ხელოვნური ინტელექტი ციფრული ეპოქის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა მისი მოხმარების სტილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის მკვეთრად განსხვავდება. ამ მიმართულებით ყველაზე აქტიური და ნოვატორული ზეტ თაობა აღმოჩნდა. ახალგაზრდები ჩატბოტებს მრავალფუნქციურ პერსონალურ ასისტენტად, სასწავლო ტუტორად და ემოციურ საყრდენადაც კი გარდაქმნიან.
სოციოლოგიური კვლევებით ჩანს, რომ ზეტ თაობა ხელოვნური ინტელექტის მოხმარების სიხშირით ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფს სჯობნის. ამ თაობის წარმომადგენელთა 37% ტექნოლოგიას დღეში ერთხელ ან უფრო ხშირად იყენებს, ხოლო თითქმის მეოთხედი მას დღის განმავლობაში მრავალჯერ მიმართავს. ზოგადი სურათის დასანახად აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 35% საერთოდ არ იყენებს ჩატბოტებს, ხოლო იმ 65%-იდან, ვინც იყენებს, მხოლოდ 23% მიმართავს მას დღეში რამდენჯერმე. უფროს თაობებში ჩატბოტების გამოყენება შედარებით დაბალია – ბუმერების 18% და X თაობის 25% იყენებს მას დღეში რამდენჯერმე, ხოლო მილენიალებში ეს მაჩვენებელი ყოველდღიური გამოყენების კუთხით 31%-ს შეადგენს.
ზეტ თაობისთვის ხელოვნური ინტელექტი ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, რომ მათი თითქმის ნახევრის თქმით, ჩატბოტებზე წვდომის დაკარგვა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროდუქტიულობაზე საშუალო, ძლიერ ან უკიდურესად დიდ გავლენას იქონიებს. ამ თაობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ ასეთი ცვლილება მათზე საერთოდ არ იმოქმედებს. ზოგადად, მომხმარებლები, რომლებიც ჩატბოტებთან დღეში რამდენჯერმე ურთიერთობენ, ყველაზე მეტად არიან მასზე დამოკიდებულნი. ასეთ ჯგუფში მხოლოდ 12% აღნიშნავს, რომ AI-სთან არანაირი პერსონალური მიჯაჭვულობა არ აქვს, მაშინ როდესაც ზოგად მომხმარებლებში ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენს.
ფუნქციური როლები
უფროსი თაობებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად პრაქტიკული ამოცანებისთვის იყენებენ, ზეტ თაობა მასში პერსონალურ და ემოციურ როლებსაც ხედავს. ფუნქციურ ჭრილში მომხმარებელთა 31% ჩატბოტს იყენებს როგორც სტრატეგიულ კონსულტანტს ექსპერტული რჩევებისა და იდეების მისაღებად, 25%-ზე მეტი მას ავალებს განრიგისა და ადმინისტრაციული დავალებების მართვას, ხოლო 23% მას იყენებს ტუტორად ახალი უნარების ასათვისებლად და რთული თემების ასახსნელად. შედარებით მცირე ნაწილი, შესაბამისად 15% და 8%, ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო რჩევებისა და თერაპიული საუბრებისთვის მიმართავს.
ინტერპერსონალური ურთიერთობების კუთხით, ზეტ თაობა პირველ ადგილზეა. ზოგადი მომხმარებლებიდან ჩატბოტს მეგობრობისთვის მხოლოდ 12% მიმართავს, ხოლო რომანტიკული ურთიერთობისთვის – 3%. თუმცა ზეტ თაობაში ეს ციფრები ბევრად მაღალია – ამ თაობის 20% აცხადებს, რომ ჩატბოტს მეგობრად მიიჩნევს, ხოლო 6% მასში რომანტიკულ პარტნიორსსაც კი ხედავს.
მიუხედავად ასეთი მჭიდრო კავშირისა, მომხმარებელთა აღქმა ერთგვაროვანი არ არის. უმრავლესობა ტექნოლოგიას პრაქტიკული კუთხით აღწერს – როგორც მრავალფუნქციურ ინსტრუმენტს, ძიების დამხმარეს, ბიბლიოთეკარს ან საუკეთესო ფასების ამომცნობს. ამავდროულად, არსებობს უკმაყოფილებაც, სადაც ჩატბოტებს მოიხსენიებენ როგორც გამაღიზიანებელ ინსტრუმენტს, მეტოქეს და უხარისხო კონტენტის გენერატორს.
ურთიერთობის სტილი
ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობისას მომხმარებელთა ქცევა იმდენად მრავალფეროვანია, რომ იგი ჩვეულებრივ კატეგორიზებას ნაკლებად ექვემდებარება. ნეირომეცნიერებისა და AI კვლევების მიხედვით, მომხმარებლებში გამოიკვეთა ურთიერთქმედების სამი ძირითადი სტილი.
პირველ ჯგუფს ავტომატიზატორები შეადგენენ. ისინი აზროვნების პროცესს სრულად გადააბარებენ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს და მის პასუხებს ყოველგვარი ეჭვის გარეშე იღებენ. მეორე ჯგუფია ვალიდატორები, რომლებიც ტექნოლოგიას მხოლოდ საკუთარი ვარაუდებისა და იდეების დასადასტურებლად იყენებენ. მესამე ჯგუფს კი კიბორგები, ანუ ჰიბრიდული აზროვნების მქონენი წარმოადგენენ. ეს მომხმარებლები ინარჩუნებენ ჯანსაღ სკეპტიციზმს, სვამენ დამატებით შეკითხვებს და AI-ს სთხოვენ, კრიტიკულად შეაფასოს მათივე პოზიცია.
კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალ შედეგებს სწორედ მესამე ჯგუფი აღწევს – ისინი ბევრად სჯობნიან ავტომატიზატორებს და თავად AI მოდელების ცდომილების ზღვარსაც კი აუმჯობესებენ. ასეთი ჰიბრიდული ინტელექტის გამოვლენა დამოკიდებულია არა AI-ის ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, როგორებიცაა ცნობისმოყვარეობა, ინტელექტუალური თავმდაბლობა და მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის უნარი.
ემოციური მხარდაჭერა
ახალგაზრდების მიერ AI-ის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ მოზარდობისა და ახალგაზრდობის ეტაპი ხშირად უკავშირდება სოციალურ სტრესს, სხვებთან შედარებასა და გაგების ძიებას. კვლევები გამოყოფენ ახალგაზრდების ორ მთავარ ჯგუფს ემოციების დამუშავების მიხედვით. პირველნი არიან სოციალური პროცესორები, რომლებიც AI-სთან კონსულტაციამდე ან პარალელურად ადამიანებს მიმართავენ, ხოლო მეორენი – პირადი პროცესორები, რომლებისთვისაც AI ემოციური მხარდაჭერის ძირითად წყაროდ ქცეულა.
ამგვარი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სამი ძირითადი რისკფაქტორი განაპირობებს. სოციალური იზოლაცია და განცდა, რომ რთულ მომენტში გვერდით არავინ არის, სხვებისთვის ტვირთად ქცევის შიში და გარშემომყოფებთან საკუთარი თავის სრულად გამოვლენის სირთულე. AI-ის მუდმივი ხელმისაწვდომობა და უპირობო მიმღებლობა მას ახალგაზრდებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის.
წყარო: Mashable












