in

როგორ გავხდეთ ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი?

ხელოვნების სიყვარული ბევრს გვაერთიანებს. თითოეული ადამიანი სამყაროში, რაღაც ფორმით, თავის კავშირს პოულობს ხელოვნების ამა თუ იმ დარგთან. გალერეებში სიარული და ძველი თუ ახალი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ შორის არიან ისეთებიც, ვინც კიდევ უფრო მეტადაა გატაცებული და სურს პირადი კოლექცია იქონიოს. 

BOG
BOG

ერთია სურვილი და მეორეა ცოდნა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. თუ ხელოვნებათმცოდნე არ ხართ ან ამ სფეროსთან რამე შეხება არ გქონიათ სიყვარულის გარდა, ალბათ ბევრი კითხვა გაჩნდება, თუ როგორ უნდა გახდეთ კოლექციონერი. 

არსებობს რამდენიმე უნივერსალური რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. როგორც ამ დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, პირველ რიგში იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რა მოგვწონს და რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. საჭიროა ხშირად ვიაროთ მუზეუმებში, ხელოვნების ფესტივალებზე, გალერეებში, ჩვენ გარშემო შემოვიკრიბოთ ამ სფეროს მცოდნე და გამოცდილი ადამიანები. 

მაშინ, როცა უკვე მოაგროვებთ გარკვეულ ზოგად ცოდნას და საკუთარ სტილსა და გემოვნებაშიც ჩამოყალიბდებით, აუცილებელია შეისწავლოთ ბაზარი, გადახედოთ ფასებს, მოიძიოთ ინფორმაცია აუქციონების შესახებ და შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე დაესწროთ მას, თუნდაც საცდელად. 

მნიშვნელოვანი ინფორმაციის ქონა იმ ნახატისა და მხატვრის შესახებ, ვის ტილოსაც იძენთ. ხშირად მხოლოდ ინტერნეტში არსებული ინფორმაცია არაა საკმარისი, ამიტომ შეგიძლიათ კურატორს მიმართოთ, რომელიც უკეთ აგიხსნით და დაგაკვალიანებთ, თუ რა და როგორ, ვინ და სად, რატომ და რა ბიუჯეტში…

ამ მიმართულებით რომ ჩვენც თქვენთან ერთად მეტი გაგვეგო, ხელოვნების კონსულტანტსა და კოლექციონერების მრჩეველს, ლიკა ჭკუასელს გავესაუბრეთ. 

M: ლიკა, სანამ საქმეზე გადავალთ, ჯერ თქვენით დავიწყოთ, რამდენი ხანია, რაც ხელოვნების სფეროში ხართ და როგორია თქვენი გამოცდილება?

კულტურასთან ჩემი პირველი ურთიერთობა დაიწყო ბავშობაში, როდესაც ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებზე  ბატონ გოგი ხოშტარიასთან დავიწყე სიარული.  შემდეგ ინგლისში მივიღე მაგისტრის ხარისხი კულტურის პოლიტიკის და მენეჯმენტის დარგში, მას შემდეგ ვმუშაობდი ნიუ-იორკის Metropolitan Museum of Art, ასევე ვიმუსავე სტამბულში არტ ბაზრობაზე Contamporary Istanbul.  ვიმუშავე თბილისის არტ ბაზრობაზე და გახლავართ თბილისის KunstHalle -ს თანადამუძნებელი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბოლო 5-6 წელია აქტიურად ვეწევი არტ კონსულტანტაციას, ვარ კერძო კოლექციონერების პირადი მრჩეველი და ვეხმარები მათ კერძო კოლექციების შენებაში.

M: რით უნდა დაიწყოს კოლექციონერმა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა გაითვალისწინოს?

მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა. სასურველია, ბევრი დრო დაეთმოს ხელოვნების დარგში ინფორმირებას, ცოდნის გაღრმავებას; 

ყველაზე სწორი მიდგომა დამწყები კოლექციონერებისთვის, ვფიქრობ იმ ნამუშევრების შეძენაა, რომლის ყურებაც კონკრეტულ ადამიანს სიამოვნებს, სიხარული მოაქვს, რადგან მთავარი მამოძრავებელი ადამიანისთვის ნამუშევრის ესთეტიკური აღქმაა. აღქმა და გემოვნება კი, ცოდნის მიღებასთან ერთად იცვლება და იხვეწება. 

კოლექციის კეთებისას ბევრნაირი მოტივაცია შეიძლება არსებობდეს. მაგალითად:  სახლის ინტერიერისთვის ნამუშევრების მორგება, ხელოვნებაში ინვესტირება,  ახალგაზრდა ხელოვანების წახალისება, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, კერძო კოლექციის შემდგომში კერძო მუზეუმად გარდაქმნა და სხვა…

სასურველია, თავიდანვე განისაზღვროს ინტერესის არეალი, კოლექციის მიზანი და კოლექციონერის ბიუჯეტი, რათა სამომავლოდ გამარტივდეს ნამუშევრების მოძიება.   

M: რა დაბრკოლებების გადალახვა შეიძლება მოგვიწიოს, თუ კოლექციონერობაზე ვფიქრობთ?

რეალურად, ასეთი დაბრკოლება არ არსებობს, რადგან ხელოვნების დარგში ტენდენციების და განსხვავებული მიმდინარეობების დიდი სპექტრია; ასევე, განსხვავებულია ნამუშევრების ფორმატი და საბაზრო ღირებულება. 

არსებობს, ასევე სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ ამ სფეროში, თუ საზოგადოებაში აქტივობა გარკვეულ ექსკლუზიურობას მოითხოვს – ეს მოსაზრება მცდარია;  ყველანაირი ბიუჯეტის პირობებშია შესაძლებელი საინტერესო კოლექციის შექმნა.

მთავარია გვახსოვდეს, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი კოლექციის შენება არის ხანგრძლივი პროცესი და ცოდნის გარდა მოითხოვს გარკვეულ მოთმინებასაც. სულსწრაფობა ახალი ნამუშევრის შეძენისას, ხშირად იწვევს ზედმეტ ფინანსურ დანახარჯს; ამიტომ უმჯობესია, მეტი დრო დაეთმოს ინფორმაციის მოძიებას არტისტების შესახებ და ნამუშევრების სიღრმისეულ შესწავლას.

ეს საინტერესო, თეორიული სამუშაო, მთლიანი პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს და აარიდოს შეცდომები მომავალ კოლექციონერს.

M: საკუთარი ცოდნისა და გემოვნების გარდა, სად შეიძლება ადამიანმა აღმოაჩინოს ახალ-ახალი ნამუშევრები, რომლებსაც შემდგომ კოლექციას შეჰმატებს? 

გააჩნია კოლექციონერის მასშტაბებსა და მიზანს. სასურველია, საქართველოს გარეთ ხშირი მოგზაურობა. არტ ბაზრობებზე დასწრება, კერძო კოლექციონერების შექმნილი კერძო კოლექციების მუზეუმების ნახვა, ხშირად სამუზეუმო გამოფენების სტუმრობა, რომლებიც მეტად საგანმანთლებლოა, ბიენალეებზე სიარული…ეს ყველაფერი პულსზე ხელის ჭერაში გვეხმარება.

ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისი ბოლო წლებია საკმაოდ საინტერესო სახელოვნებო სცენას გვთავაზობს. 

ძველ უკვე ყველასთვის ნაცნობი გალერეების გარდა, გაჩდნენ და აქტიურად და წარმატებულად მუშაობენ თანამედროვე ხელოვნების გალერეები (E A Shared Space, LC Quisser, Maudi4710, Windows Project, Gallery Artbeat, TPMM (tbilisi photography & Multimedia musuem)  stamba, The why not gallery, Vaads free uni, Oxygen biennale, Taff tbilisi art fair, Fotogeafia (ფოტო გალერეა)

ასევე ყოველწლიურად ტარდება თბილისის არტ ბაზრობა სადაც ლოკალური გალერეების გარდა, უცხოელ არტისტებს წარმოადგენენ საერთაშორისო გალერეები. თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის სკოლა (VAADS FREE UNI) ძალიან ხშირად გვთავაზობს სტუდენტების ნამუშევრების გამოფენებს. ტარდება ოქსიჯენ ბიენალე, ფოტოგრაფიის მუზეუმს (სტამბაში) მდიდარი პროგრამა აქვს განსხვავებული მედიუმის კოლექციონერებისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს თბილისშიც ძალიან ბევრი ადგილია ნაცნობი და უცნობი არტისტების შემოქმედების გასაცნობად. მნიშვნელოვანია კურატორებთან, გალერისტებთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა ზემოთ ნახსენები ცოდნის გაღრმავება გახდეს შესაძლებელი.

თუმცა, ისიც უნდა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ერთობ სასიამოვნო პროცესი ბევრ თავისუფალ დროს მოითხოვს; ამიტომ დამწყები და სტაჟიანი კოლექციონერებიც ხშირად ხელოვნების კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობენ. არტ კონსულტანტი ეხმარება კლიენტს კონცეფციის შემუშავებაში, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაზღვრავს მასშტაბსა და კოლექციის მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით აღნიშნავს

Wempler: „ყოველ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც უნარი, რომლითაც ფულის შოვნა შეიძლება“