დროთა განმავლობაში სმარტფონის ბრაუზერები უამრავი მონაცემით იტვირთება, რაც ხშირად მის შეფერხებულ მუშაობას იწვევს. ზოგჯერ კარგია ისეთი ინფორმაციების შენახვა, როგორიცაა დამახსოვრებული ვებგვერდები ან მეილები, მაგრამ უმეტესწილად არასაჭირო მონაცემები გროვდება და ტყუილად ანელებს ანდროიდს — ზოგიერთი ქუქი-ფაილი ან ქეში შეიძლება იმ ვებგვერდიდან იყოს მიღებული, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ეწვიეთ.
ზოგადად, ქუქი-ფაილებს აქტიურად იყენებენ კომპანიები თავიანთ საიტებზე, რათა მომხმარებელთა ქმედებებსა და ინტერესებს მეტად დააკვირდნენ — ყველაფერი სტატისტიკად აქციონ, შემდეგ კი ეს სტატისტიკა მარკეტინგულ ენად გარდაქმნან. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ ბრაუზერებს ხშირად გაასუფთავებთ.
Google Chrome
იმისათვის, რომ აღნიშნული ბრაუზერის ანდროიდ ვერსია ქუქი-ფაილებისგან გაწმინდოთ, პირველ ზედა მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ ღილაკს More, რომელიც სამი წერტილითაა აღნიშნული; შემდეგ History და Clear browsing data. ამის გაკეთება ქრომის პარამეტრების მენიუდანაც შეგიძლიათ, სადაც Privacy and Security-ის დააკლიკებთ, შემდეგ კი კვლავ — Clear browsing data.
აქვე აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ძირითად და გაფართოებულ პარამეტრებზე წვდომას გვთავაზობს — მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტყლი დროის მონაკვეთის მიხედვით გაასუფთაონ ბრაუზერი ქუქი-ფაილებისა და ქეშისგან (დასაშვებია ბოლო 24 საათიდან 4 კვირამდე ინტერვალი).
Advanced-ზე დაკლიკვით, წვდომა გექნებათ შენახული პაროლების, ავტომატური შევსების ფორმის მონაცემებისა და საიტის პარამეტრების წაშლაზე. იმის არჩევის შემდეგ, რისი წაშლა გსურთ, დააჭირეთ ლურჯ ღილაკს: Clear data.
Samsung Internet
ამ შემთხვევაში ბრაუზერის ქეშისა და ქუქი-ფაილებისგან გასუფთავების ორი განსხვავებული გზა არსებობს. შეგიძლიათ, წაშალოთ თავად აპლიკაციიდან ან სმარტფონის პარამეტრებში შეხვიდეთ.
თავად აპლიკაციიდან წასაშლელად, ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ Options-ის ღილაკს, რომელიც სამი ჰორიზონტალური ხაზითაა წარმოდგენილი; შემდეგ კი — Settings-ს. ჩამოსრქოლეთ პერსონალურ მონაცემებამდე (Personal Data) და დააკლიკეთ Delete browsing data-ს, რათა წასაშლელი ინფორმაციების არჩევანს გაეცნოთ. აქ შეგიძლიათ წაშალოთ ვებგვერდების ჩანაწერები, რომლებსაც ესტუმრეთ, ქუქი-ფაილები და საიტების მონაცემები, ქეშირებული ფოტოები თუ ფაილები, პაროლები და ავტომატური შევსების ფორმები.
ხოლო პირდაპირ სმარტფონის პარამეტრებიდან წასაშლელად, გახსენით Settings, შემდეგ Apps, ჩამოსქროლეთ Samsung Internet-მდე და დააკლიკეთ Storage-ს. აქვე ნახავთ ცალკეულ ვარიანტებს ქეშისა და ქუქი-ფაილებისგან გასასუფთავებლად.