დღეს ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს გვსურს, შევეხოთ, რომელიც ალბათ ბევრმა არც კი იცის. ეს არის მიკრომეწარმეობა, ამ სტატუსის მოპოვება და მისი უპირატესობები. ტერმინი, ერთი შეხედვით, სპეციფიკურია და შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ თუ ბიზნესს არ აწარმოებს, არც მიკრო და არც არანაირ მეწარემობასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ თუ ხართ ფრილანსერი, რომელიც სხვადასხვა პროექტზე, დამკვეთებთან მუშაობს, შეგიძლიათ მიკრომეწარმის სტატუსი მოიპოვოთ. ამ თემას კომპეტენტური რესპონდენტის გარეშე, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ, თუმცა სანამ ინტერვიუს წარმოგიდგენთ, მანამდე ორიოდე სიტყვით გეტყვით, ვინ არის და რას აკეთებს მიკრომეწარმე.
მიკრომეწარმე, როგორც წესი, არის ინდივიდუალური, ფიზიკური პირი, რომელსაც არ სჭირდება დიდი ინვესტიცია, არ ჰყავს დასაქმებული თანამშრომლები და მისი მიზანია, იმდენი შემოსავლის გამომუშავება, რამდენიც ამ სტატუსის შესანარჩუნებლად იქნება საკმარისი. ეკონომიკური საქმიანობის შემოსავალი, რომელსაც მიკრომეწარმე ეწევა, წელიწადში 30,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ეს გახლავთ ზღვარი, რომელიც მიკრომეწარმეს სხვა ტიპის მეწარმეებისგან განასხვავებს.
დანარჩენს უფრო დეტალურად ჩვენი რესპონდენტი ნიკა წიკლაური, საბუღალტრო კომპანია „ენთების” პარტნიორი მოგვახსენებს:
M: ვის შეუძლია საქართველოში მიკრომეწარმედ დარეგისტრირება?
ხშირად გავრცელებული შეცდომაა როცა მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მიკრო-ბიზნესის სტატუსის მისაღებად საკმარისია უბრალოდ ინდივიდუალურ მეწარმედ (“ინდმეწარმედ”) რეგისტრაცია. რეალურად, შეღავათების მისაღებად საჭიროა არა ინდმეწარმედ რეგისტრაცია, არამედ საგადასახადო ორგანოსგან მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღება.
ამ სტატუსის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ აწარმოებენ ე.წ. „აკრძალულ საქმიანობებს”. ეს არის ტერმინი, რომელსაც იყენებს საგადასახადო ორგანო და აკრძალული საქმიანობების განხორციელების შემთხვევაში პირი ვერ შეძლებს მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღებას. ეს საქმიანობებია, მაგალითად, სამედიცინო, აუდიტორული, საკონსულტაციო, სამედიცინო, არქიტექტორული და სხვა საქმიანობები. აკრძალული საქმიანობების სრული სია ხელმისაწვდომია ელექტრონულ გვერდზე: www.matsne.gov.ge
M: როგორც ვიცით, მიკრომეწარმეს აქვს წლიური 30,000-ლარიანი ლიმიტი. ეს თემაც რომ განვმარტოთ, რა შედის ამ ლიმიტში?
პირს შეიძლება ჰქონდეს სხვა შემოსავლებიც, მაგალითად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი, პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი და სხვა შემოსავლები, რომელთა გათვალისწინებაც არ ხდება აღნიშნულ ლიმიტში, ანუ ასეთი შემოსავლები არ იღებს მონაწილეობას პირის მიერ ამ ლიმიტის ფარგლებში მიღებულ შემოსავლებში და შესაბამისად არ გაითვალისწინება იმის დაანგარიშებაში, გადააჭარბა თუ არა პირის შემოსავალმა 30,000-ლარიან ლიმიტს. იმ ტიპის შემოსავლების სრული სია, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ლიმიტის დათვლაში, ასევე მოცემულია ელექტრონულ გვერდზე: www.matsne.gov.ge
გარდა ამისა, პირი არ უნდა იყენებდეს დაქირავებულ პირთა შრომას, ანუ არ უნდა ასაქმებდეს არავის გარდა ოჯახის წევრებისა.
M: რა ნაბიჯების გავლაა საჭირო მიკრომეწარმედ რეგისტრაციისთვის?
მიკრო მეწარმედ რეგისტრაცია საკმაოდ მარტივი პროცესია. ამისათვის პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის (ე.წ. `საგადასახადოს”). განცხადება შესაძლოა გაკეთდეს როგორც ფიზიკურად, სერვის-ცენტრში მისვლის გზით, ასევე ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge-ზე
განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ მისი განხილვა და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
M: რა უპირატესობებით სარგებლობს მიკრომეწარმე? მართალი არის თუ არა, რომ ამ შემთხვევაში შემოსავლის 0%-ს ვიხდით ნაცვლად 20%-სა?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მფლობელი პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში 20%-ია ხოლმე. გარდა ამისა, პირისთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანება და საპენსიო ანარიცხების (2%+2%) გადახდა არის ნებაყოფლობითი.
M: ხომ არ არსებობს სხვა შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსებიც, რაც ხელმისაწვდომია მეწარმეებისთვის?
