in

„ბუეთი“ – ჩაის გაცოცხლებული ტრადიცია ტყიბულის პლანტაციებიდან

ჩაის საქართველოსთან მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. ესაა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ჩაის აღორძინებასა და განვითარებასთან ერთად, ქართული ბრენდებიც ჩამოყალიბდა, რომელთაგან ერთ-ერთია ტყიბულის მთებში დაბადებული ბრენდი „ბუეთი“. ბრენდის შექმნა მეგობრებმა გადაწყვიტეს. მათი მიზანი იყო ჩაის კულტურის ახლებური გადააზრება და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. ეს კულტურა მრავალი წლის განმავლობაში იყო მივიწყებული. ახლა კი, ამ ისტორიას უნიკალური კლიმატის მქონე ტყიბულის პლანტაციებიდან აგრძელებენ.

„ბუეთის“ ბრენდს დაარსებიდან დღემდე ქმნის გამოცდილი გუნდი, რომელსაც პირველი ჩაის კრეფისას და უკვე ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენისას შემოვუერთდი“, გვიამბობს „ბუეთის“ გაყიდვების ხელმძღვანელი ქეთევან კაკაურიძე, – „ჩვენი მიზანი იყო ჩაის წარმოების ტრადიციული და თანამედროვე  ტექნოლოგიების შერწყმით, ახალი სიცოცხლე შეგვეძინა ქართული ჩაის მრავალსაუკუნოვანი კულტურისთვის. ამ მიზნამდე კი გამოცდილი ადამიანების ცოდნითა და დახმარებით მივედით და შევძელით შეგვექმნა სრულფასოვანი პროდუქტი“.

M: რა მნიშვნელობა და ღირებულება აქვს თქვენთვის ჩაის კულტურას?

როდესაც გუნდს შემოვუერთდი და ამ ღირებულებების თანამოზიარე გავხდი, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თუ რამხელა ისტორია და კულტურა აქვს ჩაის წარმოებას საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩაის ხარისხი იწყება პლანტაციებიდან, მისი თითოეული ბუჩქიდან, რომელსაც დიდი გულისყურით უვლიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამხელა პლანტაციებში ჩაის ხელით კრეფენ, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს პროდუქტის  გემოვნურ თვისებებს. ჩაის დაყენებისა და მირთმევის კულტურა კი კიდევ ცალკე ისტორიაა.

M: როგორია „ბუეთი“, როგორც ბრენდი?

ბუეთის“, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება იმერეთის მხარისთვის, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანიჩაის კულტურის გაცოცხლება იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენ დასახულ მიზანს წარმატებით მივაღწიეთ, რადგან შევძელით თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების სინთეზით შეგვექმნა 100%-ით ქართული, მაღალი ხარისხის ჩაი იმერეთიდან

გარდა ამისა, ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, ამისათვის ჩვენს პლანტაციებსა და საწარმოში ვქმნით დასაქმების შესაძლებლობებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით კი ავთენტური ხასიათს ვძენთ ჩვენს პროდუქციას.

რაც შეეხება ბრენდის სახელს, ისიც იდეურად სწორედ იმერეთს უკავშირდება, რადგან ჩვენი პლანტაციების გარკვეული ნაწილი სწორედ სოფელ ბუეთში მდებარეობს.

M: როგორ იქმნება თქვენი პროდუქტი, სანამ ის მომხმარებლამდე მივა?

მომხმარებლამდე პროდუქტი ძალიან ბევრ ეტაპს გადის. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის პლანტაციების მოვლა, რომელიც 55 ჰექტარზეა გაშენებული სოფელ ბუეთსა და ცუცხვათში. უნიკალურ, მაღალმთიან პლანტაციებში მოყვანილი ჩაი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ბუჩქის პირველი სამი ფოთლის კერძოდ, კვირტისა და 2 ფოთლის ხელით კრეფა, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს პროდუქტის ხარისხს, რადგან ჩაის მთელი დადებითი თვისებები, ტანინები, კოფეინი და სხვა სწორედ ამ სამ ფოთოლში იყრის თავს. 

შემდეგ პროდუქტი საწარმოში გადის მთელ რიგ პროცედურებს, როგორიც არის ხარისხის დადგენა, საღნობ აპარატზე გადატანა და შემდეგ როლერში განთავსება, სადაც ხდება მისი დაგრეხვა, ფერმენტაცია, გამოშრობა და მექანიკური დახარისხება, იმისათვის რომ მომხმარებლამდე მივიდეს იდეალური პროდუქტი.

ამ ეტაპზე, „ბუეთი“ აწარმოებს 6 სახეობის მსხვილფოთლოვან ჩაის (შავი, მწვანე, მოცვის, ტყის კენკრის, ციტრუსისა და მცენარეულ ჩაის), როგორც დასაყენებელი მიმართულებით, ასევე ერთჯერად ბიოდეგრადირებად შეფუთვებში.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად და სად არის ხელმისაწვდომი „ბუეთის“ ჩაის შეძენა?

ბუეთი შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს ნამდვილი, ქართული ჩაის გემო. ჩვენი პროდუქტი, ამ ეტაპზე, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში, როგორებიცაა: ევროპროდუქტი, გუდვილი, წისქვილის ბაზარი, შირნჰოფერის რამდენიმე ფილიალი, წერტი და სხვა.

M: რა პროგრამებში მიგიღიათ მონაწილეობა და როგორ დაგეხმარათ?

ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ტრადიციასთან ერთად, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოთი შევქმნათ მაღალი ხარისხის ჩაი, სწორედ ჩვენი მხარდამჭერების და მათი პროგრამების დამსახურებაა, მათ შორისაა: სახელმწიფო პროგრამები, USAID-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა, გრეტა, აწარმოე საქართველო და ევროკავშირი საქართველოსთვის.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

განვითარებას რაც შეეხება, გვინდა ახალი არომატებისა და გემოების დამატება, იმისთვის რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი პროდუქცია. ასევე კომპანიას სამომავლოდ უამრავი იდეა და გეგმა აქვს, რაც სიახლის შემომტანი იქნება და ვიმედოვნებთ, ყველაფერი გამოვა.

[R]

Budweiser-მა Spotify-ის სიმღერები ლუდის რეკლამებად აქცია

Adidas-მა ეტლით მოსარგებლე კალათბურთელებისთვის უნიფორმა შექმნა