in

როგორ მოვახერხოთ დროის სწორი მენეჯმენტი?

დროის მენეჯმენტი ის საერთო პრობლემაა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ან სხვადასხვა გზით ებრძვის, ანდაც საერთოდაც ვერ ებრძვის და მუდმივ ჭიდილშია. ცხადია, ეს ნეგატიურად აისახება როგორც თავად ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაზე, ისე საქმის ხარისხზე. ხოლო დროის სათანადოდ გადანაწილება გვეხმარება, სწორად დავგეგმოთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ დახარჯული დრო, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ პროდუქტიულობა.

გარდა ამისა, ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • სამუშაოს მაღალი ხარისხი
  • ნაკლები სტრესი
  • მეტი დრო სტრატეგიულ ან კრეატიულ პროექტებზე მუშაობისთვის
  • ნაკლები პროკრასტინაცია
  • მეტი თავდაჯერებულობა

აი, როგორ უნდა დაიწყოთ:

გააცნობიერეთ, როგორ ატარებთ დროს

თუ თქვენი პროდუქტიულობა გამომუშავებით იზომება, დაკარგული დრო შეიძლება დაკარგულ ფულს ნიშნავდეს. ამრიგად, დროის მენეჯმენტსაც ისე მიუდექით, როგორც ბიუჯეტის გადანაწილებას — განსაზღვრეთ, რაში ხარჯავთ თქვენს დროს რეალურად, რათა გამოავლინოთ ის სფეროები ან ჩვევები, რომლებიც მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს.

დაიწყეთ დროის შემოწმებით, რისთვისაც ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლიათ, როგორიცაა RescueTime. ეს უკანასკნელი, თქვენ მიერ მონიშნული კატეგორიებიდან გამომდინარე, გეტყვით, დღის განმავლობაში რამდენ საათს ხართ პროდუქტიული. ამავდროულად, ის გიჩვენებთ, რამდენ დროს ფლანგავთ სოციალურ მედიაზე.

დაიცავით ყოველდღიური განრიგი

შექმენით ყოველდღიური განრიგი, რომელიც სხვადასხვა ამოცანას მოიცავს, თავისი დროის განრიგით. გახსოვდეთ, ამ განრიგის დაცვა წარმატების გასაღებია.

  • შექმენით რეალისტური დროის ჩარჩოები. ხშირად ადამიანები გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ უნარს, მოკლე დროში შეასრულონ საქმეები. ამას მეცნიერები „გეგმის შეცდომას“ უწოდებენ, რაც, როგორც წესი, ზედმეტად ოპტიმისტურ შეფასებას იწვევს.
  • კონკრეტულ დავალებებს მთელი ყურადღება დაუთმეთ. მუშაობისას მოერიდეთ ისეთ ვებგვერდებზე შესვლას, რომლებიც არათემატურია და კონცენტრირებაში ხელს გიშლით.

პრიორიტეტები

სამუშაოების ჩამონათვალის გაკეთებას შეუძლია, დროის დაზოგვის ხარჯზე, პროდუქტიულობა გაზარდოს. თუმცა ფრთხილად თუ არ იქნებით, შესაძლოა, ეს სია იმდენად დიდი გახდეს, რომ ვერც კი მიხვდებით, საიდან დაიწყოთ… ამიტომაც, ინსტრუმენტი, რომელიც ცნობილია როგორც ეიზენჰაუერის მატრიცა, დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, როგორ გადაანაწილოთ პრიორიტეტები, მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით.

ამ გადაწყვეტილების მატრიცის გამოყენებით, შეგიძლიათ თქვენი სია დაყოთ:

  • დაუყოვნებლივ შესასრულებელი: მნიშვნელოვანი ამოცანები დედლაინებით ან ისეთები, რომლებიც უკვე დაგვიანებულია
  • მოგვიანებით შესასრულებელი: მნიშვნელოვანი ამოცანები დედლაინების გარეშე
  • დელეგირება: ამოცანები, რომელთა შესრულებაც სხვას შეუძლია
  • ამოღება: ამოცანები, რომელთა გამორიცხვაც გსურთ, რადგან თქვენს მიზნებს არ ემსახურება

დაიწყეთ ურთულესი საკითხის მოგვარებით

ყურადღების გაფანტვა ყველასთვის ნაცნობია, იქნება ეს სატელეფონო ზარი, კოლეგის საუბარი თუ დასვრილი ჭურჭლის გროვა. ამისათვის გამოიყენება Eat That Frog — პროდუქტიულობის მეთოდი, რომელიც ლიდერობის ექსპერტმა, ბრაიან ტრეისმა, შეიმუშავა და ის კარგად მუშაობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროკრასტინაციისკენ არიან მიდრეკილნი. მეთოდის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ყველაზე დიდი, რთული და მნიშვნელოვანი საქმით დაიწყოთ — იმის, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავლისთვის გადადეთ.

მოკლედ, შეჭამეთ ეს ბაყაყი!

მსგავსი ამოცანების დაჯგუფება, მაგრამ „მულტითასქინგის თავიდან არიდება“

მსგავსი ამოცანების დაჯგუფება და მათი ერთად შესრულება დაგეხმარებათ, დრო დაზოგოთ და საკუთარ თავს სტიმულიც მისცეთ, რომ ბევრი რამ გადაჭერით. მაგალითად, მეილების გაგზავნა კოლეგებთან; შეხვედრები.

უბრალოდ, მეცნიერება ცალსახაა მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულებასთან დაკავშირებით: ის ამცირებს ეფექტურობას და ნეგატიურად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, გონებრივი ჟონგლირება გულისხმობს „გადართვის ხარჯებს“, რაც ამცირებს შესრულებას.

ავტორი: ქეთია ბელქანია



Toblerone-მა შოკოლადის სააღდგომო სერია გამოუშვა

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო