შფოთვები ხშირად გაწუხებთ? და ამაზე ვინმეს თუ ესაუბრებით? ფაქტია, რომ ხშირად დაიგნორებას ან მისგან გაქცევას ვცდილობთ, ეს კი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ამ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მართალია, თერაპევტებისა და ექიმების პერსპექტივიდან ვერ გესაუბრებით, მაგრამ ამ გამოცდილების მქონე ადამიანები ერთ რაიმეზე თანხმდებიან — როცა საქმე შფოთვას ეხება, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა შვების საპოვნელად მასზე საუბარია, თუნდაც ეს მეგობარი, პარტნიორი ან თერაპევტი იყოს. დიახ, ყველაფერი ამდენად მარტივია და თუ ასეა:
რატომ არ საუბრობს ადამიანთა უმეტესობა შფოთვაზე?
განსჯა
ხშირად ჩვენ თვითონ იმდენად განვსჯით თავს შფოთვის გამო, რომ ეს ხელს გვიშლის გამოცდილების სხვა ადამიანებთან გაზიარებაში. თავადვე გვგონია, რომ სულელურად ან სასაცილოდ ჟღერს, ამიტომაც, გვეშინია მათაც ასე არ იფიქრონ. ეს კი შედეგად უფრო მეტ შფოთვას გვაძლევს. ამგვარად, შემდეგ ჯერზე, სჯობს თავს შეახსენოთ, რომ მშფოთვარე აზრების ქონა სისუსტის ნიშანი სულაც არ არის. ესაუბრეთ ამაზე თქვენს სანდო მეგობარს და მალე მიხვდებით, რომ უსაფრთხოდ ხართ, სხვებს უყვარხართ და ამის გამო არავინ განგსჯით.
უარყოფა
ჩვენი განსჯები კი აუარესებს შფოთვას, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა სულ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ხშირად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ, მაგრამ რეალურად არსად მიდის, პირიქით, ძლიერდება… ასე ვერც ემოციებს გადმოვცემთ, რაც ბედნიერების შეგრძნების უნარს გვიქვეითებს. აქ კი გამოსავალი საუბარია.
იზოლირება
შფოთვაზე ლაპარაკი ხშირად ისე არ გვინდა, რომ სხვებისგან დისტანცირებას ვამჯობინებთ. რეალურად კი, თუ გამბედაობას მოიკრებთ და ამაზე საუბარს წამოიწყებთ, მალევე იპოვით ადამიანს, რომელსაც თქვენი მსგავსი ისტორია ექნება… სიმართლე ის არის, რომ შფოთვას თქვენი ყურადღება სჭირდება, სურს, მიგანიშნოთ, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და ბარიერებიც დააწესოთ.
რას მოგვიტანს შფოთვაზე საუბარი?
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა კი უფრო კარგად რომ მიხვდეთ მის სარგებელს, გეტყვით, რას მოგიტანთ თქვენს შფოთვაზე სხვებთან საუბარი:
ფიზიკური სიმპტომებისგან გათავისუფლება — შფოთვა სხეულის დაძაბულობას იწვევს, თუმცა რა დროსაც ამ პროცესის გაცნობიერებას დაიწყებთ და სუნთქვაზე კონცენტრირდებით, ყველა ფიზიკური სიმპტომი მოგეხსნებათ.
კონცენტრირების უნარის დაბრუნება — ამ დროს თავში მრავალი ფიქრი გვიტრიალებს, ხოლო რაც უფრო ვაიგნორებთ, მით უფრო ინტენსიური ხდება. საუბარი კი სიტუაციას დადებითად ცვლის, აზრებიც ლაგდება და კონცენტრირებაც მარტივად შესაძლებელი ხდება.
შემოქმედებითი ხედვის დაბრუნება — შფოთვისას მუდმივი ბრძოლისა და გადარჩენის რეჟიმში ვექცევით, რითაც ჩვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვზღუდავთ. ამაზე საუბრის დაწყება კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გვაბრუნებს და ჩვენს შემოქმედებით ხედვასაც აღვიძებს.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად გაქვთ უნარი, დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე… შფოთვისას კი ერთადერთი რაც გჭირდებათ, მასზე საუბარია.