რამდენიმე შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი არსებობს საქართველოში, თუმცა ამ კითხვის პასუხად ყურადღებას გაგიმახვილებთ „მცირე ბიზნესის” სტატუსზე. თუ მეწარმე ვერ ჯდება მიკრო ბიზნესისთვის განსაზღვრულ 30,000-ლარიან წლიურ ლიმიტში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არსებობს „მცირე ბიზნესის” სტატუსიც, რომელზეც გაცილებით დიდი ლიმიტია განსაზღვრული, კერძოდ წლიურად 500,000 ლარი. ამიტომ შედარებით მსხვილ მეწარმეებს შეუძლიათ მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობა. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის დამატებითი უპირატესობა არის ის, რომ 500,000 ლარიანი ლიმიტის ერთჯერადად გადაჭარბების შემთხვევაშიც არ იკარგება ეს სტატუსი და საჭიროა, რომ ზედიზედ ორი კალენდრული წლის განმავლობაში გადააჭარბოს მეწარმის ამ შემოსავლებმა 500,000-ლარიან ლიმიტს იმისთვის, რომ სტატუსი დაიკარგოს. ამიტომ ლიმიტის სიდიდისა და მოქნილობის თვალსაზრისით ეს სტატუსი უფრო მიმზიდველია. თუმცა მიკრო ბიზნესის სტატუსისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელი იხდის 1%-იან საშემოსავლო გადასახადს ნაცვლად 0%-სა.
M: გთხოვთ, დავაზუსტოთ: მაგალითად, ვართ ფრილანსერი და კომპანიას 1000-ლარიან ანაზღაურებაზე შევუთანხმდით. ამ შემთხვევაში მას უწევს გაცილებით დიდი საშემოსავლო/საპენსიოს გადახდა, ვიდრე მაშინ, თუ მიკრომეწარმედ ვართ დარეგისტრირებული?
პასუხის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ კომპანია დასაქმებულს უხდის ხელფასს ხელზე ასაღები 1,000 ლარის ოდენობით. ჩვეულებრივ შემთხვევაში კომპანიას უწევს 301 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების სახით. ანუ რეალურად კომპანიის ხარჯია არა 1,000 ლარი, რომელიც თანამშრომელს გადაუხადა, არამედ 1,301 ლარი, გადასახადებისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით.
ახლა შევადაროთ ფრილანსერის შემთხვევას. თუ კომპანიამ ერთჯერადი სამუშაოსთვის დაიქირავა ფრილანსერი, რომელიც არ წარმოადგენს თანამშრომელს, აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და არ არის ნებაყოფლობით გაწევრიანებული საპენსიო სქემაში, ასეთ შემთხვევაში, თუ კომპანია მას სამუშაოსთვის გადაუხდის 1,000 ლარს, არც მას და არც თავად ფრილანსერს არ მოუწევს გადასახადის გადახდა და შედეგად, კომპანიის ხარჯი ჯამურად იქნება 301 ლარით ნაკლები ვიდრე იქნებოდა ჩვეულებრივ შემთხვევაში. აქვე აღვნიშნავ, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, კომპანიას მოუწევდა მხოლოდ 1%-ის, ანუ 10 ლარის გადახდა მცემულ სიტუაციაში (1,000/99%*1%).
M: მიკრომეწარმის სტატუსის ქონის დროს გვჭირდება თუ არა პირადი ბუღალტერი, რომელიც დაგვეხმარება დეკლარირებაში?
მიუხედავად იმისა, რომ მიკრო ბიზნესი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მას გააჩნია ვალდებულება, რომ ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, აქედან გამომდინარე მას დასჭირდება ბუღალტრის გარკვეული დახმარება.
M: როდესაც მიკრომეწარმედ ვართ რეგისტრირებული, ჩარიცხვებიდან რა ითვლება შემოსავლად და რა არა? მაგალითად, მეგობარმა თუ ჩაგვირიცხა თანხა, შემოსავლად ჩაითვლება?
გააჩნია, რა მიზნით ჩაგირიცხათ მეგობარმა თანხა. თუ თანხა მეგობარმა ჩაგირიცხათ თქვენი მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიკრო ბიზნესის საქმიანობას, ასეთ შემთხვევაში ეს თანხა მიიღებს მონაწილეობას 30,000 ლარიან ლიმიტში, მაგრამ თუ ლიმიტს არ გადავცდებით, საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ.
ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მეგობარმა უბრალოდ გაჩუქათ თანხა. ასეთ შემთხვევაში, ნაჩუქარი თანხა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ტიპის შემოსავალს, რომელიც არ იღებს მონაწილეობას 30,000-ლარიანი ლიმიტის დათვლაში. თუმცა ჩუქებით მიღებული შემოსავალი, თუ ის ჯამურად წლის განმავლობაში აჭარბებს 1,000 ლარს, დაექვემდებარება ჩვეულებრივ 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და არ ექვემდებარება მიკრო ბიზნესით გათვალისწინებილ საგადასახადო შეღავათს.
მიკრომეწარემობა შეუძლია ნებისმიერ ფრილანსერს, რომელიც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ იღებს ანაზღაურებას დამკვეთისგან. ამ სტატუსის როგორც მოპოვება, ისე დაკარგვაა შესაძლებელი, თუკი ფიზიკურმა პირმა თავად მიმართა საგადასახო ორგანოს გაუქმების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ არ ეწეოდეთ სიაში ჩამოთვლილ აკრძალულ საქმიანობებს, რადგან ამის აღმოჩენის შემთხვევაში გაგიუქმდებათ მიკრომეწარმეობა. გაუქმების საშიშროება დგება 30,000-ლარიანი ლიმიტის გადაჭარბებისა და სხვა ადამიანების დასაქმების შემთხვევაშიც.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი