in

როგორ მოქმედებს მადლიერების გამოხატვა ადამიანებზე?

M2
M2

მადლობის გადახდა კარგია როგორც გამცემისთვის, ისე მიმღებისთვის… და მაშინ რატომ არ გამოვხატავთ მადლიერებას უფრო ხშირად? უბრალოდ, როგორც ირკვევა, ბევრ ადამიანს არ ესმის, რამდენს ნიშნავს ეს მარტივი ჟესტი.

ოთხი წლის წინ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, 300-ზე მეტ მონაწილეს სთხოვეს, მადლობის წერილი დაეწერათ მათთვის, ვინც დადებითი გავლენა იქონიეს მათ ცხოვრებაზე — მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, მასწავლებლებისთვის და ა. შ. რაც მთავარია, წერილების ავტორებმა წარმოიდგინეს, როგორი გაოცებულები და დარცხვენილები იქნებოდნენ ადრესატები ამ მადლობის მიღებით. შემდეგ კი მკვლევრები ადრესატებს დაუკავშირდნენ, რათა გაერკვიათ, როგორ გამოხატეს მათ მიმართ მადლიერება და რას გრძნობდნენ ამის გამო.

„როგორც ჩანს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბოლომდე ვერ ვაფასებთ იმ გავლენის ხარისხს, რაც მადლიერების გამოხატვას მოაქვს ადამიანებისთვის“, — ამბობს ამიტ კუმარი, ტექსასის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და ფსიქოლოგიის პროფესორი. კუმარის თქმით, ეს არასწორი მოლოდინები შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ არ გამოვხატავთ მადლიერებას.

რატომ არ ლაპარაკობენ მადლიერებაზე ისე ხშირად, როგორც საჭიროა?

ზემოთ აღნიშნულ კვლევაში წერილების ავტორების მოლოდინები და ადრესატების რეალური ემოციები ერთმანეთს არ დაემთხვა — ეს უკანასკნელნი სულაც არ ყოფილან დარცხვენილები… ასეთი განსხვავება მოლოდინსა და რეალობას შორის, შესაძლოა, თვალსაზრისების შეუსაბამობით იყოს გამოწვეული. ამ ილუზიას კი მეტწილად უთქმელი სიტყვები და გამოუხატავი მადლიერება იწვევს.

კუმარმა და კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები, რომლებიც მადლობის წერილებს წერდნენ, შეპყრობილნი იყვნენ თავიანთი მადლიერების გამოხატვის კომპეტენციით — იყო თუ არა მათი წერილები საკმარისად მკაფიო და მჭევრმეტყველური? ხოლო ადრესატები ინტერპერსონალური სითბოს გრძნობაზე მეტად ზრუნავდნენ: ისინი მადლიერების მიღებით იყვნენ ბედნიერები.

„ზოგიერთ შემთხვევაში კომპეტენციაზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მსგავსი საქმის კეთებას“, — განმარტავს კუმარი.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად არ გვეძლევა შესაძლებლობა გავიმეოროთ ჩვენი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მადლიერების გამოხატვამ ვიღაცის დღეზე. ეს კი „არასათანადო ბარიერის“ გადალახვას ართულებს. ამასთან, კვლევა თანმიმდევრულად ადგენს, რომ ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა ჩაწერა, რისი მადლიერი ხართ, აუმჯობესებს ბედნიერებას და კეთილდღეობას. ხოლო სოციალური შემეცნების ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანებს ე. წ. „არასოციალური“ მიკერძოება გვაქვს, სადაც არ ვაფასებთ, რამდენად დადებითად რეაგირებენ სხვები ჩვენს სოციალურ ჩართულობაზე.

მადლიერება ერთიანობაში გვეხმარება

ფსიქოლოგ სარა ალგოეს აზრით, მადლიერება უნიკალური კატალიზატორია არა მხოლოდ კავშირების პოვნის, არამედ მათი განმტკიცებისთვისაც. ე. წ. პოვნა-შეხსენება-კავშირის თეორია ვარაუდობს, რომ მადლიერების გრძნობა გვეხმარება ახალი კავშირების დამყარებაში და ამავდროულად, არსებულის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მაგალითად, 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საველე ექსპერიმენტზე წასულ ადამიანებში საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა — წყვილები და ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მცირე თუ დიდ დაფასებას გამოხატავდნენ, ყოველდღიურად მათი ერთად გატარებული დრო საშუალოდ 68 წუთით იზრდებოდა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ის, რომ მადლიერებას შეუძლია ხელი შეუწყოს კეთილდღეობას. კეთილდღეობის ერთ-ერთი მიზეზი კი ურთიერთობების დამყარებაა“, — აღნიშნავს კუმარი.

ანტიკური სიცოცხლე მარსზე? — ახალი აღმოჩენები

როგორ მივიღოთ დადებითი შედეგები ინფლუენსერ მარკეტინგიდან? — 7 რჩევა