in

როგორ მოქმედებს ლიდერის დამოკიდებულება AI-ის გამოყენებაზე?

Lenovo
Lenovo

როცა კომპანიები AI-ის დანერგვას გეგმავენ, ყურადღება უმეტესად ტექნოლოგიაზე გადადის: რომელი მოდელი გამოიყენონ, რამდენი ლიცენზია იყიდონ, რა პროცესები ავტომატიზდეს და რა ბიუჯეტი გამოიყოს. თუმცა BCG-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაცილებით მარტივია: რას ეუბნება ხელმძღვანელობა თანამშრომლებს AI-ის შესახებ.

ლიდერების გზავნილები ძალიან განსხვავებულია. ზოგი ამბობს, რომ ჯერ არავინ იცის, როგორ შეცვლის AI სამუშაოს. ზოგი თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ტექნოლოგია მათ პოზიციებსაც შეეხება. სხვები კი AI-ს კარიერული ზრდის, უკეთესი სამუშაოს ან ახალი შესაძლებლობების საშუალებად წარმოაჩენენ. მკვლევრების აზრით, ეს მხოლოდ კომუნიკაციის სტილი არ არის. თითოეულ ასეთ ნარატივს რეალური გავლენა აქვს იმაზე, რამდენად აქტიურად იყენებენ თანამშრომლები AI-ს.

BCG-ის მკვლევრებმა გაბრიელა როზენ კელერმანმა, დევიდ მარტინმა და ჯულია დარმა აშშ-ში სხვადასხვა ინდუსტრიისა და პოზიციის 1000-ზე მეტი სრულ განაკვეთზე დასაქმებული შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ, როგორ უკავშირდება ორგანიზაციის AI-ზე საუბრის ფორმა თანამშრომლების ყოველდღიურ გამოყენებასა და კომპანიის ფინანსურ შედეგებს.

შედეგი საკმაოდ მკაფიო აღმოჩნდა. იმ კომპანიებში, სადაც ხელმძღვანელობა AI-ზე გასაგებად, იმედიანად და ზრდაზე ორიენტირებულად საუბრობს, თანამშრომლები ტექნოლოგიას უფრო აქტიურად იყენებენ. ამის საპირისპიროდ, კონკურენტების შიშზე ან საფრთხეზე აგებულ გზავნილებს მნიშვნელოვანი კავშირი არც AI-ის გამოყენებასთან ჰქონია და არც ფინანსურ შედეგებთან. ყველაზე ცუდ შედეგებთან კი ბუნდოვანი კომუნიკაცია აღმოჩნდა დაკავშირებული.

კვლევაში AI-ის შესახებ რვა ტიპის გზავნილი გამოიყო. მათ შორის იყო იდეა, რომ AI უკვე სამუშაოს საბაზისო მოთხოვნაა; რომ ის პროდუქტიულობას ზრდის; კონკურენტულ საფრთხეზე პასუხია; კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს; ან ადამიანს უფრო ხარისხიანი და აზრიანი სამუშაოს შესრულებაში ეხმარება. ასევე გამოიკვლიეს შემთხვევები, როცა ხელმძღვანელობა AI-ზე საერთოდ არ საუბრობს ან მისი პოზიცია თანამშრომლებისთვის ბუნდოვანია.

ყველაზე ძლიერი შედეგი იმ კომპანიებში დაფიქსირდა, სადაც თანამშრომლებს მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ AI-ის გამოყენება უკვე სამუშაოს ნაწილია. ასეთი გზავნილის მქონე ორგანიზაციებში თანამშრომლები დღეში საშუალოდ 40 წუთით მეტხანს იყენებდნენ AI-ს. შემდეგ მოდიოდა ორი უფრო პოზიტიური ნარატივი: რომ AI უკეთესი და უფრო აზრიანი სამუშაოს შესრულებას ეხმარება და რომ მისი გამოყენება კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ შემთხვევებში თანამშრომლები AI-ს დღეში დაახლოებით 17-18 წუთით მეტხანს იყენებდნენ.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზავნილი, „AI უფრო პროდუქტიულს გაგვხდის“, თითქმის არ მუშაობდა. პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას ყოველდღიური გამოყენება საშუალოდ მხოლოდ სამი წუთით მეტი უკავშირდებოდა და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ გამოუჩენია. ანალოგიურად სუსტი იყო კონკურენტული საფრთხის ხაზიც: თანამშრომლისთვის იმის თქმა, რომ კომპანია AI-ს იმიტომ იყენებს, რადგან ბაზარზე ჩამორჩენა არ შეიძლება, მის ქცევას მნიშვნელოვნად არ ცვლიდა.

ყველაზე უარესი კი ბუნდოვანება აღმოჩნდა. იმ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლებს მკაფიოდ არ ესმოდათ, რას ელოდა მათგან კომპანია AI-ის მიმართულებით, ტექნოლოგიას საშუალოდ დღეში 19 წუთით ნაკლებს იყენებდნენ. ყველაზე ეფექტურ და ყველაზე არაეფექტურ ნარატივს შორის სხვაობა თითქმის ერთ საათს აღწევდა ყოველდღიურად.

გაურკვევლობა ფინანსურ შედეგებსაც უკავშირდებოდა. თანამშრომელთა შეფასებით, ბუნდოვანი AI კომუნიკაციის მქონე კომპანიებს ფინანსური მიზნების მიღწევის დაახლოებით 30%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ. კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პირდაპირ არ ამტკიცებს, თუმცა კორელაცია იმდენად მკაფიო იყო, რომ ავტორები გაურკვევლობას ცალკე ბიზნესრისკად განიხილავენ.

ყველა ინდუსტრიაში ერთი და იგივე სურათი არ ჩანს

ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებში თანამშრომლები უფრო ხშირად ისმენენ პოზიტიურ გზავნილებს AI-ის შესახებ. თუმცა აქაც ყველაზე გავრცელებული თემა პროდუქტიულობაა: ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომელთა 68% და ფინანსური სექტორის 65% ამბობს, რომ მათთან AI-ს ძირითადად ეფექტიანობის ზრდასთან აკავშირებენ. კვლევის შედეგებით კი სწორედ ეს ნარატივი არ არის ყველაზე ძლიერი.

საჯარო სექტორში, განათლებასა და წარმოებაში ვითარება განსხვავებულია. ამ სფეროებში თანამშრომლების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ორგანიზაციას AI-ის შესახებ ან ბუნდოვანი პოზიცია აქვს, ან საერთოდ არ აქვს მკაფიო კომუნიკაცია. ამის მიზეზები განსხვავდება: საჯარო სექტორსა და განათლებაში გადაწყვეტილებებზე ბევრი დაინტერესებული მხარე მოქმედებს, წარმოებაში კი უსაფრთხოებისა და რეგულაციების საკითხები სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა მკვლევრები აქ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას უსვამენ ხაზს: სიფრთხილე და გაურკვევლობა ერთი და იგივე არ არის.

უფრო ფართო კვლევამაც მსგავსი სურათი აჩვენა. BCG-მ დაახლოებით 10 000 სრულ განაკვეთზე დასაქმებულთან შეისწავლა, რამდენად კარგად ესმით მათ კომპანიის AI სტრატეგია, პრიორიტეტები და პრაქტიკული წესები. ძლიერი სიცხადე ამ სამივე საკითხში ბიზნესზე AI-ის გაზომვად გავლენას 20-25 პროცენტული პუნქტით ზრდიდა, მაშინაც კი, როცა თანამშრომლებს უკეთესი ხელსაწყოები არ ჰქონდათ.

სხვა სიტყვებით, მხოლოდ ChatGPT-ის, Copilot-ის ან სხვა AI სისტემის ყიდვა საკმარისი არ არის. თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რატომ გამოიყენოს ის, როდის გამოიყენოს, სად არის მისი ადგილი სამუშაო პროცესში და რა შედეგს ელოდება მისგან კომპანია.

რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა?

კვლევის ავტორების პირველი რეკომენდაცია მაქსიმალური სიცხადეა. თუ AI-ის გამოყენება თანამშრომლის სამუშაოს ნაწილია, ეს პირდაპირ უნდა ითქვას და მხოლოდ სურვილის ან ექსპერიმენტის დონეზე არ დარჩეს. მაგალითად, JPMorgan-მა asset and wealth management-ის ახალ თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესში prompt engineering-ის სწავლება სავალდებულო უნარად შეიტანა. ასეთი ნაბიჯი თანამშრომელს მკაფიოდ აჩვენებს, რომ AI-ის ცოდნა უკვე სამუშაოს სტანდარტის ნაწილია.

მეორე რეკომენდაციაა, საუბარი საფრთხის ნაცვლად ზრდაზე აიგოს. ფრაზა „თუ AI-ს არ გამოვიყენებთ, კონკურენტები დაგვასწრებენ“ ხელმძღვანელისთვის შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თანამშრომლის ქცევაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ბევრად ეფექტიანია იმის ჩვენება, როგორ დაეხმარება AI ადამიანს უკეთეს სამუშაოში, ახალი უნარების განვითარებაში ან უფრო საინტერესო ამოცანებზე დროის გათავისუფლებაში. Mastercard-მა, მაგალითად, AI საკუთარი თანამშრომლების მოქნილობისა და ცნობისმოყვარეობის გამაძლიერებლად წარმოაჩინა და ტექნოლოგია პროფესიულ განვითარებას დაუკავშირა.

ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერმა ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იცოდეს. ორგანიზაციას შეუძლია ღიად თქვას, რომ AI-ის მომავლის გარკვეული ნაწილი ჯერ უცნობია, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ განსაზღვროს მიმართულება. პრობლემა გაურკვევლობის აღიარება კი არა, თანამშრომლის გაურკვევლობაში დატოვებაა.

ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ AI-ზე კომუნიკაცია მხოლოდ ერთი პრეზენტაცია ან გენერალური დირექტორის სიტყვა არ არის. თანამშრომელი კომპანიის პოზიციას ყველა სიგნალიდან კითხულობს: რა ხელსაწყოებს აძლევენ, რას ასწავლიან, რას ითხოვენ მენეჯერები, როგორ იცვლება დატვირთვა და რა შედეგისთვის აჯილდოებენ. თუ კომპანია AI-ში დიდ ინვესტიციას აკეთებს, მაგრამ თანამშრომლებს არ უხსნის, როგორ უნდა გამოიყენონ ის, ესეც კონკრეტულ გზავნილად აღიქმება.

ამიტომ, AI-ის ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნიკური პროექტი აღარ არის. ის მენეჯერული და საკომუნიკაციო ამოცანაცაა. BCG-ის კვლევის მიხედვით, კომპანიებს შორის განსხვავებას ხშირად არც უფრო დიდი ბიუჯეტი ქმნის, არც მეტი ხელსაწყო და არც ძლიერი ინფრასტრუქტურა. ზოგჯერ მთავარი განსხვავება ბევრად მარტივია: რამდენად გასაგებად შეუძლია ხელმძღვანელობას აუხსნას ადამიანებს, სად მიდის კომპანია, რას ელოდება მათგან და რა სარგებელი ექნებათ თავად თანამშრომლებს ამ ცვლილებაში.

წყარო: HBR

TORCAL-ის პრემიერა – „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა

Samsung Galaxy Tab S12 სერია აქცენტს კრეატიულ პროფესიონალებზე აკეთებს