in

როგორ იქმნება ქართული ანიმაციური სერიალი „სხვა ლეველის ოდისეა“

„ეეე, ხოარ ღადაოობ?!“ – მართალია, ეს დავითას სიტყვებია, მაგრამ როცა ნაღდი ქართული ანიმაცია „სხვა ლეველის ოდისეას“ შესახებ გავიგეთ, ჩვენც იგივე გავიფიქრეთ. ჰო, დავითა ანიმაციის მთავარი გმირია, რომელიც მულტივერსში მოგზაურობს და პარალელურ სამყაროებში გაბნეულ ბოროტებას ებრძვის. ანიმაცია 10 მარტიდან გამოჩნდა ციფრულ სივრცეში და „კავეა+“-ზე უკვე შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ადევნოთ თვალი. ანიმაცია, დემლაბის ინიციატივით, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა. როგორც შემოქმედებითმა გუნდმა გვიამბო, „სხვა ლეველის ოდისეა“ არის ყველასთვის – ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის. ვისაც უყვარს თავგადასავლები, აინტერესებს უცნაური ამბები. ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები, ან თუ არსებობს – როგორია? ქართული ანიმაციური პროექტის შესახებ აღმასრულებელი პროდიუსერი ნინიკო ბოჯგუა, იდეის და სცენარის ავტორი, რეჟისორი ლაშა მილორავა და რეჟისორი და წამყვანი ანიმატორი ცოტნე რუსიშვილი გვიყვებიან.

M: რატომ აირჩიეთ სათქმელის გამოხატვის ეს ფორმა და საიდან გაჩნდა იდეა?

ნინიკო ბოჯგუა: ძალიან ეგოისტური მიზეზი მაქვს – ანიმაციური სერიალების სიყვარული. Tom and Jerry-ით დავიწყე (როგორც ალბათ, ჩემი ასაკის ადამიანების უმეტესობამ), მერე მოყვა Rugrats, Hey Arnold! Dexter’s Laboratory. წლიდან წლამდე, სია იზრდებოდა და იზრდებოდა.

ვფიქრობ, ანიმაციის ჟანრი უნივერსალური მედიუმია, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანი, გააჩინოს ემოციური კავშირები მაყურებელსა და პერსონაჟს შორის, გააცოცხლოს წარმოუდგენელი ფანტაზიები და გაგიყვანოს ყოველდღიურობიდან.

ლაშა მილორავა:სხვა ლეველის ოდისეაში“ მთავარი გმირი დავითა ტყუილების, პირდაპირი გაგებით, დამანგრეველ შედეგებს ებრძვის. სერიალის სინოფსისზე ფიქრისას ამოცანადაც ეგ მქონდა მაყურებლამდე სათქმელი რაც შეიძლება საინტერესო ფორმით მიმეტანა. ამ დროს, შემოვიდა მულტივერსის და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, ინვიდუალურად უნიკალური სამყაროების შექმნის იდეა თავისი წესებით, ტრადიციებით, კულტურით, ფიზიკით, გმირებით სადაც ჩვენ რეალობაში არსებული ტყუილები მეტაფორებადაა გადათარგმნილი და თითოეულ სამყაროს მორგებული. ანიმაციაში სამეცნიეროფანტასტიკა, აბსურდი და მეტასერიალის მიდგომა ერთად თანაარსებობს, მაგალითად, პორტალი სუპერგაჯეტების ნაცვლად, კოკაკოლათი, მენთოსითა და სპეციალური ფრაზის სამჯერ გამეორებით იხსნება, პერსონაჟებმა კი იციან, ანიმაციურ სერიალში რომ არიან და ხანდახან მაყურებელთანაც აქვთ ინტერაქცია.

M: ვინ ქმნის სერიალს და როგორია სამუშო პროცესი?

ნინიკო ბოჯგუა: სერიალზე მუშაობენ ანიმაციაზე ჩემზე მეტად შეყვარებული ადამიანები. წარმოების ყველა „ლეველზე“ ისეთი ხალხია ჩართული, რომელებიც პირველ რიგში, პროცესით იღებენ სიამოვნებას და სურთ, თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინონ. სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, რომ უმოკლეს დროში, ასეთი ანიმაციის  შეიქმნა გახდა შესაძლებელი.

მთელ შემოქმედებით ჯგუფს სერიალის კრედიტებში გაეცნობით, თუმცა ერთ განსაკუთრებულ აქტორს მაინც დავასახელებ და ეს ამერიკის საელჩოა, რომლის გარეშეც არ გვექნებოდა მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

ს.ლ.ო (ჩვენ ასე ვეძახით) პირველი პროექტია, რომელიც ერთდროულად ამხელა მასშტაბისაა და თან ყველას შვილივით გვიყვარს. ვფიქრობ, ნამუშევარს ეს ეტყობა და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც შეამჩნევს. თითოეული ნახატი, ჩრდილი, მოძრაობა თუ ხმა – სიფრთხილით  არის შერჩეული, თითოეული შტრიხი უამრავჯერ გადაკეთებული, რათა ანიმაციის საუკეთესო ვერსია მიგვეღო.

ცოტნე რუსიშვილი: ამ სერიალის შექმნისას ანიმაციასა და ვიზუალზე პასუხისმგებელი გუნდი ვცდილობთ, პროდუქტი ხარისხით მაქსიმალურად ახლოს იყოს ისეთ სერიალებთან, როგორებიც ყველას გვიყვარს და მოგვწონს სეზონიდან სეზონამდე “ვუზივართ”. გვინდა, განცდა გავაჩინოთ, რომ აქაც შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის დადება და მაყურებელსაც ვათქმევინოთ, აი, როგორც იქნა, აქაც კეთდება და „ასწორებს“. ვადებში და რესურსებში ძალიან ჩამოვრჩებით „იქაურ“ სანატრელ სტანდარტებს და ამ ყველაფრის გათვლისწინებით მიღებული შედეგი ნამდვილად დადებითად მოქმედებს ჩემი და მთლიანად გუნდის მოტივაციაზე უმაღლესი მიზნებისკენ სიარულში.

პროცესს რაც შეეხება, თავიდან „იბადება“ სცენარი, შემდეგ იქმნება კადრირება და პარალელურად, არტ დირექტორის ხელმძღვანელობით მუშავდება კონცეპტი, როგორები უნდა იყვნენ პერსონაჟები თუ გარემო. ანიმატორები პერსონაჟების საბოლოო ვარიანტებით ხელმძღვანელობენ.

შემდეგ ვჯდები და ვაკეთებ ანიმატიკს (ამ დროისთვის მსახიობების მიერ ჩაწერილი დიალოგები მაქვს უკვე), რომელიც შეიძლება სერიის „შავ ვერსიად“ ჩაითვალოს და მოიცავს უკვე ყველა ძირითად „მითითებას“ ანიმატორებისა და ფონების მხატვრებისთვის, რა როგორ უნდა იყოს. ანიმაციის პროცესს ორი ეტაპი აქვს: „შავი“ ანიმაცია და ამოხატვა/გაფერადება. ფონები ცალკე იხატება და ბოლოს, ხდება ფონებისა და ანიმირებული პერსონაჟების გაერთიანება ხდება, რასაც კომპოზიტინგი ჰქვია და სერიას საბოლოო ვიზუალური სახე ეძლევა.

M: თიზერით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ანიმაციაში ბევრი დეტალი სინქრონიზებული და შეჯერებულია. შემოქმედებითი თვალსაზრისით რომ მიმოვიხილოთ, რას გამოარჩევდით ნამუშევარში?

ცოტნე რუსიშვილი: რეჟისორების (ჩემი და ლაშა მილორავას) ხედვები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს სერიალი, უდიდესწილად ემთხვევა ერთმანეთს და ამ მხრივ, გაგვიმართლა ორივეს. თანამშრომლობა აბსოლუტურად ჯანსაღად და ხარვეზების გარეშე მიმდიანარეობს და სრულად ვენდობით ერთმანეთს.

გვაქვს ჩამოყალიბებული გეზი, რომლის განხორციელებაშიც გვეხმარება შესანიშნავი გუნდი, სტუდია „ანიმატორით“ დაწყებული, ხმაზე მომუშავე „ჰეიმათი“ დამთავრებული. ცალკე მინდა გამოვყო ჩვენი არტ დირექტორის, ანა მარკოზაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი კონტრიბუცია, რომელსაც ეს სერიალი ნამდვილად სხვა „ლეველზე“ აჰყავს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით, ნამუშევარში გამოვარჩევდი სცენარს (ამბავს), ანიმაციის ხარისხს, როგორსაც ჩემი აზრით, ქართულ ანიმაციაში მიჩვეულები არ ვართ და როგორც აღვნიშნე, ვიზუალურ მხარესა (პერსონაჟებს, გარემოს და ფონების მხატვრობას ვგულისხმობ) და ამ ყველაფრის საკმაოდ ორგანულ შეჯერებას.

