მუშაობა ხშირად ასე გამოიყურება: ვუხსნით, რა გვინდა, მიღებულ შედეგს ვასწორებთ და საუბარს მანამდე ვაგრძელებთ, სანამ მისაღებ ვერსიას არ მივიღებთ. შემდეგი დავალებისას კი ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. გვიწევს ყოველი მომდევნო ნაბიჯის მითითება, შედეგების გადამოწმება და იმის ახსნა, რას გულისხმობს დასრულებულ სამუშაოში.
ცვლილება მაშინ იწყება, როცა Codex-ს საკუთარი მუშაობის შეფასებას ვთხოვთ. სწორედ ამის ფარგლებში ჩაატარეს კვლევა: ამ ექსპერიმენტიდან ხუთი პრაქტიკული მიდგომა ჩამოყალიბდა. მათი გამოყენება მარტივი დავალებებითაც იწყება: AI-ს სთხოვთ, დააკვირდეს, როგორ მუშაობთ, სად კარგავთ დროს და რა უნდა შეცვალოთ შემდეგ ჯერზე.
1. სთხოვეთ, თქვენი მუშაობის კონკრეტული მაგალითები შეაფასოს
ექსპერიმენტის ავტორმა Codex-ს მაიკ ტეილორისა და ლორა ენტისის „AI-ის გამოყენების რვა დონის“ ჩარჩო გაუზიარა. ეს მოდელი აღწერს გზას ჩატბოტისთვის მარტივი კითხვების დასმიდან რამდენიმე AI-აგენტის მუშაობის კოორდინაციამდე. შემდეგ ჰკითხა, რომელ დონეს შეესაბამებოდა მათი ერთობლივი მუშაობა.
Codex-ის შეფასებით, ავტორი AI-ს უკვე აქტიურად იყენებდა და განმეორებადი პროცესებიც ჰქონდა აწყობილი, თუმცა დიდ დავალებას უმეტესად ერთ აგენტს აძლევდა და ბოლომდე იმავე საუბარში მიჰყვებოდა. სხვადასხვა ნაწილის ცალ-ცალკე დელეგირების შესაძლებლობას ნაკლებად იყენებდა.
ამ შეფასების ღირებულება მინიჭებულ ქულაზე მეტად კონკრეტულ დაკვირვებაში იყო. ზოგადი რჩევის ნაცვლად, ავტორმა დაინახა საკუთარი ჩვევა, რომლის შეცვლაც სამუშაოს გაუმარტივებდა.
მსგავსი ანალიზისთვის ასეთი დავალება გამოდგება: „გადახედე ჩვენს სამუშაო საუბრებს, რომლებზეც წვდომა გაქვს. გამოყავი, რაში ვიყენებ AI-ს ეფექტიანად და სად მიწევს ზედმეტი ჩარევა. თითოეულ დასკვნას კონკრეტული მაგალითი დაურთე. თუ საკმარისი კონტექსტი არ გაქვს, მითხარი, რა მასალა მოგაწოდო“.
ბოლო პირობა მნიშვნელოვანია: წინა საუბრებზე წვდომა ხელსაწყოსა და მის პარამეტრებზეა დამოკიდებული. საჭიროებისას შესაფასებელი მიმოწერა ან პროექტის მასალა თავად უნდა მიაწოდოთ.
2. ზოგადი რჩევა დასრულებულ პროექტზე გამოაცდევინეთ
„უფრო ეფექტიანად გამოიყენე AI“ არაფერს გვეუბნება იმაზე, ხვალ დილით რა უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად. უკვე დასრულებული პროექტი გაცილებით სასარგებლო მასალაა: იცით, სად გაგიჭირდათ, რას გადაამოწმეთ რამდენჯერმე და რომელ ეტაპზე დაიკარგა დრო.
კვლევის ავტორის ერთ-ერთი დავალება Stripe-იდან ტრანზაქციების მონაცემების ამოღებასა და ბუღალტრებისთვის მომზადებას ეხებოდა. Codex-მა შესთავაზა, მსგავსი პროექტი ცალკეულ ამოცანებად დაეყო: მონაცემების შეგროვება, მათი სისწორისა და სისრულის შემოწმება, შემდეგ კი შესაბამის ცხრილში აწყობა.
ამისთვის გამოსადეგი მოთხოვნაა: „გადახედე ამ დასრულებულ პროექტს და შემომთავაზე მაქსიმუმ სამი კონკრეტული ცვლილება, რომლებიც პროცესს გააუმჯობესებდა. მიუთითე, რომელ ეტაპზე გამოვიყენებდი თითოეულს და რა პრობლემას მომიგვარებდა“.
ასე რეკომენდაციას უკვე ნაცნობ გამოცდილებას ადარებთ და უფრო ადვილად წყვეტთ, ღირს თუ არა მისი გამოცდა.
3. აახსნევინეთ, როგორ უნდა შეასრულოთ რეკომენდაცია
რამდენიმე აგენტის გამოყენების იდეა ავტორისთვის თავდაპირველად გაუგებარი იყო. უნდა გაეხსნა რამდენიმე ჩატი? თითოეულისთვის თავიდან აეხსნა დავალება? საბოლოოდ ვის უნდა გაეერთიანებინა პასუხები?
