in

როგორ მონაწილეობს AI რომანის დაწერაში?

მსოფლიოში ძალიან ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში მისი ადგილის განსაზღვრაზე. ვიდრე ეს თეორიული მსჯელობები მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი უკვე პრაქტიკულ ნაწილზე ზრუნავს — აქტიურად მუშაობენ AI-ს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებაზე. მათ შორისაა მაურო ხავიერ კარდენასი, რომელმაც თავისი უახლესი რომანის წერის პროცესში სწორედ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

გარდა იმისა, რომ რომანი American Abductions ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, ტექნოლოგია სიუჟეტურადაც მთავარ როლს ასრულებს; კერძოდ, აქ AI სისტემების გადამზადება მიმდინარეობს, რათა ლათინური ამერიკის ემიგრანტების პოვნა და დეპორტაცია ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხოს.

კარდენასს სჯერა, რომ AI დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს ავტორებისთვის, საკუთარი შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი და ნაყოფიერი გახადონ. შესაბამისად, არ ეთანხმება აღნიშნული ტექნოლოგიის საფრთხედ იდენტიფიცირებას. თავდაპირველად მაურო არ აპირებდა წერის პროცესში AI-ს ჩართვას — იდეა მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გადაწყვიტა, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ადას მოლაპარაკე მანქანა უნდა ჰქონოდა.

ჯერ კიდევ 2018 წელს კარდენასმა ბუნებრივი ენის დამუშავების მონაცემთა მოდელი მოამზადა, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც NLP/ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ტიპი, რომელიც კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, ადამიანის ენა გაიგონ და მისი ანალოგი შექმნან. ამ შემთხვევაში კი მწერალს ბრიტანელი-მექსიკელი სიურრეალისტის, ლეონორა კერინგტონის ენაზე მორგებული AI სჭირდებოდა.

ბუნებრივია, საავტორო უფლებების თვალსაზრისით, ამან მწვავე კამათი გამოიწვია მწერალთა შორის — მათი წიგნები მსგავსი მონაცემთა ნაკრების მოსამზადებლად გამოიყენებოდა, თავად კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამიტომაც, რამდენიმე მწერალმა OpenAI-საც უჩივლა იმის შიშით, რომ სამომავლოდ AI მოპარულ მასალას გამოიყენებდა მხატვრული ლიტერატურის შესაქმნელად; მწერლების ადგილი კი აღარ დარჩებოდა…

ამის საპირისპიროდ, კარდენასი ხელოვნურ ინტელექტს შესაძლებლობად აღიქვამს. „ამ ტიპის ხელსაწყოები ბუნებრივ გამოწვევებს შეუქმნის მწერლებს, რომლებიც ლიტერატურაზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე მოგებაზე. თუმცა გონივრული გამოყენებით შეგვიძლია, საჩვენოდ გამოვიყენოთ პროგრესი“.

YouTube-ის უფასო თამაშები ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება

რა გველოდება „მერანოს” ღვინის ფესტივალზე 2 ივნისს