M: ალბათ, გყავს საყვარელი პერსონაჟები. როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა შენი და მაყურებლების გემოვნება ამ ნაწილში – თუ გაქვს მოლოდინები ვინ იქნება ფავორიტი და ვის „გააქავერებენ“/დააციტირებენ/„გამიმავენ“ ყველაზე ხშირად?

ლაშა მილორავა: როგორც ანიმაციური ჟანრის უდიდეს მოყვარულს, პირველ რიგში, ისეთი სერიალი მინდოდა დამეწერა, მე თვითონ სიამოვნებით რომ ვუყურებდი, ყოველ ჯერზე. ახალ სერიებსაც შემოქმედებით ჯგუფს მანამდე არ ვუკითხავ, სანამ ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, რო ეს „ისაა“. პარალელურ სამყაროებზე ფიქრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ სამყაროს მაცხოვრებლების წარმოდგენაა: როგორი ანატომია აქვთ, როგორ გამოიყურება მათი ყოველდღიურობა, რას ფიქრობენ და საქმიანობენ. „სხვა ლეველის ოდისეაში“ თითქმის ყველა სერია ახალი სამყაროა, ახალი გმირებით, ახალი თავსატეხებითა და თავგადასავლებით. მაყურებელი არაერთ საინტერესო, სახალისო, კეთილ თუ ბოროტ, უცნაურ და კიდევ უფრო უცნაურ პერსონაჟს გაიცნობს. იმედია, შეიყვარებს კიდეც. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეექვსე სერიის ანტიგმირია, რომელსაც ვიცი, არაერთხელ მივუბრუნდები. „გამიმვით“ კი, ალბათ ყველაზე ხშირად დავითა და საუკეთესო ძმაკაცი – ბესო – გაიმიმებიან, რომელიც სეზონის შუიდან აქტიურად ერთვება ოდისეაში.  

M: რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ნამუშევრების შექმნას ქართული ანიმაციური მიმართულების განვითარებაში?

ცოტნე რუსიშვილი: ამ ნამუშევრის „მისიად“ მივიჩნევ ქართული ანიმაციის თამასის ზემოთ აწევას, ქართულ ანიმაციურ პროდუქტზე მაყურებლის მოთხოვნის გაზრდას, საერთაშორისო ასპარეზიდან ყურადღების მიპყრობას. რაც მთავარია, საქართველოში სტიმულის გაჩენას, რომ ქართულ ანიმაციაში ინვესტიციის ჩადება ღირს (განსაკუთრებით, კერძო სექტორის მხრიდან), რათა მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არ იყოს სფერო დამოკიდებული და გაჩნდეს ბევრი დამოუკიდებელი პროექტი, გაჩნდეს კონკურენცია, რაც წარმატების და მაღალი ხარისხის საწინდარია. ეს ყველაფერი გამოიწვევს სფეროს პოპულარიზაციას, გაიზრდება ანიმაციის მაღალ დონეზე კეთების მოთხოვნა, შემდეგ შეიძლება შესაბამისი სასწავლებლების ჩამოყალიბების სტიმულები გაჩნდეს, აღორძინდეს სფერო, რაც ყველასთვის კარგი იქნება: მაყურებლისთვის, არტისტებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ცნობადობის გაზრდისთვის და ა.შ.

M: როგორია სამომავლო გეგმები და რამდენ სერიას უნდა ველოდეთ?

ნინიკო ბოჯგუა: ნამდვილად ვიცით ის, რომ იქნება 4 სეზონი ანუ 40 სერია. გპირდებით იმასაც, რომ თითოეული მათგანი თავგადასავლებით, წარმოუდგენელი სამყაროებითა და არსებებით იქნება აღსავსე. დანარჩენი დამოკიდებულია სერიალის მთავარ გმირზე და იმაზე, რამდენად შეძლებს ამ დროში საკუთარი მისიის შესრულებას – დაამარცხოს მთავარი vilian-ი და რაც მთავარია, მაყურებელს შეაყვაროს თავი.

 

 

 

[R]

როგორ ვაქციოთ ერთსაათიანი შეხვედრები 7-წუთიანად?

რობოტი ARTEMIS ფეხბურთის მატჩისთვის ემზადება