in

როგორ გავუძლოთ ცდუნებას? — 3 სტრატეგია

წლის დასაწყისის ნაცნობი სიუჟეტია — ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაზე ფიქრობთ, კონკრეტული რიცხვიდან ტკბილს რომ აღარ შეჭამთ, ალბათ, ესეც თქვით… თუმცა დილით დონატების სუნი რომ იგრძნოთ, როგორ გაუძლებთ ამ ცდუნებას?! უკვე დიდი ხანია, გვირჩევენ, რომ ამ დროს გრძელვადიან შედეგებზე ვიფიქროთ. აი, მაგალითად, თუ დონატს შეჭამთ, დიაბეტის ან სიმსუქნის რისკები რომ გაიზრდება… ახლა, სავარაუდოდ, იმას ფიქრობთ, რაც ადამიანების ქცევასა და მოტივაციაზე 25-წლიანმა დაკვირვებამ გამოავლინა — რომ ამას ხშირად არავინ აკეთებს…

თუმცა უკვე არც ესაა პრობლემა, რადგან ახალი კვლევა მოკლე ვადებზე ფოკუსირებისკენ მოგვიწოდებს და 3 მიდგომასაც გვაცნობს, რითაც ჩვენი ჯანსაღი არჩევანის ერთგულებას უკეთ შევძლებთ:

1. განიხილეთ მოკლევადიანი შედეგები

ეს მიდგომა 7 კვლევაში გამოცადეს, რაც 4000-ზე მეტ მონაწილეს მოიცავდა. ერთ-ერთ მათგანში უნივერსიტეტის სტუდენტებს ენერგეტიკული სასმელების შემცირებისკენ მოუწოდეს. პირველი გზავნილით უთხრეს, რომ ეს დიაბეტსა და სიმსუქნეს იწვევდა, მეორე გზავნილი კი უფრო მოკლევადიან შედეგებზე იყო ორიენტირებული, რომ ენერგეტიკული სასმლის მიღება შფოთვას, შაქრისა და კოფეინის ცუდ მაჩვენებლებს უკავშირდებოდა — სტუდენტებს, რომლებმაც ამის შესახებ გაიგეს, 25%-ით ნაკლებად გაუჩნდათ მისი მოხმარების სურვილი იმათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ გრძელვადიან შედეგებზე ესაუბრნენ. 

კიდევ ერთ კვლევაში მონაწილეებიდან ზოგს შაქრის მიღების გრძელვადიანი და ზოგს მოკლევადიანი შედეგები გააცნეს, ზოგსაც კი არაფერი უთხრეს უკუჩვენებებზე. შემდგომ უნდა აერჩიათ, ნამცხვრები თუ ჩანთა — მონაწილეები, რომლებიც მოკლევადიან შედეგებს გაეცნენ, 30%-ით ნაკლებად ირჩევდნენ ნამცხვრებს გრძელვადიანი ზიანის მცოდნეებთან შედარებით, ხოლო მესამე ჯგუფისთვის ეს მაჩვენებელი 45%-ით ნაკლები იყო. 

როგორც აღმოჩნდა, ეს მეთოდი სხვა ცდუნებების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად ალკოჰოლი, დაფიქრდით, ჭარბი მიღება რომ ცუდ ძილსა და ნაბახუსევს მოიტანს შედეგად, სწრაფი კვებისთვის კი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაზე ან თუნდაც ხშირ შებერილობაზე იფიქრეთ… 

2. ფოკუსირდით ბედნიერებაზე, რომელიც ჯანსაღ არჩევანს ახლავს

არაჯანსაღ საკვებზე თავის დანებება ერთი საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, შეგიძლიათ თუ არა თავი აიძულოთ, უფრო მეტი ჯანსაღი საკვები მიიღოს? როგორც აღმოჩნდა, ამაში საკვების სარგებელზე კი არა, მის კარგ გემოზე ფოკუსირება დაგეხმარებათ… ამ სტრატეგიით უფრო ჯანსაღ ქმედებებამდეც მიხვალთ, მაგალითად ვარჯიში განვიხილოთ — ერთ-ერთ კვლევაში ის ადამიანები გამოცადეს, რომლებიც დარბაზში რეგულარულად ვარჯიშობდნენ. უმეტესობა კვლავ მყისიერ სარგებელზე ფოკუსირდა ისეთი ქმედებების, როგორებიც ჯანსაღად კვება ან ვარჯიშია, რაც შიდა მოტივაციას ზრდის.

3. დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი

ცალკე გამოწვევაა, რამდენად შეძლებთ თქვენი ჯანსაღი არჩევანის ერთგულებას… პროფესორი მარისა შარიფის კვლევა, რომელიც 5000 ადამიანს მოიცავდა, გვეუბნება, რომ პატარა, რეგულარული ჯილდოები ძალიან დაგვეხმარება ჯანსაღი ქმედებების  ერთგულებაში. მაგალითისთვის ყოველ დღე ვარჯიშისას თქვენ საყვარელ სერიალს 20 წუთი უყურეთ იმის ნაცვლად, რომ მთელი კვირა დაელოდოთ და ჯილდოდ 80 წუთი უყუროთ. თუმცა, გახსოვდეთ, თუ თავს დროზე ადრე დააჯილდოებთ, ამას უკუშედეგი მოჰყვება…

რომ შევაჯამოთ, კვლევა 3 ეფექტურ სტრატეგიას ავლენს: ცდუნების გასაძლებად მოკლევადიანი შედეგებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, ბედნიერების პოვნა გრძელვადიან არჩევანში და საკუთარი თავის დასაჩუქრება გამძლეობისთვის. თანაც ეს სტრატეგიები ნებისმიერ მიზანს შეგიძლიათ, შეუსაბამოთ.

პირველი ქართული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი Senself, ამერიკის პრემიუმ მაღაზიათა ქსელ NEIMAN MARCUS-ში გაიყიდება

OpenAI მომავალ კვირას GPT App Store-ს ჩაუშვებს