in

როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენს “ბიოლოგიურ საათზე”?

ციფრული ეკრანის გამოყენება მელატონინის ბუნებრივ ზრდას ამცირებს

1879 წლის, ანუ, მას შემდეგ, რაც ნათურა გამოიგონეს, მზის ბუნებრივ სინათლეზე დამოკიდებულები აღარ ვართ. დღესდღეობით, ბევრი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს არა მხოლოდ ხელოვნურად განათებულ ოთახებში ატარებს, არამედ ეკრანებთანაც – იქნება ეს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი.

ახლა კი, ჩვეულებად ქცეულ ყოველდღიურობაზე მეცნიერებმა წამოაყენეს საკითხი, რომ საღამოს ციფრულ ეკრანებთან დროის გატარებამ შესაძლოა, თქვენი ცირკულარული რიტმი დაარღვიოს – ორგანიზმის ბიოლოგიური საათი, რომელიც ჩვენი ძილისა და გაღვიძების ციკლს არეგულირებს. მარტივად რომ ვთქვათ, ძილის წინ ეკრანის გამოყენების შემდეგ, შეიძლება, დაძინება გაგიძნელდეთ.

მსგავსი დარღვევისგან თავის დასაცავად, უამრავი მოწყობილობა არსებობს, რომელიც ეკრანებიდან მომავალ ცისფერ შუქს ფილტრავს. ეს კი, თავის მხრივ, ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.

თუმცა ისმის კითხვა, რამდენად მუშაობს ეს პროდუქტები? მართლა ცვლის თუ არა ეკრანული სინათლე ჩვენს ცირკულარულ რიტმს? საკითხი მართლაც კომპლექსურია.

როგორ მუშაობს ცირკულარული რიტმი?

როგორც უკვე გითხარით, ეს არის თანდაყოლილი “ორგანიზმის საათი”, რომელიც სამყაროს მრავალ სახეობაში არსებობს, მათ შორის, მცენარეებში, სოკოებსა და ცხოველებში. კერძოდ, ადამიანში კი, აღნიშნული ბიოლოგიური საათი ჰიპოთალამუსშია მოქცეული.

ჰიპოთალამუსი გამოყოფს ჰორმონ მელატონინს. მას ხშირად “ძილის ჰორმონსაც” უწოდებენ, რადგან მისი დონე მაღალია ღამით, დილას კი, იკლებს. როგორც კაროლინსკის ინსტიტუტის ძილის კვლევის ექსპერტი, პროფესორი ჯონ აქსელსონი განმარტავს, საათს შინაგანი რიტმი აქვს, მაგრამ მისი რეგულირება სინათლის მიხედვითაც არის შესაძლებელი.

ცვლის თუ არა, ტექნოლოგია ჩვენს ცირკულარულ რიტმს?

თანამედროვე ტექნოლოგიის მრავალ მოწყობილობას, ნათურიდან დაწყებული, უახლესი სენსორული მობილურით დამთავრებული, სინათლის გამოსხივება აქვს. “სინათლე ბიოლოგიურ საათში ორ ძირითად მოქმედებას ასრულებს – ის ადგენს საათის დროს და ცვლის მის ამპლიტუდას ან სიმტკიცეს” – ამბობს პროფესორი ჯეიმი ზეიტცერი, სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური სინათლე ადამიანებში მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. თუმცა საინტერესოა, რომ კაშკაშა ხელოვნურ სინათლეს თერაპიის სახით იყენებენ – სწორედ ფოტოთერაპიით მკურნალობენ ადამიანებს, რომლებსაც ბიოლოგიური საათის დარღვევა აქვთ. ფოტოთერაპიისთვის გამოყენებული სინათლის ინტენსივობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ეკრანის ან ნათურის მიერ გამოყოფილი.

2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ უფრო რეალისტური სცენარი შეისწავლა: მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს მელატონინის დონე და ძილის ხარისხი იმ ადამიანებში, რომლებიც დაძინებამდე ჩვეულებრივ წიგნს კითხულობდნენ და მათში, ვინც ელექტრონულ წიგნს მოიხმარდა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მელატონინის დონე ელექტრონული წიგნის მკითხველებში შემცირდა.

“არსებობს მტკიცებულება, რომ 1.5 საათის განმავლობაში (ან მეტი) ციფრული ეკრანის გამოყენება მელატონინის ბუნებრივ ზრდას ამცირებს, რაც თანდათან ქრონიკულ სახეს იღებს” – ამბობს დოქტორი ჩელ რიჩარდსონი.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ძილის რეჟიმისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რამდენად დიდი გავლენა აქვს მელატონინს ჩვენი ძილის ციკლზე, ზუსტად არ ვიცით, როგორ მოქმედებს მისი შემცირებული დონე ძილის ხარისხზე.

უამრავი გამოკვლევა არსებობს, რომელიც ტექნოლოგიის ძილზე გავლენას შეისწავლის. მართალია, ბევრი მათგანი კავშირს პოულობს ამ ორს შორის, მაგრამ ეს კავშირები უმეტესად სუსტია და ბოლომდე არ ამტკიცებს, რომ ეკრანებთან დიდი დროის გატარება ძილის პრობლემებს იწვევს. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ კვლევაში მაქსიმუმ 10 წუთიანი სხვაობა იყო ჩვეულებრივი და ელექტრო წიგნების მკითხველების ძილს შორის.

“ტექნოლოგიის გამოყენებასა და ძილს შორის კავშირი მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს. სავარაუდოდ, სხვადასხვა ციფრული მოწყობილობების მოხმარება დროთა განმავლობაში იქონიებს ძილის რეჟიმზე გავლენას… თუმცა ფაქტია, ადამიანები, რომლებსაც ძილის პრობლემა აქვთ, სულ უფრო მეტად მოიხმარენ მათ” – აღნიშნავს დოქტორი რიჩარდსონი.

გუნდი, რომელიც განსხვავებული ხედვებით და ინოვაციური იდეებით ქმნის „მეამას“