in

როგორ იყენებს სემ ალტმანი AI-ს დროის დასაბრუნებლად?

Lenovo
Lenovo

სემ ალტმანისთვის დილა ყოველთვის დღის ყველაზე პროდუქტიული ნაწილი იყო. სწორედ ამ დროს ჰქონდა ყველაზე მეტი ენერგია საფუძვლიანი მუშაობისა და ახალი იდეებისთვის. OpenAI-ის მართვასთან ერთად ეს ჩვევა თანდათან შეიცვალა: თითქმის ყოველ დილით ჩნდებოდა საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვდა და დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საათებიც მის მოგვარებაში იხარჯებოდა.

ახლა ამ პროცესის დიდი ნაწილი მის Dot-ს, OpenAI-ის ახალ მუდმივად მოქმედ AI აგენტს, აქვს გადაბარებული. ალტმანმა საკუთარ აგენტს დროებით „Dotty“ დაარქვა, სანამ, როგორც თავად ამბობს, უკეთეს სახელს მოიფიქრებს. Dotty დღის დასაწყისში დაგროვილ საკითხებს ამუშავებს, არჩევს, რას სჭირდება მისი დაუყოვნებლივი ყურადღება და ალტმანს მხოლოდ მნიშვნელოვან შემთხვევებში აწუხებს.

„ისევ მაქვს სივრცე შემოქმედებისთვის ან უბრალოდ შვილებთან დროის გასატარებლად“, – ამბობს ალტმანი. მისი თქმით, ეს ერთი შეხედვით პატარა ცვლილებაა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

Dots OpenAI-მ DevDay 2026-ზე წარადგინა, სადაც კომპანიამ მთლიანობაში 22 ახალი პროდუქტი და ფუნქცია გამოაცხადა. ახალი აგენტები მუდმივად აქტიურია, შეუძლიათ სხვადასხვა წყაროდან კონტექსტის გაერთიანება და დავალებებზე მუშაობის გაგრძელება მაშინაც, როცა მომხმარებელი თავად ChatGPT-ს აღარ იყენებს.

ამასთან, ალტმანის შემთხვევაში Dot მხოლოდ ინფორმაციის გაფილტვრას არ ემსახურება. მან აგენტის დახმარებით პროდუქტების შექმნაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ ალტმანს ახალი ფუნქციის იდეა გაუჩნდა, რომლის სხვა ადამიანებისთვის იმდენად დეტალურად ახსნა, რომ მათ ზუსტად ის შეექმნათ, რაც თავად წარმოედგინა, საკმაოდ რთული იქნებოდა. ამიტომ, იდეა პირდაპირ Dotty-ს გადასცა. თავისუფალ მომენტებში აგენტს შენიშვნებს უტოვებდა, უხსნიდა, როგორ უნდა ემუშავა ფუნქციას, Dotty კი რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას ქმნიდა, რომ შემდეგ ალტმანს თავად აერჩია.

მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა შესაძლებლობა, ძილის წინ გრძელი ხმოვანი შეტყობინება დატოვოს იდეებით და დილით აღმოაჩინოს, რომ აგენტმა არა მხოლოდ მოთხოვნილი რამ შექმნა, არამედ შემდეგი რამდენიმე ნაბიჯიც დამოუკიდებლად შეასრულა.

„ძილის წინ გრძელ ხმოვან ჩანაწერს ტოვებ, სადაც ყველაფერს ამბობ, რაც თავში მოგდის, დილით კი იღვიძებ და არა მხოლოდ გაკეთებულია ის, რაც სთხოვე, არამედ შემდეგი შვიდი ნაბიჯიც გავლილია“, – ამბობს ალტმანი.

რატომ იყენებს ალტმანი მხოლოდ Ultrafast-ს?

ალტმანის სამუშაო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Astra Ultrafast-ია. მისი თქმით, ახლა მოთხოვნებს თითქმის ყოველთვის სწორედ ამ რეჟიმში აგზავნის. ამის ასახსნელად ის ინტერფეისების დიზაინერ ბრეტ ვიქტორის იდეას იმოწმებს: შემქმნელს საკუთარ იდეასა და შედეგს შორის რაც შეიძლება მცირე დაყოვნება სჭირდება. თუ ცვლილებას აკეთებ და შედეგს მაშინვე ხედავ, ფიქრისა და ექსპერიმენტის პროცესი ბევრად სწრაფად ვითარდება.

