in

როგორ გავხადოთ სხვასთან საუბარი უფრო შინაარსიანი

დღესდღეობით სრულყოფილი საუბარი ბევრისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პანდემიამ ჩვენი ცხოვრება იმდენად შეცვალა, რომ, უმეტესწილად, სხვებთან საუბარი ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გვიწევს. რეალობაში კი, დისტანციას ვიჭერთ სხვებთან და არც თუ ისე სახარბიელო კომუნიკაცია გამოგვდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, კომუნიკაციის პრობლემა ახალი მაინც არ არის. დღესდღეობით ოჯახები საკმაოდ მცირერიცხოვანია, ბევრი კი სრულიადაც არ ოჯახდება. შესაბამისად, უამრავი ადამიანი თავს მარტო გრძნობს.

ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ, რომ სხვებთან საუბარს მნიშვნელოვანი როლი აქვს იმაში, რომ ადამიანებთან სიახლოვე ვიგრძნოთ. საუბარი სხვებთან მნიშვნელოვნად გვაკავშირებს. თუ როგორ გვქონდეს შინაარსიანი და საინტერესო ინტერაქცია სხვებთან, ამის შესახებ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

მოუსმინეთ ყურადღებით

მოსმენა არც ისე მარტივი საქმეა, თითქოს ადამიანებს ეს პროცესი გვეზარება. რეალურად, ადამიანი წუთში საშუალოდ 125 სიტყვას ამბობს. რეალურად კი, წუთში შეგვიძლია, 400-600 სიტყვა მოვისმინოთ და აღვიქვათ, თუმცა ხშირად 125-საც კი ვერ აღვიქვამთ.

მოსმენის პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში ადამიანებთან ემოციურ კავშირს ვამყარებთ. მოსმენისას ასევე ვხედავთ სხვების სხეულის ენას, მიმიკებს, ჟესტებს, რაც კიდევ უფრო კარგ და სიღრმისეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ ადამიანზე. ამიტომაც, მოსმენა ერთგვარად დაკვირვებაცაა.

გახადეთ თქვენი ხანმოკლე საუბარი ხანგრძლივი

ხშირად ჩვენი საუბარი სხვებთან მხოლოდ შემდეგი ფრაზებით შემოიფარგლება: “როგორ ხარ?”, “რა არის ახალი”, “მეც არამიშავს” და ა.შ რეალურად, მსგავსი საუბრის განმავლობაში ვერაფერს ვიგებთ მეორე ადამიანისგან და ვერც ჩვენგან იგებენ რამეს. თუკი სხვასთან კავშირის დამყარება გსურთ, ეცადეთ, უფრო შინაარსიანი ფრაზები თქვათ, მაგალითად: “როგორია შენი ცხოვრება პანდემიის განმავლობაში?”, “როგორ გრძნობ თავს?”  და ა.შ საუბარი მსგავსი კითხვებით უფრო ხანგრძლივი გახდება.

არ ეცადოთ, რომ სრულყოფილი იყოთ

მესამე გზა, რომლითაც შეძლებთ, სხვასთან ღრმა კავშირი დაამყაროთ ისაა, რომ არ ეცადოთ, სრულყოფილი იყოთ. სოციალური მედია თითქოს გვიბიძგებს, რომ უფრო ლამაზად გამოვიყურებოდეთ კამერაში, გვეცვას ოფიციალურად, ვდებდეთ სრულყოფილ ფოტოებს და ა.შ რეალურად კი, ადამიანებთან უშუალო საუბარი გვჭირდება იმის მაგივრად, რომ თავი მოვაჩვენოთ, თითქოს სრულყოფილები ვართ.

იყავით ემპათიური

ემოციურ კავშირს მხოლოდ სიტყვები ვერ შექმნის, თუ არ ვიგრძენით ის, რასაც სხვები გვესაუბრებიან. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი სხვის ადგილას დავაყენოთ და სხვისი პერსპექტივიდან შევხედოთ ცხოვრებას. ამგვარ შემთხვევაში შეგეძლებათ, უფრო შინაარსიანი კითხვები დასვათ, უფრო ჩაუღრმავდეთ მეორე ადამიანის მდგომარეობას.

აგრძნობინეთ სხვებს თავი ფასეულად

მეხუთე გზა სხვებთან მყარი კავშირის დასამყარებლად ისაა, რომ თავი მათ ფასეულად ვაგრძობინოთ. მაგალითად, თანამშრომელს სამუშაოს დასრულების შემდეგ მხოლოდ “კარგი ნამუშევარია” კი არ ვუთხრათ, არამედ ის, რომ ვიცით, რამხელა ენერგია ჩადეს ამ საქმეში, ვიცით, რომ ღამე გაათენეს, დრო დახარჯეს და ა.შ და რომ ეს მათი მხრიდან დასაფასებელია.

 

წყარო: Fast Company



Apple-მა გაფართოებული რეალობის პროდუქტი სერიალ For All Mankind-თან დააკავშირა

ნახეთ: 30 პრინტ რეკლამა ვალენტინობის დღისთვის, ცნობილი ბრენდებისგან