შესაძლოა, მალე ეკოლოგიის სპეციალისტებსა და კინორეჟისორებს ახალი ინსტრუმენტი ჰქონდეთ ხელთ — კამერა, რომელიც სამყაროს ისე ხედავს, როგორც სხვადასხვა ცხოველი… საინტერესოა, არა?! ვიზუალიზაციის სისტემა ნამდვილად მატებს ახალ ფერს ველური ბუნების ჩვენეულ აღქმას. ცხოველების თვალებში ნაპოვნ ფოტორეცეპტორებს იმეორებს და ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ მოძრაობს სხვადასხვა სახეობა და როგორ ურთიერთობს გარემოსთან. მაგალითისთვის ჩვენი ფრთებიანი მეგობრებიდან ზოგიერთი, იქნება ეს ფუტკარი თუ ჩიტები, ფერებს ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამს, იმ ულტრაიისფერ სხივებს ხედავს, რომლებიც ჩვენთვის უხილავია.
თუ ამ საკითხში ცოტა ჩახედული ხართ, ალბათ, ახლა სპექტროფოტომეტრია გაგახსენდათ, რომელიც უდავოდ გამოსადეგია, მაგრამ რაღაც შეზღუდვებიც ახლავს თან — შრომატევადია, განათების სპეციალურ პირობებს საჭიროებს და არც მოძრავი სურათების გადაღება შეუძლია…
ახალი კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა კი სწორედ ამ გამოწვევების დაძლევას გვთავაზობს, ვიდეოების ჩაწერით 4 ფერში, იქნება ეს ლურჯი, მწვანე, წითელი თუ ულტრაიისფერი. სისტემა მოძრავი ობიექტების ვიდეოებს ბუნებრივი განათების პირობებში ცხოველთა ხედვით იღებს, რაც, წინა მეთოდებთან შედარებით, მნიშვნელოვან წინსვლას გვთავაზობს. მიღებული მონაცემები კი ზუსტად ისე შეიძლება დამუშავდეს, რომ გავიგოთ, როგორ აღიქვამენ ცხოველები ფერებს. თანაც მას აღქმული ფერების პროგნოზირება 92%-იანი სიზუსტით შეუძლია.
რაც შეეხება დიზაინს, კომერციულად ხელმისაწვდომ კამერებს მოდულარულ 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებულ ქეისში გვთავაზობენ. შესანიშნავ შესაძლებლობასაც აჩენს კინორეჟისორებისთვის, რათა მეტად დინამიკური, ზუსტი პრეზენტაციები შემოგვთავაზონ იმისა, თუ როგორ მოძრაობენ ცხოველები და ფრინველები სამყაროში, როგორია მათი ქცევა და როგორ ამყარებენ ისინი ურთიერთობას გარესამყაროსთან.
„დიდი ხანია მოხიბლული ვართ იმ გზებით, რომლითაც ცხოველები სამყაროს ხედავენ. სენსორული ეკოლოგიის თანამედროვე ტექნიკები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სტატიკური სცენები ცხოველისთვის, თუმცა ისინი მოძრავ სამიზნეებზე ხშირად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, იქნება ეს საკვების მოპოვება, პოტენციურ მეწყვილეზე დაკვირვება თუ სხვა“, — განმარტავს დენიელ ჰენლი, კვლევის ავტორი.