Ultrafast სწორედ ამ სისწრაფეს აძლევს. Codex-ის ეს რეჟიმი პასუხს სტანდარტულზე რვაჯერ სწრაფად აბრუნებს, თუმცა გამოყენების ლიმიტსაც დაახლოებით რვაჯერ სწრაფად ხარჯავს.

ალტმანის თქმით, მანამდე ვერ ხვდებოდა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა პასუხის სისწრაფეს მის აზროვნებაზე. როცა იდეას თითქმის დაუყოვნებლივ ამოწმებს, შეუძლია სწრაფად შეცვალოს დეტალი, ნახოს შედეგი და ისევ განაგრძოს. AI-სთან დიალოგი ამ შემთხვევაში უფრო მეტად უშუალო შემოქმედებით პროცესს ემსგავსება.

აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც: თუ სწრაფი და ძლიერი AI ადამიანებს მეტის შექმნის საშუალებას აძლევს, რა ხდება მაშინ, როცა საუკეთესო შესაძლებლობები მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც მაღალი ფასის გადახდა შეუძლია?

ალტმანი ფიქრობს, რომ დღევანდელი Ultrafast-ის სისწრაფე დროთა განმავლობაში გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა ამ დროისთვის უკვე იარსებებს უფრო სწრაფი და ძლიერი სისტემა, რომელიც ისევ ძვირი იქნება. მისი აზრით, AI-ში მუდმივად იარსებებს შესაძლებლობების ახალი ზღვარი, იქნება ეს ინტელექტი, სიჩქარე თუ სხვა მახასიათებელი, რომელზეც ყველაზე ადრე წვდომა მეტიც ეღირება.

AI და ახალი რენესანსის იდეა

ალტმანის ხედვა AI-ის მომავალზე მხოლოდ პროდუქტიულობას არ ეხება. ის ფიქრობს, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა ადამიანებისთვის სრულიად სხვა ტიპის შემოქმედებითი პერიოდი შექმნას.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა, ალტმანის თქმით, ამავე დროს ბევრი ადამიანი ძალიან ვიწრო და სპეციალიზებულ როლში მოაქცია. ადამიანი ხშირად უზარმაზარი სისტემის ერთ პატარა ნაწილად იქცა და ყოველდღიური საქმიანობა იმ პროცესებს დაშორდა, რომლებიც ცხოვრებას პირადად მისთვის საინტერესო და ღირებულს ხდიდა.

AI-ის მომავალს ალტმანი უფრო რენესანსს ადარებს, პერიოდს, როცა ადამიანური შესაძლებლობების გაფართოების განცდა არსებობდა. თუ პროდუქტის შექმნა, კომპანიის დაწყება, პროგრამირება, კვლევა ან შემოქმედებითი პროექტის განხორციელება გაცილებით მარტივი გახდება, უფრო მეტ ადამიანს შეეძლება იმ იდეებზე მუშაობა, რომლებიც აქამდე მხოლოდ ცოდნის, დროის ან რესურსის ნაკლებობის გამო რჩებოდა განუხორციელებელი.

მისი წარმოდგენით, AI-ის საუკეთესო შედეგი არ იქნება სამყარო, სადაც ადამიანების საქმეები მთლიანად ავტომატიზებულია. მას უფრო აინტერესებს სცენარი, სადაც ტექნოლოგია ადამიანებს რუტინული სამუშაოს ნაწილს ართმევს და დროს უბრუნებს მეცნიერებისთვის, ხელოვნებისთვის, ახალი კომპანიების შესაქმნელად ან უბრალოდ იმ საქმიანობებისთვის, რომელთა კეთებაც თავად სურთ.

ალტმანის პირადი მაგალითიც სწორედ ამ იდეის მცირე ვერსიაა. Dotty მის ნაცვლად არ წყვეტს, რა უნდა შექმნას ან რაზე უნდა იფიქროს. ის ცდილობს გზიდან მოაშოროს საკითხები, რომლებიც ყურადღებას ფრაგმენტულად ართმევს. ამიტომ, მისთვის AI-ის ღირებულება მხოლოდ იმით არ იზომება, რამდენ საქმეს ასრულებს. უფრო საინტერესოა, რამდენ დროს აბრუნებს და რას აკეთებს ადამიანი ამ დროით. ალტმანის შემთხვევაში პასუხი საკმაოდ მარტივია: ისევ ქმნის ახალ პროდუქტებს, ფიქრობს ახალ იდეებზე და ზოგჯერ დილას უბრალოდ შვილებთან ატარებს.

ექიმთან ჩაწერა მარტივად – „თოდუას კლინიკამ“ სამედიცინო სფეროში პირველი AI ასისტენტი შექმნა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება