in

როგორ იცვლება კოსმოსური ინდუსტრიის ვიზუალური ენა?

კოსმოსური კომპანიების ვიზუალურად ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად რთულია. ნაწილს NASA-ს ძველი ესთეტიკა იზიდავს, სხვები ცივ ლურჯ გრადიენტებს, შავ ფონს და სამხედრო ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ სერიოზულობას ირჩევენ. მესამე ჯგუფი კი კოსმოსს ისევ იმავე ნაცნობი სურათებით გვიჩვენებს: ბნელ სივრცეში მოფარფატე ნათელი ობიექტებით. Turion Space-ს მათგან არცერთი გზა არ აწყობდა.

BOG
BOG

კომპანია 2020 წელს შეიქმნა და თავდაპირველად კოსმოსური ნარჩენების მოცილებაზე მუშაობდა. მას შემდეგ მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს Turion ქმნის კოსმოსურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის აპარატებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სისტემას, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს გადაადგილებაში, მანევრირებაში, მონაცემების შეგროვებასა და ორბიტაზე მისიების შესრულებაში ეხმარება.

საქმიანობის მასშტაბის ზრდასთან ერთად კომპანიამ უფრო დიდ სახელმწიფო პროგრამებშიც დაიწყო მონაწილეობა და გამოცდილ თავდაცვით და აეროკოსმოსურ კომპანიებსაც გაუწია კონკურენცია. ამ ეტაპზე Turion-ის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ძველი ვიზუალური იდენტობა თავად კომპანიას უკვე აღარ შეესაბამებოდა. ლოგოში გამოყენებული ორბიტის პირდაპირი მინიშნება წარსულში მის მთავარ საქმიანობას კარგად აღწერდა, მაგრამ ახალი მიმართულებების, პროგრამული უზრუნველყოფის, კოსმოსური ლოგისტიკისა და უფრო ფართო ამბიციის გადმოსაცემად საკმარისი აღარ იყო.

 

რებრენდინგზე Buck-მა და Wild-მა იმუშავეს, რომლებიც Residence-ის კრეატიულ ქსელში შედიან. ამოცანა თავიდანვე რთული იყო. ახალი იდენტობა ერთდროულად უნდა ყოფილიყო სანდო და ამბიციური. Turion-ს უკვე ორი თანამგზავრი აქვს ორბიტაზე და რეალურ მისიებზე მუშაობს, მაგრამ პარალელურად გაცილებით შორსაც იყურება.

კომპანიის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიმართულება Starforge-ია, რომლის მიზანიც ღრმა კოსმოსის მისიებისთვის ინფრასტრუქტურისა და რესურსების მოპოვების შესაძლებლობების განვითარებაა. Turion-ის ყოფილი მარკეტინგისა და ბრენდის ხელმძღვანელის, სიდ ფრიტსის თქმით, ასეთი ხედვა ზოგიერთ კლიენტს შეიძლება ზედმეტად შორეულ ოცნებად მოეჩვენოს, თუმცა კომპანიისთვის ის დღევანდელი სამუშაოს ბუნებრივი გაგრძელებაა. მათი იდეაა, რომ ყოველი ახალი პროდუქტი და ტექნოლოგია ამ უფრო დიდ მიზანს ეტაპობრივად უახლოვდება.

ამიტომ, ახალი ბრენდი უნდა მუშაობდეს როგორც ტექნიკურ დოკუმენტზე, ისე კომპანიის ძალიან შორეულ ხედვაზე და ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე კომპანიად უნდა აღიქმებოდეს.

კიდევ ერთი სირთულე ის იყო, რომ Turion-ის საქმიანობის დიდი ნაწილის საჯაროდ ჩვენება შეუძლებელია. თავდაცვისა და სახელმწიფო პროექტებში ბევრი ინფორმაცია საკუთრების უფლებით ან უსაფრთხოების შეზღუდვებით არის დაცული. სწორედ ასეთ გარემოში ჩნდება რისკი, რომ ბრენდი ზოგად, არაფრისმთქმელ ვიზუალურ ენამდე დავიდეს.

Buck-მა გამოსავალი ფოტოგრაფიასა და გამოსახულებების დამუშავებაში იპოვა. Turion-ის პროდუქტები და საინჟინრო დეტალები რეალისტურად ჩანს, მაგრამ კადრის წყობა, კონტრასტული განათება და კონკრეტული კუთხეები საშუალებას იძლევა, ის ნაწილი დაიმალოს, რომლის საჯაროდ ჩვენებაც არ შეიძლება. შედეგად, ვიზუალები ტექნიკურ სიზუსტეს ინარჩუნებს, თუმცა ზედმეტ ინფორმაციას არ ამჟღავნებს.

პარალელურად გუნდს სურდა, კოსმოსი ცივ და მტრულ სივრცედ აღარ წარმოეჩინა. ამიტომ, ნაცვლად შავი სიცარიელისა, ვიზუალებში ღია ფონები, იისფერი ნისლი, თბილი განათება და ოდნავ ნოსტალგიური განწყობა გაჩნდა. Buck-ის კრეატიული დირექტორის, მაიკ პეინის თქმით, სწორედ ამ ატმოსფერომ მისცა ბრენდს ის მცირე „არამიწიერი“ შეგრძნება, რომელიც კოსმოსთან დაკავშირებულ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას უფრო ბუნებრივად გადმოსცემს.

იისფერი აქ შემთხვევითი არჩევანი არ არის. ის კოსმოსური ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ცივ ფერებს სითბოს მატებს და Turion-ს მსგავსი კომპანიებისგან ვიზუალურადაც გამოყოფს. ბრენდის ახალი ენა სერიოზულ საინჟინრო მუშაობას არ მალავს, მაგრამ მას უფრო წარმოსახვით და ოპტიმისტურ შრეს ამატებს.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ახალ ვებსაიტზე, სადაც თვითონ გადაადგილებაც თხრობის ნაწილია. გვერდის დასაწყისში მომხმარებელი რეალურ მისიებს, აპარატურასა და მონაცემებს ხედავს. შემდეგ, რაც უფრო ქვემოთ ჩადის, ელემენტები ნელ-ნელა თითქოს გრავიტაციას კარგავს. ჩნდება მსუბუქი პარალაქსის ეფექტი, ობიექტები დამოუკიდებლად მოძრაობს და Starforge-ის ნაწილში ვებგვერდი უკვე თითქმის ორბიტაზე ყოფნის შეგრძნებას ქმნის. ასტეროიდები და კოსმოსური აპარატები ეკრანზე მსუბუქად დაცურავენ, თითქოს სივრცეში არიან გათავისუფლებული.

დეტალებზე იგივე მიდგომა გრძელდება ტიპოგრაფიასა და გრაფიკულ სისტემაშიც. Buck-მა სიტყვიერი ნიშანი დახვეწა და კვადრატულ ბადეზე აგებული სისტემა შექმნა, რომელიც Turion-ის მთავარი შრიფტის, Funnel Display-ის ფორმებს ეხმიანება. პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემებისა და სხვა ისეთი პროცესების საჩვენებლად, რომელთა პირდაპირი გადაღებაც რთულია, გუნდმა ASCII-ს სტილზე დაფუძნებული გრაფიკაც გამოიყენა.

Turion-ის ახალი იდენტობის მთავარი ძალა სწორედ იმაშია, რომ კომპანია ერთ მხარეს არ ირჩევს. ის არც მხოლოდ თავდაცვით კომპანიად გამოიყურება და არც სამეცნიერო ფანტასტიკის პროექტად. ახალი ვიზუალური სისტემა ცდილობს, რეალური საინჟინრო შესაძლებლობები და გრძელვადიანი ამბიცია ერთ ენაში გააერთიანოს.

ამით Turion Space უფრო ფართო პრობლემასაც პასუხობს. ტექნოლოგიურ სექტორში, განსაკუთრებით კი კოსმოსურ ინდუსტრიაში, ბევრი ბრენდი ერთსა და იმავე ვიზუალურ ნიშნებს იყენებს და საბოლოოდ ერთმანეთის მსგავსად გამოიყურება. Turion-ის შემთხვევაში კი რებრენდინგის მიზანი იყო, კოსმოსთან დაკავშირებული სერიოზულობა შეენარჩუნებინათ ისე, რომ ბრენდს საკუთარი ხასიათიც ჰქონოდა.

AI-ეპოქის ახალი პრობლემა – რეალური რეკლამა ხელოვნურს ჰგავს

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის