2025 წლის გაზაფხულზე OpenAI-მ Codex Cloud წარადგინა. იდეა მარტივი იყო: პროგრამისტი ხელოვნურ ინტელექტს დავალებას მისცემდა, სხვა საქმეზე გადაერთვებოდა და მოგვიანებით შესრულებულ სამუშაოს შეამოწმებდა. აგენტს დამოუკიდებლად უნდა შეეცვალა კოდი, გაეშვა ტესტები და შედეგი მომხმარებლისთვის დაებრუნებინა. თუმცა ის, რაც კომპანიის შიგნით კარგად მუშაობდა, სხვა დეველოპერების ყოველდღიურობაში რთულად დამკვიდრდა.
მომდევნო თვეებში Codex-ის გუნდმა პროდუქტის განვითარების მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა. ჯერ აგენტი მომხმარებლის კომპიუტერზე გადაიტანა, შემდეგ კოდის რედაქტორებს მოარგო, ბოლოს კი დამოუკიდებელი აპლიკაცია შექმნა. ამ პროცესში შეიცვალა წარმოდგენაც, თუ რა როლი უნდა ჰქონოდა AI-ს მუშაობისას და რამდენად დამოუკიდებლად შეიძლებოდა მისთვის საქმის მინდობა.
Codex Cloud-ის პირველი დაბრკოლება მისი გამართვა იყო. მუშაობის დასაწყებად დეველოპერებს ღრუბლოვან გარემოში უნდა გადაეტანათ პროგრამები, პარამეტრები და წვდომები, რომლებსაც საკუთარ კომპიუტერში იყენებდნენ. ზოგჯერ ამას საათები სჭირდებოდა. შემდეგ კიდევ ერთი სირთულე ჩნდებოდა: გაშვებული დავალების პროცესში აგენტისთვის მიმართულების შეცვლა ვერ ხერხდებოდა, დამატებითი მითითების მიცემა კი ახალ სამუშაო გარემოს ქმნიდა.
OpenAI-ის თანამშრომლებს ეს პრობლემები ნაკლებად ეხებოდათ. მათი სამუშაო გარემო სტანდარტიზებული იყო, დავალებები კი მკაფიოდ განსაზღვრული. შიდა წარმატებამ გუნდს სრულად ვერ დაანახა, რამდენ ძალისხმევას მოითხოვდა პროდუქტი სხვა მომხმარებლებისგან. ამასთან, თავად მოდელებიც ჯერ ვერ ასრულებდნენ ყველა დავალებას იმ დამოუკიდებლობით, რომელსაც პროდუქტის იდეა გულისხმობდა.
იმავე პერიოდში Anthropic-ის Claude Code დეველოპერებს უფრო ნაცნობ გარემოში სთავაზობდა მუშაობას. აგენტი მათ კომპიუტერში არსებულ ფაილებსა და ინსტრუმენტებს იყენებდა. მომხმარებელს შეეძლო პროცესში ჩარევა, მითითებების დაზუსტება და მუშაობის გაგრძელება იქიდან, სადაც შეჩერდა. ამ მიდგომამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის უკვე გამართული სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
Codex-ის გუნდმაც ამ მიმართულებით გადაინაცვლა. ტიბო სოტიოს ხელმძღვანელობით თავიდან ააწყეს სისტემა, რომელიც აგენტს ფაილების წაკითხვის, ბრძანებების შესრულებისა და კოდში ცვლილებების შეტანის საშუალებას აძლევდა. მიზანი იყო, ეს სისტემა ერთ კონკრეტულ ინტერფეისზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და მომავალში ტერმინალშიც ემუშავა, კოდის რედაქტორშიც და ცალკე აპლიკაციაშიც.
პარალელურად, მკვლევრები მოდელს რეალური პროგრამირების ამოცანებისთვის ამზადებდნენ. შეჯიბრებებსა და ტესტებში კარგი შედეგები არ ნიშნავდა, რომ AI ისეთივე წარმატებით გაუმკლავდებოდა წლების განმავლობაში დაგროვილ, რთულ კოდს ან დავალებას, რომელსაც მომხმარებელი მუშაობისას შეცვლიდა. ამიტომ გუნდი პროგრამისტების ყოველდღიურ საქმიანობას აკვირდებოდა და მოდელის მიერ დაშვებულ შეცდომებს შემდგომი სწავლებისა და შემოწმებისთვის იყენებდა.
GPT-5-ის გამოსვლის შემდეგ Codex-ის გამოყენება გაიზარდა. კოდის რედაქტორებისთვის შექმნილმა გაფართოებამ განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი მიიზიდა. პროგრამისტებს შეეძლოთ AI-სთან ერთად გამოეკვლიათ შეცდომა, განეხილათ გამოსწორების გზა და ცვლილებები ეტაპობრივად შეეტანათ. 2025 წლის ოქტომბრისთვის Codex-ის გამოყენება ათჯერ მეტად გაიზარდა, მისი ყველაზე პოპულარული ფორმატი კი რედაქტორის გაფართოება გახდა.
