მანქანებით ყველაზე გადატვირთული ქალაქების ათეულიდან სამი ბრაზილიას ეკუთვნის. ამიტომ მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ცდილობს გაუთავებელ საცობებს ველოსიპედით გაუმკლავდეს.
ამ კომპაქტური და ჯანსაღი ტრანსპორტის მომხმარებლების წასახალისებლად ბრაზილიის ერთ–ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანია Petrobras–მა ქალაქებში ველობილიკების მახლობლად სპეციალური აპარატები დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც ველოსიპედების საბურავების დაბერვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აპარატი ტემპერატურასა და საათსაც აჩვენებს. მასზე ასევე განთავსებულია Petrobras–ის სარეკლამო ბანერიც. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ აპარატით სარგებლობა სრულიად უფასოა.