სამსახურის ძებნისას მრავალი გასაუბრების გავლა გვიწევს, თუმცა უკუკავშირს ნაკლებად ვიღებთ… აქ კი ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს — თუ არ მოითხოვ, ვერ მიიღებ. სწორედ ამიტომ, ახლა იმ გზებზე ვისაუბროთ, რომლებიც გასაუბრების დროს, ან შემდეგ, უკუკავშირის მიღებაში დაგეხმარებათ.
მოითხოვეთ უკუკავშირი საუბრის ბოლოს
„მოგვიყევით თქვენ შესახებ“ — ეს ფრაზა ალბათ ყველას სმენია, ვინც გასაუბრებაზე ერთხელ მაინც ყოფილა. დამსაქმებელს სურს ცოტა რამ გაიგოს თქვენზე, თქვენს გამოცდილებაზე ან თუნდაც, სასურველ ხელფასზე. მაგრამ აქ საუბარი უბრალოდ არ უნდა დაასრულოთ და, სასურველია, მას ჰკითხოთ: ჩვენი გასაუბრების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, შეეფერება ჩემი გამოცდილება ამ სამუშაოს? შემდეგ კი პასუხი გაშიფრეთ.
თუ დადებით უკუკავშირს მიიღებთ, საუბარი გააგრძელეთ, მაგალითად, ისეთი კითხვით, როგორიცაა: „არის თუ არა ისეთი რამ, რაც შემდეგი ინტერვიუსთვის უნდა გავითვალისწინო?“. შეიძლება, მიღებულმა პასუხმა საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მოგცეთ.
რაც შეეხება ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, „ჩვენ ახლა დავიწყეთ გასაუბრებების ჩატარება“, „კიდევ ბევრი კანდიდატია, რომელთაც უნდა გავესაუბროთ“, მაშინ იყენებენ, როცა თქვენ მათთვის საუკეთესო კანდიდატი არ ხართ. თუმცა აქაც არ უნდა დანებდეთ და ჰკითხოთ მას — „რა დამატებითი ინფორმაცია გსურთ, რომ მოგაწოდოთ ამ ვაკანსიაზე ჩემი კანდიდატურის უკეთ განსახილველად?” თუ დამქირავებელი საუბარს გააგრძელებს რამდენიმე წუთი მოგეცემათ, რათა უფრო მეტი მოუყვეთ თქვენ შესახებ და დასაქმების შანსიც გაზარდოთ. ან, შესაძლოა, მისგან ისეთი პასუხი მიიღოთ, რაც სხვა გასაუბრებების დროს გამოგადგებათ.
მოითხოვეთ უკუკავშირი ყველა ეტაპის შემდეგ
პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, გასაუბრებისა და პანელური ინტერვიუების გავლა უკვე უშუალოდ თქვენ დამქირავებელთან მოგიწევთ. ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ, იკითხოთ: „როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ჩემი უნარების გამოყენება თქვენი კომპანიის სასარგებლოდ?“, მიღებული პასუხით გამჟღავნდება, იყო თუ არა თქვენი გზავნილი მკაფიო, ან გჭირდებათ თუ არა ამის სხვანაირად გადმოცემა.
უფრო მეტი უკუკავშირის მისაღებად კი, ყოველი გასაუბრების შემდეგ მადლობის წერილები უნდა დაწეროთ და დამსაქმებლებს გაუგზავნოთ. აქვე შეგიძლიათ იკითხოთ : „გაქვთ თუ არა უკუკავშირი ან ხომ არ უნდა გავაკეთო რაიმე გასაუბრების ტექნიკის გასაუმჯობესებლად?“
თუმცა ეს ინტერვიუს ჩატარების პროცესში ბევრად უფრო მარტივია. თანაც, დამსაქმებლებს სურთ ბოლომდე ჩართული და დაინტერესებული იყოთ კონკრეტული სამუშაოთი. მათაც უნდათ ყოველი ეტაპი წარმატებით გადალახოთ, ეს კი მანამ გაგრძელდება, სანამ ისინი არ გაიგებენ, რამდენად შესაფერისი ხართ კონკრეტული კანდიდატურისთვის.
