ეს კვლევა გვეხმარება დავადგინოთ, როგორ ინახავს ადამიანის ტვინი მოგონებებს და აქვს თუ არა გავლენა მეხსიერების ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. NIH-ის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტვინის უჯრედები ცალკეულ მოვლენებს შორის „საზღვრებს“ ქმნის. მკვლევრებმა ჩვენს ტვინში ორი ტიპის უჯრედიც გამოავლინეს, რომლებიც მოგონებების ორგანიზებაში მონაწილეობს.
„ეს ნაშრომი გარდამტეხი იქნება მკვლევრებისთვის. ადამიანთა ნეირომეცნიერებაში შემოაქვს მიდგომა, რომელიც ადრე სხვა პრიმატებსა და მღრღნელებში გამოიყენებოდა, უშუალოდ ნეირონების ჩაწერით, რომელიც წარმოქმნის აზრებს“, — ამბობს, პროგრამის ხელმძღვანელი ჯიმ გნადტი.
კვლევა მარტივი კითხვით იწყება: როგორ აყალიბებს ჩვენი ტვინი მოგონებებს? რა არის მეხსიერებისთვის დასაწყისი და დასასრული? ამ თეორიას „მოვლენის სეგმენტაციას“ უწოდებენ. კვლევაში 20 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ტვინს აკვირდებოდნენ მაშინ, როცა ისინი ფილმებს უყურებდნენ. ეს კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპის „კოგნიტიურ საზღვრებს“ მოიცავდა.
ამ საზღვრების პირველ ტიპს „რბილი საზღვარი“ უწოდეს. ერთი ისტორია სხვადასხვა კადრით არის მოცემული, მაგალითად, ბეისბოლის თამაშისას ნაჩვენები იყო მოედანი, შემდეგი კადრი კი მოთამაშეზე გადადიოდა. „მყარი საზღვრის“ შემთხვევაში კი მოთამაშის შემდგომი კადრი შეიძლებოდა, რეკლამა ყოფილიყო. ძირითადი განსხვავება საზღვრებს შორის კვლევის პირველმა ავტორმა, ჯი ჟენგმა განმარტა: „ეს ერთი და იგივე ამბის ახალი სცენაა თუ სრულიად განსხვავებულ ამბავს ვუყურებთ? ის, თუ რამდენად იცვლება ნარატივი ერთი კლიპიდან მეორემდე, კოგნიტიური საზღვრის ტიპს განსაზღვრავს“.
მკვლევრებმა ცდისპირების ტვინის აქტივობაც ჩაწერეს და უჯრედების ორი განსხვავებული ჯგუფი შენიშნეს. „სასაზღვრო უჯრედები” უწოდეს მას, რომელიც „მყარ“ ან „რბილ საზღვრებს“ მათი აქტივობის მიხედვით პასუხობდა. ხოლო მეორე — „მოვლენის უჯრედები“ მხოლოდ მყარ საზღვრებს პასუხობდა. შესაბამისად, გაჩნდა თეორია, რომ ახალი მოგონება იქმნება მაშინ, როცა ჩვენს ტვინში როგორც „სასაზღვრო”, ისე „მოვლენის უჯრედების“ აქტივობაში პიკი შეინიშნება.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს სურათების ტელეფონსა და კომპიუტერში შენახვას ჰგავს.
„საზღვრის პასუხი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ახალი ფოტო-მოვლენის შექმნა, მოგონებების შექმნა კონკრეტულ მოვლენაზე კი ახალი ფოტოების დამატებას ჰგავს. „რბილი საზღვრები“ ერთი მოვლენის ახალ სურათებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. „მყარი საზღვრების“ დროს კი ეს მოვლენა მთავრდება და რაღაც ახალი იწყება“, — აღნიშნა დოქტორმა რუტიშაუზერმა.
ამის შემდეგ მეცნიერები დააკვირდნენ, როგორ იხსენებს ჩვენი ტვინი კონკრეტულ მოვლენებს. დადგინდა, რომ იგი საზღვრების პიკს იყენებს, რაც კონკრეტული მოვლენიდან მთავარი ფოტოს იდენტიფიცირებას ჰგავს… მკვლევრებმა მეხსიერების ორი განსხვავებული ტესტი გამოიყენეს. პირველში მონაწილეებს უძრავი სურათების სერია აჩვენეს და ჰკითხეს, იყო თუ არა ისინი იმ ფილმებიდან, რომლებსაც ახლახან უყურეს. მათ კი ახსოვდათ ის ფოტოები, რომლებიც „მყარი“ და „რბილი საზღვრიდან“ მალევე წარმოიქმნებოდა. მეორე ტესტში მათ ფილმებიდან წყვილი სურათები აჩვენეს, შემდეგ მონაწილეებს ჰკითხეს, ორი სურათიდან რომელი გამოჩნდა პირველი. როგორც აღმოჩნდა, მათ სწორი გამოსახულების არჩევა გაუჭირდათ მაშინ, როცა ეს ორი გამოსახულება მყარი საზღვრის სხვადასხვა მხარეს იყო.
რადგანაც მოვლენების სეგმენტაციას მეხსიერების დარღვევების მქონე ადამიანებზე დიდი გავლენა აქვს, კვლევის შედეგები ახალი თერაპიის შემუშავებაშიც დაგვეხმარება.