ფრილანსერი ხართ, ბევრგან გაგიგზავნიათ თქვენი რეზიუმე, მაგრამ პასუხი არ მიგიღიათ? ნაცნობი სიტუაციაა.
ანტრეპრენერი ხართ, საკუთარი ვებსაიტიც შექმენით, მაგრამ მის შესახებ არავინ იცის? ესეც გვეცნობა.
ქოუჩი ხართ, მაგრამ არ იცით, როგორ გაზარდოთ თქვენი აუდიენცია?
საბოლოო ჯამში, თქვენ ხარჯავთ უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას კლიენტების პოვნაში, ვიდრე საყვარელი საქმის კეთებაში. ვეცდებით, დაგეხმაროთ პირველი რამდენიმე კლიენტის მოზიდვაში და შემოგთავაზოთ დატესტილი სტრატეგიები.
პოსტი სოციალურ მედიაში
პირველ რიგში, დამკვეთების მოსაძიებლად აუცილებელია გამართული ანგარიში გქონდეთ სოციალურ ქსელში. გამართულში იგულისხმება საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად აღწერა, ასევე, საჭირო კონტაქტები, პოტენციური კლიენტები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ თქვენი საქმიანობით.
ბარტერი ინფლუენსერთან
ძალიან ბევრს ნიშნავს ბარტერის გაკეთება ისეთ ადამიანთან, რომელსაც ჰყავს ბევრი მიმდევარი სოციალურ მედიაში. შესთავაზეთ მათ ისეთი სერვისი, რომლის გაწევაც შეგიძლიათ უფასოდ, სანაცვლოდ კი სთხოვეთ, რომ მოგიძღვნან პოსტი ან გახსენონ ვიდეოში. ეს მიდგომა ბოლო პერიოდში ძალიან ტრენდულია და, რაც მთავარია, ეფექტური.
იმავდროულად, დაიწყეთ თქვენი პერსონალური ბრენდის შექმნა სოციალურ მედიაში, რათა რამდენიმე წლის შემდეგ თავად იყოთ ის ადამიანი, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს.
ელფოსტის გაგზავნა
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ელფოსტები მოძველებულია, თუმცა მარკეტერები საპირისპიროს გვიმტკიცებენ. ისინი ამბობენ, რომ თუ ელფოსტაზე არ გვიპასუხეს, პრობლემა თავად სწორი მეილის გაგზავნაშია.
- Subject ველი არ არის საკმარისად დამაჯერებელი
- მიმღებს შეიძლება არ სურდეს ან არ სჭირდებოდეს თქვენი სერვისი ამ მომენტში
- ელფოსტა არ არის ისეთი დამაჯერებელი, რომ თქვენი სერვისი სხვა სერვისის პროვაიდერებზე მაღლა დგას
- მეილში იგრძნობა აგრესიული მარკეტინგი
პარტნიორობა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
ახალი კლიენტების მოსაპოვებლად შესანიშნავი გზაა სხვა სერვისპროვაიდერებთან პარტნიორობა, რომლებიც მსგავს მომსახურებას გვთავაზობენ. მაგალითად, დამკვეთს, რომელსაც ვებსაიტი სჭირდება, ასევე სჭირდება SEO; ქორწილის მგეგმავს წყვილისთვის სჭირდება ადგილი, სადაც გადაიღებენ ფოტოებს…
თუ იპოვით ინდუსტრიულ პარტნიორებს, რომლებიც თქვენს სფეროში არიან და სხვა მომსახურებას უწევენ თქვენს პოტენციურ დამკვეთს, ითანამშრომლეთ მათთან აუცილებლად.
ნეთვორქინგი
სხვადასხვა ქსელურ ღონისძიებაზე დასწრება, სავიზიტო ბარათების, ტელეფონის ნომრებისა და სოციალური ქსელების გაცვლა ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, პოტენციურ კლიენტებთან – საუკეთესო საშუალებაა. ხშირად ეძებეთ თემატური ღონისძიებები და ეცადეთ, არ გამოტოვოთ ისინი.
უმასპინძლეთ ვორკშოპებს
არ დაელოდოთ სხვებს და თავად უმასპინძლეთ საინტერესო ვორკშოპებს. არ არის საჭირო დიდი რესურსის დახარჯვა, შეიძლება ონლაინსემინარიც ჩაატაროთ და ხალხი მოიწვიოთ. ვორკშოპის მასპინძლობა შესანიშნავი გზაა ღირებული ინდუსტრიული კავშირების შესაქმნელად. ხალხი, რომელიც მას დაესწრება, თქვენი მომავალი აუდიტორია და პერსპექტივაა კლიენტების მოზიდვისთვის.
გამოიყენეთ სამუშაო პლატფორმები
პლატფორმები, როგორიცაა Upwork მშვენიერი საშუალებაა ფრილანსერებისთვის. მართალია, კონკურენცია მაღალია, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.
ფრილანსერების უმეტესობა იმ შეცდომას უშვებს, რომ მათი პროფილი ძალიან ზოგადია, დამკვეთს კი ექსპერტის დაქირავება უნდა. მარტივად, პუნქტებად ჩამოწერეთ, რას აკეთებთ და რისი შეთავაზება შეგიძლიათ.
კიდევ ერთი რჩევაა უშუალოდ თქვენს სპეციალობასთან დაკავშირებული სამუშაო პლატფორმის გამოყენება. მაგალითად, თუ დიზაინერი ხართ და არ იძებნებით Dribbble-ზე ან Behance-ზე, შეცდომას უშვებთ!
მოითხოვეთ რეკომენდაცია
სთხოვეთ რეკომენდაციების გაწევა თქვენს ყოფილ კლიენტებს, თანამშრომლებს, ახლობლებს, რომლებმაც იციან თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ. რეკომენდაცია შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე თქვენს ბიზნესგვერდზე დაწერილი შეფასებების, ან კომენტარების ფორმატში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ჯგუფში თქვენს მონიშვნასაც. მაგალითად, თუ ხართ პროგრამისტი და ვინმე ეძებს ვებსაიტის დეველოპერს, თქვენმა ნაცნობებმა უნდა მოგნიშნოთ პოსტის ქვეშ. ეს ზრდის სანდოობას და პოტენციურ დამკვეთს უბიძგებს, თქვენთან ითანამშრომლოს.
გამოიყენეთ ეს მარტივი რეკომენდაციები თქვენი კარიერული წარმატების გასაზრდელად, იზრუნეთ პერსონალურ ბრენდინგზე და გაიუმჯობესეთ ზოგადი მარკეტინგული უნარები.