დელიკატური ბალანსი უნდა დაიცვათ, როდესაც მენეჯერს ეუბნებით, რომ გარკვეული მიზეზების გამო მასთან მუშაობა დისკომფორტს გიქმნით. სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირების გაცემა. მის ფორმასა და შინაარსს მენეჯერები დიდ ყურადღებას აქცევენ. თუმცა თანამშრომლებისთვის მათ მიერ შესრულებულ კარგ სამუშაოზე საუბარი ავიწყდებათ ხოლმე, რის გამოც ბევრი ადამიანი ითრგუნება. მენეჯერებს არავინ ეუბნება როგორ გაუმჯობესდნენ. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი დაკავებულ პოზიციაზე ყოველგვარი ტრენინგის გარეშეა დაწინაურებული.
მენეჯერებთან საუბრისას უმჯობესია დაიცვათ ბალანსი და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე სალაპარაკოდ შესაბამისი დრო და ტერმინოლოგია შეარჩიოთ. ადამიანებს მყისიერად ერთვებათ თავდაცვის რეჟიმი, როცა გრძნობენ, რომ აკრიტიკებენ, ამიტომაც იდეალური იქნება, თუ არსებული პრობლემის გადასაჭრელად ძალების გაერთიანებას შესთავაზებთ. მაგალითად, თუ თქვენი უფროსი გამუდმებით ამოწმებს თქვენს შედეგებს, თავზე გადგათ და ამით დისკომფორტი გექმნებათ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისთვის სასურველი ფორმით მიაწვდით ინფორმაციას, რაც დაზოგავს მენეჯერის დროსა და ენერგიას.
აუცილებლად გამოხატეთ თანამშრომლობის სურვილი. მენეჯერმა უნდა იგრძნოს, რომ მისი დახმარება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ რეაგირებს, როდესაც თქვენი პრობლემის შესახებ უყვებით. შეგიძლიათ წინადადების შემდეგი ფორმულირება გამოიყენოთ: „ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ მსურს გულწრფელი ვიყო. როცა შეტყობინებებზე პასუხს არ მცემთ, ვგრძნობ, რომ არ აფასებთ ჩემს იდეებს. შემიძლია რამე გავაკეთო, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ეფექტური გავხადო?“ კარგი მენეჯერი დააფასებს ამგვარ მიდგომას და იმუშავებს შეცდომის გამოსასწორებლად. თქვენი სამსახურებრივი ცხოვრებაც ბევრად ჰარმონიული გახდება.