როცა იმ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვიყვარს, მოწყენილობას, უსამართლობასა და დაუფასებლობას ერთად ვგრძნობთ… რომ აღარაფერი ვთქვათ შთაგონების ნაკლებობაზე. მით უმეტეს მაშინ, თუ საძულველ საქმეს პერმანენტული ხასიათი აქვს და ყოველდღიურად გვიწევს მასთან გამკლავება.
სტატიაში კი იმის შესახებ მოგცემთ რჩევებს, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ მოცემულობას, ვიდრე მხოლოდ იმ საქმიანობით დაკავდებით, რომელიც რეალურად განიჭებთ სიამოვნებას.
განსაზღვრეთ მიზანი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის განსაზღვრაა. არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურს იცვლით თუ არსებულში გსურთ მდგომარეობის გაუმჯობესება — როცა ზუსტად გეცოდინებათ, რა გინდათ, იქამდე მისასვლელ გზასაც აუცილებლად იპოვით. მაგალითად, თუ 6 თვეში აპირებთ ახალ პოზიციაზე გადასვლას, მკაფიო „კალენდარი“ გექნებათ სამოქმედო ნაბიჯებისთვის.
ყოველდღიურად იფიქრეთ, მიზანზე და იმაზე, თუ როგორ უახლოვდებით მას. ამასთან, უმჯობესია საბოლოო დანიშნულებაზე ფოკუსირება, ნაცვლად დროებითი მოცემულობისა.
გაიუმჯობესეთ უნარები
როდესაც გეზიზღებათ ის, რისი შესრულებაც გიწევთ, მომდევნო სტრატეგიას უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოდგენს. მაგალითად, თუ დაწინაურებასა და მენეჯერის პოზიციის დაკავებაზე ფიქრობთ, გაარკვიეთ და ისწავლეთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ. გახსოვდეთ, რაზეც ფოკუსირდებით, მთელი ენერგიაც იქითკენ მიიმართება.
თანამშრომლებისთვის ბევრი კომპანია უზრუნველყოფს საინტერესო ტრენინგებს, რათა ისინი მეტად განვითარდნენ პროფესიულად. ამ შესაძლებლობის გამოყენება თქვენც შეგიძლიათ — მაგალითად, თუ ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით ხართ დასაქმებული, სამომავლოდ კი ელექტრონული ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ, დახვეწეთ WordPress-ის გამოყენების მეთოდები.
დააწესეთ საზღვრები
ცხადია, ასეთ დროს ბევრი რუტინული დავალების შესრულება უბრალოდ დიდ დაზარებასთანაა დაკავშირებული. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს პიროვნების ბრაზს — ამიტომ, თუ თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაში ხართ, დაელაპარაკეთ უფროსს და აუხსენით, ყველაზე მეტად რომელი საქმე გაღიზიანებთ. რა თქმა უნდა, ამ მიზეზით ყველაფერს ერთიანად ვერ შეეხებით, მაგრამ არის ისეთი დავალებებიც, რომელთა გადანაწილებაც სხვებისთვის შეიძლება. ამგვარად მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ, რადგან ერთგვარ ტვირთვის მოხსნასთან იქნება ასოცირებული.
დაკავდით საყვარელი აქტივობებით
მაშინ, როცა არასასურველი საქმეები გახვევიათ თავს, შეგიძლიათ, მდგომარეობა სასიკეთოდ შემოაბრუნოთ — დაკავდით საყვარელი აქტივობებით და თუ შესაძლებელია, ყველაფერი ამ ჭრილში განიხილეთ. დრო დაუთმეთ ჰობს, რომელიც ყოველთვის გაინტერესებდათ, დაიწყეთ მედიტაცია, ისწავლეთ ახალი ენა, გაიუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარები და კოლეგებთან ურთიერთობა.
ეს დაგეხმარებათ, ყურადღება მხოლოდ ნეგატიური აღქმისკენ არ მიმართოთ და ყოველდღიურობას რაღაც დადებითი ხიბლი შესძინოთ.
გამოიმუშავეთ მადლიერების გრძნობა
მადლიერების პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული მეთოდია ადამიანის საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 2007 წელს რობერტ ემონსმა, დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, თავის გუნდთან ერთად, მადლიერების კვლევა დაიწყო. მათ დაადგინეს, რომ ამ გრძნობის გამოხატვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას.
ამავდროულად, მას დიდი გავლენა აქვს ბედნიერების ზოგად გამოცდილებაზე. აღნიშნული პრაქტიკით დასაკავებლად, ჩამოწერეთ ხუთი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ — წარმოუდგენელია, ყველაფერი ყოველთვის ცუდად იყოს და საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ რაღაც დადებითი არ აღმოაჩინოთ.