in

როგორ მოქმედებს ნოსტალგიის გასაოცარი ძალა სამსახურში?

ნოსტალგია თვითრეგულირებადი ეგზისტენციალური რესურსია

ბევრი ადამიანისთვის ნოსტალგია ერთგვარი თავშესაქცევია – განცდა, რომლის მეშვეობითაც უდარდელი ახალგაზრდობის დღეებს უბრუნდებიან. ზოგისთვის ეს წარსულზე არაადეკვატური ადაპტაციის რეაქციაა, რაც ცვლილებების შიშზე მიუთითებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი ბიზნეს-ანალიტიკოსისა და ლიდერის კამათის მოსმენა შეგვიძლია – ისინი დაობენ იმაზე, თუ რამდენად მომგებიანია ნოსტალგიის პროდუქციაში გამოყენება მომხმარებელთა ფართო სპექტრის მოსაზიდად. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ხალხის წარსულზე კონცენტრირება ხელს უშლის ინოვაციას, კრეატიულობასა და საბოლოოდ, პროგრესს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ გადმოსახედიდან, მენეჯერებს მართლაც მცირე მიზეზი აქვთ გამოიყენონ ნოსტალგია, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების. თუმცა ამის პარალელურად მზარდი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური რესურსია, რომელიც ინდივიდს ეხმარება, გაუმკლავდეს სტრესულ გარემოებებს, დაამყაროს ახლო კავშირები, იპოვოს და შეინარჩუნოს ცხოვრების არსი და გახდეს უფრო კრეატიულები.

ქლეი რაუთლიჯი, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წამყვანი ექსპერტი, დაახლოებით 20 წლის მანძილზე ატარებდა ნოსტალგიის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ კვლევას. მიღებული შედეგების საფუძველზე, იგი ირწმუნება, რომ ნოსტალგია ორგანიზაციების დამხმარე ძალაა.

ნოსტალგია ფსიქოლოგიური რესურსია

პირველ რიგში, მენჯერებმა უნდა გაიაზრონ, რეალურად როგორ მუშაობს ნოსტალგია. როდესაც ადამიანები ნოსტალგიას მიეცემიან ხოლმე, ეს არ არის მხოლოდ მეხსიერებაში სასიამოვნო მოგზაურობა – სინამდვილეში, ეს მოიცავს როგორც ნეგატიურ, ისე დადებით ემოციურ მხარეებს. საგულისხმოა, რომ წარსულის დანაკარგებსა და იმედგაცრუებაზე ფიქრს ისეთი განცდები ანაცვლებს, როგორიცაა ბედნიერება, მადლიერება და იმედი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნოსტალგია მწარეა, მაგრამ უფრო ტკბილი, ვიდრე მწარე.

ნოსტალგია შესაძლოა, წარსულის აშკარა შეხსენებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ძველ მეგობართან შეხვედრა ან ახალგაზრდობის დროინდელი მუსიკის მოსმენა. თუმცა, ამასთან ერთად, ადამიანები ხშირად თავად ვარდებიან ნოსტალგიაში, როდესაც თავს ცუდად გრძნობენ.

როგორც ჩანს, ნეგატიური ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნოსტალგიის სურვილს ზრდის, რადგან ის ერთგვარი აღმდგენია. მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით (ხარისხობრივი ტექსტის ანალიზი, თვითრეპორტის კითხვარი და ქცევითი და ნეირომეცნიერული ექსპერიმენტები) ათობით გამოკვლევა ჩატარდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ნოსტალგია თვითრეგულირებადი ეგზისტენციალური რესურსია, რომელსაც ადამიანები ბუნებრივად და ხშირად იყენებენ. ეს საუკეთესო საშუალებაა სტრესისა და გაურკვევლობისგან თავის დასაღწევად თუ მიზნისთვის საჭირო მოტივაციის საპოვნელად.

ადამიანი ეგზისტენციალური არსებაა. განვითარების მიზნით, აუცილებელია, მჭიდრო სოციალური კავშირები დავამყაროთ და ვიგრძნოთ, რომ სამყაროში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ნოსტალგია კი, სწორედ ამ ეგზისტენციალურ მცდელობებს ემსახურება. გარდა ამისა, უფრო თვალსაჩინო სურათისთვის სტატიაში სამ ძირითად მიზეზს შემოგთავაზებთ, თუ რატომ და როგორ უნდა გახდეს ადამიანის ფსიქოლოგიის ადაპტაციური თვისება ორგანიზაციის ნაწილი.

1. ნოსტალგიას შეუძლია ძლიერი, მჭიდრო კავშირები და გუნდები შექმნას

სოციალური კავშირები ნოსტალგიის მთავარი მახასიათებელია. ნოსტალგიური მოგონებების უმეტესობა სხვა ადამიანებსაც მოიცავს. მენეჯერებს შეუძლიათ, ნოსტალგიის სოციალური ხასიათით ისარგებლონ და ხელი შეუწყონ მტკიცე კავშირების წარმოქმნას. თანამშრომლების წახალისება რომ გუნდის წევრებს ნოსტალგიური ისტორიები გაუზიარონ, შესაძლოა, უფრო ღრმა კავშირების დამყარებაში დაეხმაროთ. 

ამასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანები ნოსტალგიის უფრო მაღალ დონეს განიცდიან, ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი სხვებთან ერთად მუშაობით. ასევე, ნოსტალგია ზრდის სხვების მიმართ ემპათიას – კვლევის თანახმად, როდესაც ადამიანები გარკვეული ჯგუფის წევრები არიან, საერთო ღონისძიებასთან დაკავშირებული ნოსტალგია ერთგულების დონესაც კი ზრდის. 

იმისათვის, რომ ნოსტალგიური ატმოსფერო შექმნათ, შეგიძლიათ ხშირად ჩაატაროთ სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა კომპანიის წარმატებისა თუ წარუმატებლობის აღნიშვნაც კი. სთხოვეთ თანამშრომლებს, რეტრო მუსიკების სია შექმნან – ეს საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა ასაკის კოლეგებს ნოსტალგიური მოგონებების გაზიარებაში დაეხმაროთ, რაც ყველას გაუღვიძებს ურთიერთობის სურვილს. 

კვლევამ ცხადყო, რომ სხვისი ნოსტალგიური მოგონებების მოსმენით საკუთარის გაზიარების სურვილი იზრდება – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნოსტალგია გადამდებია.

2. ნოსტალგიამ, შესაძლოა, სამსახური უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახადოს და თანამშრომლების წასვლა შეამციროს

როგორც ეგზისტენციალური რესურსი, ნოსტალგია ადამიანებს აწმყოს შენარჩუნებასა და არსებობის მნიშვნელობის გაძლიერებაში ეხმარება – როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, თავს მოტივირებულად ვგრძნობთ, რომ აწმყოში საკუთარი პრიორიტეტები სწორად გადავანაწილოთ. მენეჯერებს მისი გამოყენება შეუძლიათ, რათა თანამშრომლებს სამსახურში ახალი მნიშვნელობის პოვნაში დაეხმარონ. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც გადაწვას განიცდის… მთელი რიგი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც დასაქმებულებს თავიანთი სამსახურეობრივი მოგონებების გახსენება სთხოვეს, მათი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა. 

თანამშრომლების მიერ ორგანიზაციის შიგნით შექმნილი მნიშვნელოვანი მოგონებების გახსენების გზით, მენეჯერებს შეუძლიათ, დაეხმარონ მათ, ვინც სტრესსა და გადაწვას განიცდის… ამგვარად ისინი ხელახლა დაუკავშირდებიან იმას, რაც წარსულში მათ სამუშაოს აზრს ანიჭებდა. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციული სოციალური რიტუალებისა და ტრადიციების შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია – ეს არის ინვესტიცია მომავალში. 

მაგალითისთვის, ყველა დამსაქმებელს შეუძლია ყოველთვიური თამაშის საღამოების ჩატარება, ფილმების ჩვენების მოწყობა, წიგნის კლუბის შექმნა ან სხვა ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც თანამშრომლებს სასიამოვნო საერთო მოგონებებს შეუქმნის.

3. ნოსტალგიას შეუძლია, ორგანიზაციები უფრო კრეატიული და შთაგონებული გახადოს

ნოსტალგიით სარგებლობა შეუძლიათ მენეჯერებს, რომლებიც ჩარჩოებს გარეთ აზროვნების კულტივირებას ცდილობენ. სამუშაო ადგილი, რომელიც თანამშრომლებს მოუწოდებს, ნოსტალგიური მოგონებები გაიზიარონ და ახალი საერთო მომენტები შექმნან, პირველ რიგში შემოქმედობითობის გაზრდას უწყობს ხელს. 

ადამიანები უფრო კომფორტულად და თავისუფლად გრძნობენ თავს ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს რისკზე წასვლა თუ ახალი იდეის გაზიარება, როდესაც სოციალურ მხარდაჭერის იმედი აქვთ. ნოსტალგია, თავის მხრივ, ენერგიულობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას წარმოშობს, რაც კრეატიული აზროვნებისა და პრობლემების ადვილად გადაჭრის წინაპირობაა. 

სამი კვლევის შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ინდივიდების მიერ ნოსტალგიური მეხსიერების შესახებ რამდენიმე წუთის განმავლობაში წერა, მათ უფრო კრეატიული აზროვნებისკენ უბიძგებს. 

კრეატიულობაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ნოსტალგიის აღძვრის ერთი სწორი გზა არ არსებობს – ამისათვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, მუსიკის თუ სხვისი მოგონებების მოსმენა. ასე რომ, მენეჯერებმა უნდა მოძებნონ ნოსტალგიის დანერგვის ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ ორგანიზაციულ გარემოსა და კულტურას შეესაბამება.

წყარო: HBR



გავრცელებული მითები ვარჯიშის შესახებ

100 000 ალუბლის ყვავილის ფოთოლი, რომელიც იაპონელმა არტისტმა მარილისგან შექმნა