in

რა განასხვავებს გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან

რა განასხვავებს გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრები წლების განმავლობაში სწავლობდნენ გამძლეობასა და შეუპოვრობას, როგორც გატაცებისა და მიზანდასახულობის ერთობლიობას, რაც ადამიანს წინსვლის საშუალებას აძლევს. თუმცა ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა ახალი რეალობა გამოკვეთა – ადამიანის უნარი, გამოიჩინოს შეუპოვრობა, არსებითად არის დამოკიდებული იმ სიტუაციაზე, რომელშიც ის იმყოფება. ლიდერებისთვის ეს ნიშნავს სამუშაო გარემოს, ურთიერთობებსა და ორგანიზაციულ კულტურას, რომელთა დიდი ნაწილის შეცვლაც სრულად მენეჯმენტის ძალებშია.

გარემო როგორც შინაგანი მდგომარეობის განმსაზღვრელი

შინაგანი გატაცება და გამძლეობა გაცილებით მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე გარემოებებთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხშირად მიიჩნევა, რომ განზრახვები, ემოციები და ქცევა მხოლოდ შინაგანად იმართება, თუმცა რეალურად ამ მდგომარეობებს დიდწილად განსაზღვრავს სოციალური და ფიზიკური გარემოცვა. გარკვეულ პირობებში ენთუზიაზმი გაცილებით ძლიერია და ძალისხმევაც მეტ შედეგს იძლევა.

აზროვნებისა და ქცევის პირდაპირი შეცვლა შესაძლებელია, თუმცა გაცილებით დიდი ეფექტი აქვს საკუთარი თავის ისეთ სიტუაციაში ჩაყენებას, რომელიც სასურველ ფიქრებსა და მოქმედებებს ბუნებრივად ბადებს. საკუთარი თავის რწმენის შერყევისას მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე გადართვა საკმარისი არ არის, გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა იმ მენტორთან დაკავშირება, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს ხედავს და მის მოტივაციას აღადგენს.

ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომა სოციალურ მეცნიერებებში კარგად ცნობილი ფენომენია. სხვების ან საკუთარი ქცევის შეფასებისას ყურადღება ხშირად პიროვნულ თვისებებზე მახვილდება და არა გარემოებებზე. ბიზნესში შინაგან ნებისყოფას ხშირად მორალურ თვისებებთან აიგივებენ, თუმცა გადამწყვეტია იმის დანახვა, ეხმარება თუ არა შექმნილი გარემო ადამიანს წინსვლაში.

პროფესიული გადაწვა და სიტუაციის გარდაქმნა

პროფესიული გადაწვა, რაც გამოფიტვის, გაუცხოებისა და უძლურების განცდით ხასიათდება, პირდაპირი ემოციური პასუხია იმ შეგრძნებაზე, რომ ადამიანი მაქსიმუმს აკეთებს, პროგრესი კი არ ჩანს. ამ დროს შეცდომაა თანამშრომლის გამოსწორებაზე ფოკუსირება, რადგან რეალურად თავად სიტუაცია საჭიროებს შეცვლას – სამუშაო დავალებები, გუნდის სტრუქტურა, მოტივაციის სისტემა, ავტონომია და ღირებულებების თანხვედრა.

ინდივიდუალურ დონეზე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მართვა, რომლებიც უშუალო კონტროლს ექვემდებარება. სამუშაო გარემოში არსებობს მოცემულობები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია, თუმცა ყოველთვის არსებობს არჩევანი, რომელ პროექტებში ჩაერთოს თანამშრომელი ან ვისთან დაამყაროს პროფესიული კომუნიკაცია.

გარემოს შეცვლის ოთხი მთავარი ბერკეტი

სამუშაო ვითარების გასაუმჯობესებლად რამდენიმე ძირითადი ინსტრუმენტი გამოიყენება.

პირველი ბერკეტი ფიზიკური სივრცეა, რომლის შეცვლაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. წარმატებული ლიდერები ზედმიწევნით აკონტროლებენ იმას, თუ რა ხვდება მათ სამუშაო სივრცეში და რა რჩება მის მიღმა. ისინი მიზანმიმართულად აშორებენ ყურადღბის გამფანტველ ფაქტორებს, შლიან არასაჭირო აპლიკაციებს და სივრცეს ავსებენ ისეთი დეტალებით, რაც მიზნებს მუდმივად ახსენებთ.

მეორე მიმართულება ურთიერთობებია. გარემოცვა ლიდერის წარმატებას პირდაპირ აყალიბებს. კლივლენდის კლინიკის ხელმძღვანელი ტობი კოსგროუვი, რომელმაც დისლექსიის მიუხედავად მსოფლიო დონის კარდიოქირურგის სახელი დაიმკვიდრა, მენეჯმენტში გადასვლისთანავე დაუკავშირდა ბიზნესის წამყვან თეორეტიკოსებსა და გამოცდილ აღმასრულებლებს, რომლებმაც მისი მენტორობა იტვირთეს. პროფესიულ წრეებში სწორი გარემოცვის პოვნა ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელოვანესია.

მესამე ბერკეტი ორგანიზაციული კულტურაა. მართალია, ხელმძღვანელებს მეტი ძალაუფლება აქვთ, თუმცა გუნდის მიკროკულტურის ფორმირება ნებისმიერ წევრს შეუძლია. ზოგჯერ სწორ გარემოში მოხვედრა ისევე გამოიყურება, როგორც შინაგანი გამძლეობა, ამიტომ გადამწყვეტია ისეთი სივრცის არჩევა, სადაც ადამიანს საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეუძლია.

მეოთხე ფაქტორი ლიდერის მიერ გარემოს პრაქტიკული გარდაქმნაა. როდსაც კლივლენდის კლინიკამ პაციენტის ინტერესები უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, შესასვლელთან არსებული პარკირების ადგილები ექიმების ნაცვლად პაციენტებს დაეთმოთ, ხოლო კაბინეტები და ორგანიზაციული სტრუქტურა ისე გადაეწყო, რომ სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებს შორის თანამშრომლობა გაადვილებულიყო. ამავე კლინიკაში პაციენტების გამოცდილების გასაუმჯობესებლად თანამშრომელთა ემპათიის რამდენიმესაათიან ტრენინგში მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ლიდერის მთავარი ამოცანა იმაზე ზრუნვაა, რამდენად სწორად არის მოწყობილი თანამშრომლის სამუშაო სივრცე, როგორია მისი გარემოცვა, რამდენად დამკვიდრებულია მენტორობის ტრადიცია და რამდენად უწყობს ხელს ორგანიზაცია ჯანსაღი კულტურის შენარჩუნებას.

წყარო: HBR



რატომ ჩამოაგდო Toyota-მ ქარავანი ახალ Hilux-ზე?

რატომ ღირს ძველ იდეებში ახალი შესაძლებლობების ძებნა?