რა გინდათ? ოღონდ მართლა რა გინდათ?
როდესაც საქმე ცხოვრებას ეხება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. შეიძლება, უცბად ვიგრძნოთ, რომ რაღაც გვინდა, მაგრამ არ ვიცით რა.
The Life Brief: A Playbook for No-Regrets Living-ის ავტორი, ბონი ვანიც ამ კითხვას უკირკიტებდა — გარედან ჩანდა, რომ იდეალური ცხოვრება ჰქონდა; შესანიშნავი ქმარი, სამი შვილი, ლამაზი სახლი და საოცნებო კარიერა. თუმცა შინაგანად სიცარიელეს გრძნობდა. „როცა ცხადად ვერ ხვდებით, რეალურად რა გინდათ და რისკენ მიდიხართ, ყველაფერი ნისლითაა მოცული; ანდაც მოუსვენარი გუგუნი ჩაგესმით“.
როგორც ბონი განმარტავს, ადამიანები ორობითი აზროვნებისკენ არიან მიდრეკილნი. სხვა სიტყვებით, გვჯერა, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს, როდესაც საქმე ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს ეხება: კი ან არა; დარჩეს თუ წავიდეს; ეს თუ ის. ამის ნაცვლად, ავტორი სიცხადის პრაქტიკას გვთავაზობს, რათა შესაძლებლობები განვბლოკოთ და ცხოვრებაში მეტი კრეატიულობა შემოვიტანოთ.
არეულობა
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არეულობის შემოტანაა. „ადამიანთა უმეტესობას მიკერძოებული ქმედება ახასიათებს. გვაქვს შესასრულებელი საქმეების სიები და საერთოდ ყველა სახის სია, რომელთაც მორჩილად მივყვებით. ამის ფონზე კი ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარგავთ: კავშირს შინაგან სურვილებთან“, — აღნიშნავს ბონი.
სანაცვლოდ, არეულობის გამოწვევა ნიშნავს საკუთარი თავის უფლებას, ბოლომდე გააშიშვლოთ სურვილები. ამგვარი მიდგომა წინ წევს ნამდვილ შინაგან ხმას — ყოველდღიურად 10 წუთის განმავლობაში გულწრფელად ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. „არეულობა საშუალებაა, წერილობით გამოთქვათ ის, რაც თქვენშია. ასე მეტ კავშირს დაამყარებთ საკუთარ თავთან. დისტანცირდებით ემოციებისგან, შფოთვისა და შიშებისგან — ასე ვთქვათ, ცნობისმოყვარეობის პრიზმიდან შეხედავთ თითოეულ აზრს“.
გარკვევა
შემდეგი ნაბიჯი სტრატეგიის შემუშავებაა, ანუ დისტილაცია. „არეულობის“ გაანალიზებით, აუცილებლად შეამჩნევთ ერთგვარ შაბლონებს, დაალაგებთ აზრებს და პრიორიტეტების მიხედვით გამოყოფთ. დაიწყებთ იმის დანახვას, თუ რა გჭირდებათ, რა არის ზედმეტი და ა. შ.
სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე შეძლებთ სამომავლო გეგმების განსაზღვრას. ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ, სინამდვილეში რა გინდათ, როგორ გსურთ ცხოვრების შეცვლა და განვითარება.
გააქტიურება
საბოლოო ნაბიჯი ზომების მიღებაა. „მოქმედება სიცხადის გვერდითი შედეგია. ხშირად მხოლოდ ის გვაბრკოლებს, რომ არ ვიცით, სად ან როგორ უნდა მოვიქცეთ. ზემოხსენებული სიცხადის მიღების შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური მოქმედებაა. სიცხადე ფილტრად იქცევა, რომელშიც ყველა გადაწყვეტილება გადის და არჩევანად იქცევა“.
მარტივად რომ ვთქვათ, სიცხადე საშუალებას გაძლევთ, დაიწყოთ გარემოებებისა და სიტუაციების ახლებურად დანახვა. როცა ყურადღების არეალი იცვლება, მოქმედებებიც გარდაიქმნება. ეს ავტომატური პასუხია, ორგანული იმპულსი.