თანამედროვე მსოფლიოში რთულია, იყო პროდუქტიული. ყოველდღიურად უამრავ რჩევასა და აპლიკაციას გვთავაზობენ, რომელთა სამუშაო პროცესში გამოყენება, თითქოს ძალიან ეფექტურია, მაგრამ, იქნებ, მცდარი შეხედულება გვაქვს თავად პროდუქტიულობაზე? იქნებ ჩვენი სრული პოტენციალის გამოვლენისთვის მთავარი გასაღები არა საკუთარი თავის სამუშაოსთვის სრულად მიძღვნა და გაწირვა, არამედ სწორი ჩვევებისა და შესაბამისი აზროვნების გამომუშავებაა.
პროდუქტიულობის ექსპერტები გვირჩევენ როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი მაქსიმალურად მცირე დროში. გთავაზობთ სამ მნიშვნელოვან მიდგომას:
1. ივარჯიშეთ
დიდი შანსია, რომ თქვენ სხვადასხვა პრიორიტეტს შორის პროფესიონალურად ჟონგლიორობთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტებს ეძებთ. ვარჯიში სასწაულებს ახდენს თქვენი პროდუქტიულობისთვის. Brain Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რეგულარული ვარჯიში ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერებს, როგორიცაა დოფამინი, ნორეპინეფრინი და სეროტონინი, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ფოკუსირების უნარს, მსჯელობის თანმიმდევრულობასა და მეხსიერებას. ასევე დადებითად მოქმედებს განწყობასა და მოტივაციაზე.
2. მიჰყევით თქვენს დინებას
ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც გადაბმულად რამდენიმე საათი იმუშავეთ, მაგრამ მოგეჩვენათ, რომ დრომ ძალიან სწრაფად გაირბინა. ამის შესახებ სხვებისგან ხშირად გვსმენია, მაგრამ რეალურად რას ნიშნავს და როგორ უნდა მივაღწიოთ ,,ნაკადის“ მდგომარეობას? ამისთვის ოთხი ძირითადი ნაბიჯი არსებობს:
- დაისახეთ მკაფიო მიზნები, რისი მიღწევაც გსურთ აქტივობის დროს. კონკრეტული მიზნის ქონა დაგეხმარებათ კონცენტრირებაში
- დახურეთ მოცემული მომენტისთვის უსარგებლო აპები, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ და ,,ნაკადიდან“ არ ამოვარდეთ.
- თქვენ თავზე დაკვირვების შედეგად, შეგიძლიათ დაადგინოთ კვირის რომელ დღეებში ხართ ყველაზე მეტად პროდუქტიული. სამუშაოც მსგავსი დღეების შესაბამისად დაგეგმეთ.
- იპოვეთ საქმე, რომელშიც გამოწვევები აღემატება თქვენს უნარებს, რათა ახლის შეცნობისა და სწავლის საჭირო დოზა მიიღოთ.
მთავარია, ისეთი პირობები შეიქმნათ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მთლიანად ჩაეფლოთ საქმეში და დაკარგოთ დროის შეგრძნება. რაც ყველაზე მთავარია, დროთა განმავლობაში ამ მიდგომის სწავლა და ათვისება მარტივად არის შესაძლებელი.
3. კარგად დაისვენეთ
ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომათა შორის, მოწინავე ადგილი უჭირავს სათანადო შესვენების უგულებელყოფას. ტონი შვარცი, ავტორი წიგნისა „როგორც ვმუშაობთ, არ მუშაობს“, თავის სტატიაში, რომელიც Harvard Business Review-ში გამოქვეყნდა, წერს:
„ჩვენი სხეული მკაფიო სიგნალებს გვიგზავნის დაღლილობის, შიმშილის, ძილიანობისა და ყურადღების გაფანტვის დროს და გვთხოვს, რომ შევისვენოთ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, არ ვითვალისწინებთ. ამის ნაცვლად ენერგიის აღსადგენად ხელოვნურ გზებს მივმართავთ, ვიღებთ კოფეინს, შაქარსა და მარტივი ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს“.
მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად, შვარცი გვთავაზობთ 90 წუთიან „სპრინტებს“ და სათანადო დასვენებას. უფრო მკაფიოდ რომ გითხრათ, რთულ და მნიშვნელოვან ამოცანაზე კონცენტრირდით 90 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გონება დაასვენეთ და მიეცით საშუალება ძალები აღიდგინოს.