორედ ამ პერიოდში დაიბადა. მკვლევრებმა 255-მდე არქეოლოგიური ადგილი შეისწავლეს, რომელიც გვიანი ქვის  და ბრინჯაოს ხანით თარიღდება, კორეაში, რუსეთში, იაპონიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. შედეგად, ირკვევა, რომ ფეტვის კულტურა, რომელიც დასავლეთ ლიაოს რეგიონში გამოჩნდა, ჯერ კორეაში დაიწყო 6500 წლის წინ, შემდეგ კი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, 5000 წლის წინ. “ფეტვის მოყვანის თარიღი და გავრცელება ემთხვევა ენების გავრცელებას” — ამბობს მარტინა.

ბრინჯი დაახლოებით 3500 წლის წინ შევიდა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამედროვე საზღვრის მახლობლად. შემდეგ კი მთელ კორეასა და იაპონიაში გავრცელდა. ამ დროისათვის იაპონიაში უკვე ფეტვის 2900 წლიანი ტრადიცია არსებობდა.

მაგრამ ალექსანდრე ვოვინი, საფრანგეთის სოციალურ მეცნიერებათა გაღრმავებული სწავლების სკოლის ენათმეცნიერი, ამტკიცებს, რომ ენა ყოველთვის არ ვრცელდება სოფლის მეურნეობასთან ერთად. იგი ფინო-უნგრული ენების ჯგუფზე მიუთითებს, რომელშიც შედის თანამედროვე ესტონური, ფინური და უნგრული. მისი თქმით, ამ ენებზე მოლაპარაკეები ევრაზიიდან შემოსული მეთევზეები იყვნენ. ანალოგიურად, ნა-დენის ენები, როგორიცაა ნავახო, არ გავრცელებულა სოფლის მეურნეობაში.

გენეტიკის კვლევა

კვლევის მესამე მნიშვნელოვან ნაწილს გენეტიკა წარმოადგენს. მეცნიერებმა მთელი რეგიონის მასშტაბით უძველესი ადამიანის ნაშთებიდან შეაგროვეს ნიმუშები და დაადგინეს, რომ გენეტიკური მტკიცებულებები ოდნავ კომპლექსურია, ვიდრე არქეოლოგიური და ლინგვისტური.

მაგალითად, იაპონიაში ბრინჯაოს ხანაში კორეიდან გენების დიდი ნაკადი ფიქსირდებოდა. ამ შემოდინებამდე, გენები, ძირითადად, ჯომონის წინაპრებისგან წარმოიშვა — ჯგუფისგან, რომელიც იაპონიის არქიპელაგზე წინ უსწრებდა ტრანსევრაზიულ გავრცელებას. რობიტსი აღნიშნავს, რომ ჯომონი, სავარაუდოდ, აინუების ოჯახის ენაზე ლაპარაკობდა. “იაპონური ენა შედარებით გვიან გამოჩნდა იაპონიაში, იაპონურ გენებთან ერთად”. 

დავა კვლავ გრძელდება

აღმოჩენა, გარკვეულწილად, საკამათოა… “ტრანსევრაზიული ენა არასწორი სახელწოდებაა, რომელიც რობიტსმა მხოლოდ დისკურსის კონტროლის მიზნით გამოიგონა. როგორც ყოველთვის, ბევრი შეცდომაა და ბევრი მათგანი საშინელიც კია. აქ ბევრი ლამაზი ცხრილი, დიაგრამა და რუკაა, მაგრამ ძალიან ცოტა სიმართლეს შეიცავს” — კრიტიკას გამოთქვამს ვოვინი.

ამის საპასუხოდ, რობიტსი აღნიშნავს, რომ მეტი მტკიცებულებაა საჭირო ტრანსევრაზიული ხალხის გავრცელების, ენისა და სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ არსებული ცოდნის გასამყარებლად.

„საპონერია“: „ბუნების სამკურნალო თვისებები ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოვიტანე“

სახლში თუ აგარაკზე – სად ხვდები ახალ წელს?