ადამიანის ტვინი დაბადებიდანვე ფლობს ზუსტად იმავე შემეცნებით მექანიზმს, რითაც ისტორიაში ცნობილი გენიოსები სარგებლობდნენ. თუმცა გონებაში არსებული სპეციფიკური ნეირონული ქსელი წლების განმავლობაში ცდილობს ადამიანის საპირისპიროში დარწმუნებას და უქმნის ილუზიას საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობაზე. ნევროლოგი ჯოშ ტარკნეტი თავის ნაშრომში ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა რესურსს მალავს სინამდვილეში ადამიანის ტვინი.
შეუმჩნეველი ინტელექტუალური მიღწევები
ტექსტის კითხვისას ტვინი უაღრესად რთულ ოპერაციას ასრულებს. მაგალითად, სიმბოლოების ნაკადს სიტყვებად შლის, მათ მნიშვნელობას წამიერად ამოიცნობს, აზრებად აერთიანებს, გრამატიკულ წესებს არგებს და პარალელურად ტექსტის ტონსა და ქვეტექსტს იაზრებს. ეს ყველაფერი ავტომატურად, მყისიერად და ძალდატანების გარეშე ხდება. მსგავსი სირთულისაა ხალხმრავალ ქუჩაში ნაცნობის სახის წამიერი ამოცნობა ან ოთახში გადაადგილება საუბრის შეწყვეტის გარეშე.
არაჩვეულებრივი გონება
ალბერტ აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ მკვლევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მის ტვინში განსაკუთრებულ ანატომიურ მახასიათებლებს აღმოაჩენდნენ. თუმცა დეტალურმა პათოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკურად მისი ტვინი სრულიად ჩვეულებრივი იყო, საშუალოზე ოდნავ მცირე ზომისაც კი. თავად მეცნიერიც აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა.
თანამედროვე ნეირომეცნიერება ადასტურებს, რომ ნეირონულ დონეზე ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა, ცეკვა თუ თეორიული ფიზიკა ერთი და იმავე ბიოლოგიური პროცესებით მიმდინარეობს. ყველა განსაკუთრებული უნარი ყალიბდება სწავლის იმავე მექანიზმით, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გონებაშია ჩადებული.
შინაგანი ხმა
გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა, როდესაც ეპილეფსიის სამკურნალოდ პაციენტებს ტვინის ნახევარსფეროებს უცალკევებდნენ, უნიკალური კანონზომიერება გამოავლინა. მარჯვენა ნახევარსფეროსთვის მიცემულ ბრძანებაზე ადამიანმა სიარული დაიწყო, ხოლო მარცხენა ნახევარსფერომ, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი და ამ დავალების შესახებ არაფერი იცოდა, ქცევის უცოდინრობის აღიარების ნაცვლად დამაჯერებელი ამბავი გამოიგონა, თითქოს ზარების ხმა გაიგონა და ფანჯარაში გახედვა მოუნდა.
ტვინში ფუნქციონირებს სისტემა, რომლის მთავარი საქმე არა ობიექტური სიმართლის ასახვა, არამედ დამაჯერებელი ისტორიების შეთხზვაა, რათა ადამიანმა საკუთარ თვალში სტაბილური იდენტობა შეინარჩუნოს. ეს შინაგანი მთხრობელი ადგენს იმ წარმოდგენებს, თუ რა შეუძლია ადამიანს და რა – არა, რა გამოაჩენს მას ჭკვიანად ან სასაცილოდ. ეს შინაგანი ხმა და შემოქმედებითი პოტენციალი ერთდროულად ერთსა და იმავე ნეირონულ რესურსს ვერ მართავს, ამიტომ საბოლოო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს ეთმობა მთავარი როლი.
ტვინის მდგომარეობების ცვლილება დღის განმავლობაში
ხშირად სიტყვა ან სახელი მეხსიერებიდან თითქოს ქრება და დაძაბული ძებნა უშედეგოა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მოდუნებულ მდგომარეობაში, ის თავისით ამოტივტივდება. დაძაბული ძებნის პროცესი თავად უშლიდა ხელს საჭირო ნეირონულ წრედთან დაკავშირებას. სწორედ ამიტომ, გამომსვლელები ზოგჯერ სცენაზე კარგავენ აზრს, კულისებში გასვლის შემდეგ კი ყველაფერი ახსენდებათ.
კლინიკურ პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ტვინის მეტყველების ცენტრის დაზიანების პარალელურად უეცრად მხატვრობის გამორჩეული ნიჭი აღმოაჩნდებათ ხოლმე, მაშინ როცა მანამდე ხატვის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონიათ. ეს ადასტურებს, რომ ფარული შესაძლებლობები ყველას გააჩნია. ცნობილი მოაზროვნეები მიზანმიმართულად იცვლიდნენ გონებრივ მდგომარეობას. აინშტაინი ტყეში ხანგრძლივად სეირნობდა, ჩარლზ დარვინი ყოველდღე ერთსა და იმავე ბილიკს გადიოდა, ხოლო სალვადორ დალი თვლემას იყენებდა იდეების მოსახელთებლად. მათ კარგად ესმოდათ, რომ საუკეთესო მიგნებები არა სამუშაო მაგიდასთან დაძაბული ჯდომისას, არამედ მოდუნებულ რეჟიმში იბადება.
ტვინის პლასტიკურობა
ზრდასრულ ასაკში სწავლა უფრო რთული იმიტომ ჩანს, რომ ტვინს ნაკლები რამის შეცვლა სჭირდება. ბავშვობაში ტვინი ინტენსიური მშენებლობის რეჟიმშია, ზრდასრულ ასაკში კი ძირითადი ბაზა უკვე გამართულია. როგორც ეფექტიანი სისტემა, ტვინი ენერგიას უფრთხილდება და მექანიზმებს მხოლოდ მაშინ ცვლის, როდესაც ამის რეალურ საჭიროებას ხედავს. ახალი ინსტრუმენტის შესწავლა თუ უცხო სფეროს ათვისება გადარჩენის აუცილებლობა აღარ არის, ამიტომ ტვინს ინტერესის მიზეზი უნდა მიეცეს, რისთვისაც ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობაა.
წყარო: Fastcompany