დასვით კითხვები, რომლითაც კომპანიის კულტურასთან შესაბამისობას დაადგენთ
„კულტურული მორგება“ გულისხმობს კანდიდატების შერჩევის პროცესს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რითაც დაადგენენ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს კონკრეტული ადამიანის კულტურამ, მისმა ქცევამ, ენერგიამ თუ სამსახურისადმი მიდგომამ კომპანიაზე. თუ, მაგალითად, სამსახურში არ აგიყვანეს, აუცილებლად იკითხეთ, რამდენად მოერგება თქვენი კულტურული ხედვა სამომავლო შესაძლებლობებს. მართალია, ძირითად შემთხვევებში აქ პასუხს ნაკლებად იღებენ, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს… ხოლო თუ გამოხმაურების მიღებას მოახერხებთ, შემდეგი სამი რამ უნდა გაითვალისწინოთ:
1. უსმინეთ ინტერესით
გააკეთეთ ჩანაწერები და შეეცადეთ, უკუკავშირის მიღმა არსებული კონტენტის შესახებ მეტი გაიგოთ. თუმცა აქ არ არის კამათის, რაღაცის დამტკიცების ან ახსნის დრო… აქ უნდა შეეცადოთ, გაითვალისწინოთ ის, რასაც დამსაქმებელი გეტყვით, რათა მომავალში ინტერვიუების წარმატებით გავლა მოახერხოთ.
აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ის, რასაც ისმენთ, ერთი ადამიანის ან კომპანიის ხედვაა. ეს კი, დიდი ალბათობით, ყველა სამსახურისთვის გამოსადეგი არც იქნება. ასეთ ფრაზად ითვლება: „ჩვენ ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელსაც მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს“. აქ პასუხს უნდა ჩაუღრმავდეთ და სთხოვოთ მათ, განგიმარტონ, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობენ პრაქტიკაში.
2. გაანალიზეთ უკუკავშირი ყოველი კუთხიდან
დამსაქმებლებმა არ იციან, როგორ შეიძლება მიიღოთ კონკრეტული უკუკავშირი, ამიტომ ისინი განსაკუთრებით ფრთხილობენ. მნიშვნელოვანია, არასდროს ჩათვალოთ გასაუბრების წარუმატებლად გავლის მიზეზად მხოლოდ ერთი ფრაზა ან სიტყვა. პროცესს მრავალი მხრიდან შეხედეთ, ეს კი განსაკუთრებით დამსაქმებელთან საუბრისას დაგეხმარებათ, მაგალითად, როცა მიხვდებით, რომ რაღაც არასწორია, სტრატეგიის შეცვლას უკეთ მოახერხებთ. ხოლო თუ საუბრის შეწყვეტას მოგთხოვენ, ეს გამოცდილება სხვა კომპანიასთან გამოგადგებათ.
3. შეცვალეთ თქვენი მიდგომა და არა საკუთარი თავი
უკუკავშირის დროს თქვენი პიროვნების შეცვლას არავინ ითხოვს, რაც არც უნდა გსურდეთ… მიდგომის შეცვლა კი შესაძლებელია, რათა უკეთ მოერგოთ კონკრეტული კომპანიის კულტურას და მუშაობაც მეტად კომფორტულად შეძლოთ. მაგრამ თუ თქვენი თავის შეცვლას შეეცდებით და ნამდვილ სახეს არ აჩვენებთ, ამას ვერ მოახერხებთ. სწორედ ამიტომ, უკუკავშირი თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად უნდა გამოიყენოთ.
ხოლო თუ გასაუბრების შემდეგ გამოხმაურებას მაინც ვერ მიიღებთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს მარტო თქვენზე არ არის დამოკიდებული. ამის მიზეზი, შესაძლოა, კომპანიის შიდა პოლიტიკა, მენეჯმენტის ცვლილება ან თუნდაც უკვე დასრულებული ვაკანსია იყოს…
წყარო: HBR