Codex-მა პროცესი გუნდის მართვის მაგალითით აუხსნა: ერთ მთავარ აგენტს აქვს პროექტის მიზანი, შეზღუდვები და დასრულებული შედეგის კრიტერიუმები. ის ცალკეულ ამოცანებს სხვა აგენტებს უნაწილებს, თითოეულს საჭირო მასალას აწვდის და მიღებულ შედეგებს აერთიანებს. ასეთი მუშაობა შესაბამისი ფუნქციების მქონე ხელსაწყოს მოითხოვს.
ავტორმა გადამოწმებისთვის ცალკე როლებიც გამოყო. ერთი აგენტი დაშვებებს ეჭვქვეშ აყენებდა, მეორე მონაცემებსა და გამოთვლებს ამოწმებდა. ეს დამატებითი შემოწმების გზა იყო, თუმცა თავად ავტორი აღნიშნავს, რომ სისტემა კვლავ ექსპერიმენტულია და შეცდომები ისევ ხდება.
როცა რჩევა ზედმეტად ტექნიკურად ჟღერს, შემდეგი ნაბიჯი მისი დაზუსტებაა: „ამ დავალებაზე მაჩვენე, როგორ გამოვიყენო შენი რეკომენდაცია. ამიხსენი ნაბიჯ-ნაბიჯ, ტექნიკური ჟარგონის გარეშე: რა უნდა მოგაწოდო, რას გააკეთებ შენ და სად იქნება საჭირო ჩემი შემოწმება“.
4. სამუშაო პროცესის განხილვას რეგულარული დრო დაუთმეთ
ერთჯერადი შეფასების შემდეგ ავტორმა ყოველკვირეული მიმოხილვა მოაწყო. ანგარიში აჯამებდა, რა შეიცვალა მის მუშაობაში, სად დარჩა გამოუყენებელი შესაძლებლობა და რომელი მიდგომის გამოცდა ღირდა მომდევნო კვირას.
ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა განმეორებადი ჩვევების დანახვა. მაგალითად, ავტორი უკვე სისტემატურად ანაწილებდა სამუშაოს აგენტებს შორის, მაგრამ წინასწარ ყოველთვის არ განსაზღვრავდა, როგორი შედეგი ჩაითვლებოდა დასრულებულად. ასეთ შემთხვევაში დელეგირების შემდეგაც ბევრი დაზუსტება ხდებოდა საჭირო.
მსგავსი მიმოხილვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ: „შეაფასე ამ კვირის სამუშაო მასალა. გამოყავი ერთი მიდგომა, რომელმაც გაამართლა, ერთი განმეორებადი პრობლემა და ორი კონკრეტული რამ, რომლებსაც მომავალ კვირას გამოვცდი. დასკვნები მაგალითებით დაასაბუთე“.
თუ ხელსაწყო დაგეგმილ დავალებებს უჭერს მხარს, მიმოხილვის ავტომატურად გამართვაც გამოგადგებათ. სხვა შემთხვევაში იმავე მოთხოვნას კვირის ბოლოს თავად გაუგზავნით. AI-ის მიერ მინიჭებული ქულა პირობითი შეფასებაა; პროგრესი უკეთ ჩანს იმაში, მცირდება თუ არა გადაკეთების საჭიროება და უმჯობესდება თუ არა შედეგი.
5. შესწორება შემდეგი დავალებისთვის წესად აქციეთ
ერთ-ერთ პროექტში Codex-მა ფინანსური დავალება სწორად შეასრულა, მაგრამ თანამშრომლებისთვის მომზადებული შეტყობინებები ავტორის სტილს არ ჰგავდა. ტექსტები ზედმეტად ოფიციალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ სასურველი ტონის ინსტრუქცია უკვე არსებობდა.
ავტორმა მხოლოდ შეტყობინებების გადაწერა არ იკმარა. სთხოვა AI-ს, გაეანალიზებინა, რატომ აცდა შედეგი მოთხოვნას და რა კონკრეტული ცვლილება სჭირდებოდა ინსტრუქციას. შემდეგ ეს მიდგომა სხვა განმეორებად შესწორებებზეც გაავრცელა: წყაროების არჩევაზე, მონაცემების გადამოწმებასა და ტექსტის დეტალიზაციაზე.
ასეთი მოთხოვნა ასე ჟღერს: „შეადარე შენი პირველი პასუხი და ჩემი შესწორებები. ახსენი, სად აცდი მოთხოვნას და შემომთავაზე ინსტრუქციის ყველაზე მცირე ცვლილება, რომელიც შემდეგ ჯერზე ამ შეცდომის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. შენახვამდე მაჩვენე“.
ერთ საუბარში მიღებული შენიშვნა მომდევნო დავალებაზე ავტომატურად ყოველთვის არ ვრცელდება. ამიტომ განმეორებადი მოთხოვნები იმ ინსტრუქციაში უნდა მოხვდეს, რომელსაც ხელსაწყო მომავალშიც გამოიყენებს.
ამ პრაქტიკის გამოცდა ერთი დასრულებული საქმით იწყება. აირჩიეთ დავალება, რომელზეც ბევრი შესწორება დაგჭირდათ, მიაწოდეთ AI-ს საწყისი მოთხოვნა და საბოლოო შედეგი, შემდეგ კი სთხოვეთ, პროცესში ერთი გასაუმჯობესებელი ადგილი იპოვოს. მომდევნო მსგავს დავალებაზე უკვე გამოჩნდება, რამდენად გამოგადგათ მისი რჩევა.