წარმატების მიუხედავად, გუნდმა შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის სხვა ფორმატი აირჩია: დამოუკიდებელი დესკტოპაპლიკაცია. მოდელები უკვე უფრო ხანგრძლივ დავალებებს ასრულებდნენ და შესაძლებელი ხდებოდა რამდენიმე აგენტის ერთდროულად ამუშავება. ასეთ პროცესს სჭირდებოდა სივრცე, სადაც მომხმარებელი მარტივად დაინახავდა, ვინ რაზე მუშაობდა, სად იყო საჭირო მისი ჩარევა და რომელი შედეგი ელოდა შემოწმებას.
აპლიკაციის მოწყობა მიმოწერის პრინციპს დაეყრდნო. თითოეულ დავალებას ცალკე ჩატი ჰქონდა, საუბრები კი პროექტების მიხედვით ჯგუფდებოდა. მომხმარებელს შეეძლო ერთ აგენტთან შეცდომის გამოსწორებაზე ემუშავა, მეორისთვის ახალი ფუნქციის შექმნა დაევალებინა და მათ შორის საჭიროებისამებრ გადართულიყო.
ყველაზე სადავო გადაწყვეტილება აპლიკაციაში კოდის რედაქტორის არჩაშენება აღმოჩნდა. ეს ნიშნავდა, რომ უმცირესი ცვლილებისთვისაც მომხმარებელს აგენტისთვის უნდა მიემართა. თავიდან ასეთი მიდგომა თავად შემქმნელებსაც მოუხერხებლად ეჩვენებოდათ. ისინი ახალ აპლიკაციას ამუშავებდნენ, თუმცა საკუთარი ყოველდღიური საქმის შესასრულებლად ისევ ძველ ინსტრუმენტებს იყენებდნენ.
ამ გადაწყვეტილების გამართლებას მოდელის უკეთ მუშაობა სჭირდებოდა. 2025 წლის ბოლოს ახალი მოდელების გამოშვებამ მდგომარეობა თანდათან შეცვალა. გუნდის წევრებს აგენტისთვის მითითებების მიცემა კვლავ უწევდათ, მაგრამ კოდის ხელით შესწორება სულ უფრო იშვიათად სჭირდებოდათ. 2026 წლის დასაწყისისთვის აპლიკაცია უკვე მისი შემქმნელების ძირითად სამუშაო ინსტრუმენტად იქცა, შემდეგ კი OpenAI-ის სხვა გუნდებშიც გავრცელდა.
Codex-ის macOS აპლიკაცია საჯაროდ 2026 წლის 2 თებერვალს გამოვიდა. მასში რამდენიმე აგენტი კოდის ცალკეულ ასლებზე მუშაობდა, რათა ერთმანეთის ცვლილებებისთვის ხელი არ შეეშალათ. მომხმარებელს შეეძლო რომელიმე დავალებისთვის ყურადღებით ედევნებინა თვალი, სხვები კი დამოუკიდებლად შესასრულებლად დაეტოვებინა.
მომდევნო თვეებში აპლიკაციის შესაძლებლობები პროგრამირებას გასცდა. დაემატა ბრაუზერი, სხვა აპლიკაციებთან მუშაობა და დოკუმენტების, პრეზენტაციებისა თუ ცხრილების ჩვენება. ივნისისთვის Codex-ს ყოველკვირეულად ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი იყენებდა. მათგან დაახლოებით ყოველი მეხუთე მას პროგრამირების მიღმა, სხვა პროფესიული ამოცანებისთვის მიმართავდა. ივლისში კი Codex-ის აპლიკაცია ChatGPT-ის განახლებული დესკტოპვერსიის საფუძველი გახდა.
ასეთ სწრაფ ცვლილებებს გუნდის მუშაობის წესიც უწყობდა ხელს. მას საკუთარი პროდუქტისა და მოდელების განვითარებისთვის საკმარისი დამოუკიდებლობა ჰქონდა. ამასთან, შემქმნელები თავად Codex-ს იყენებდნენ Codex-ზე სამუშაოდ, რაც მცირე გუნდს ახალი იდეების სწრაფად აწყობისა და გამოცდის საშუალებას აძლევდა.
პირველი ვერსიის წარუმატებლობის მიუხედავად, OpenAI-ს ღრუბელში დამოუკიდებლად მომუშავე აგენტის იდეაზე უარი არ უთქვამს. გუნდმა დაინახა, რა უნდა მოეგვარებინა მანამდე: მომხმარებელს მუშაობის დაწყება უნდა გამარტივებოდა, პროცესში ჩარევის საშუალება ჰქონოდა და გამოცდილებით გაეგო, რომელი დავალების მინდობა შეეძლო AI-სთვის. სწორედ ამ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტამ გაუხსნა Codex-ს გზა უფრო ფართო გამოყენებისკენ.












