in

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი საქართველოში ტურისტების დასახვედრად?

პანდემიური ფონი მინელდა და ტურისტული გარემო აღდგენის უჩვეულო გზას გადის. ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთია იმ სექტორებიდან, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მწვავედ შეეხო. ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მოგზაურობის მსურველთა პრიორიტეტებიც და ქცევაც. მაგალითად, Google-ის კვლევის თანახმად, 2021 წელს, გრძელვადიანი მოგზაურობის დაგეგმვისთვის, ადამიანები დროის 70%-ს ონლაინ ძიებაში ატარებდნენ. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და გაიზრდება 2022 წელსაც. მოგზაურები ინტერნეტით ეძებენ შთაგონებას, რჩევებს, კომპანიებსა და ონლაინ პლატფორმებს, ვისგანაც შეიძენენ პროდუქტს ან მომსახურებას. ქცევის თვალსაზრისით, შეიცვალა ისიც, რომ ადამიანები უფრო მეტად ისეთი ბრენდების მიმართ ხდებიან უფრო ლოიალურები, რომლებიც ღირებულებებს ერთგულად მიყვებიან, ზრუნავენ გარემოზე და ეკო-მეგობრულები არიან. ტურიზმის აღდგენა შეეხო საქართველოსაც და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტული კომპანიები და ობიექტები საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადებიან. რა არის აქტუალური, ამ მხრივ, წელს – როგორ დავხვდეთ მზად ცხელ სეზონს? რა მოლოდინი და სურვილები აქვთ საქართველოში ჩამოსვლისას ტურისტებს? სად ეძებენ სასურველ პროდუქტსა და სერვისს? რა შევთავაზოთ განსხვავებული? ამ კითხვებით მივმართეთ კამპანია Spend 4 Seasons In Georgia-ს თანადამფუძნებელს, მარიამ გუჯაბიძეს, რომელიც ამ დროისთვის, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ევროპის რეგიონულ დეპარტამენტში გადის პრაქტიკას.

მარიამ გუჯაბიძე

M: წელს, რა არის ტურისტული ინდუსტრიისთვის აქტუალური ტენდენცია საქართველოში? როგორ გამოცდილებას ეძებენ ტურისტები საქართველოში? 

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გააქტიურდა ტურიზმის ისეთ სახეობებზე მოთხოვნა, როგორებიცაა ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი. როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო მოგზაურები ცდილობენ იყვნენ ბუნებასთან უფრო ახლოს, გარე სივრცეებში, რისი შეთავაზების საშუალებასაც ნამდვილად გვაძლევს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემა და ლანდშაფტები. ეკოტურიზმზე მოთხოვნის გაზრდა როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით არის ბუნებრივი, რადგან, ეკოტურიზმი ის მიმართულებაა, რომელიც ყველაზე მეტად აძლევს მოგზაურს შესაძლებლობას შეიგრძნოს კონკრეტული ტურისტული მიმართულების ავთენტური გარემო, ველური ბუნება და რისი აღმოჩენაც ასე მრავლადაა შესაძლებელი საქართველოს თითოეულ რეგიონში.

ამ ტიპის მოგზაურები არიან აქტიური, თავგადასავლების და ექსტრიმის მოყვარული ადამიანები, მათ აინტერესებთ ალპინიზმი, დაივინგი, პარაპლანერიზმი, სპელეოტურიზმი, ლაშქრობა, სამთო-სათხილამურო თუ საცხენოსნო ტურიზმი. სწორედ ამიტომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში გამოიკვეთა აღნიშნული მიმართულებებით ახალი სერვისები და ისეთი ახალი პროექტები, მაგალითად, როგორიცაა Highlander Georgia, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელ დისტანციაზე ლაშქრობას სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. 

არამარტო საქართველოში, ზოგადად მოგზაურები ეძებენ მრავალფეროვნებას, თავგადასავლებს, ისტორიებს და ადამიანებს, ვინც მათ მოგზაურობას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს დასამახსოვრებელი სტუმარ-მასპინძლობით. სწორედ ეს შთაბეჭდილებები  ითარგმნება შემდგომ იმ ემოციებში, რის გამოც მოგზაური მრავალგზის უბრუნდება უკვე კარგად ნაცნობ ადგილებს.

M: რა უნდა გაითვალისწინონ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე ობიექტებმა და კომპანიებმა წლევანდელი ტურისტული სეზონისთვის?

ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომლესაც ახასიათებს მაღალი კონკურენციაა. იმისთვის, რომ მივიზიდოთ ახალი და ამავდროულად შევინარჩუნოთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი, მნიშვნელოვანია მიწოდებული მომსახურების ხარისხი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება კვლავ ნომერ პირველ ამოცანად რჩება. ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი დანიშნულებაა მოგზაურობის მთლიან პროცესში, ადამიანებს შევუქმნათ სიამოვნების ერთიანი ჯაჭვი, რომელიც არცერთ ეტაპზე – მოგზაურობის დაგეგმვიდან მის დასრულებამდე, არ უნდა გაწყდეს. უნდა გავითავისოთ, რომ მოგზაურობა ეს არის თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებული პერიოდი, რის უფლებასაც საკუთარ თავს ბევრი ადამიანი შეიძლება მხოლოდ  წელიწადში ერთხელ აძლევდეს და საოცარი ემოციებით ელოდებოდეს თვეების განმავლობაში. აღნიშნულის გააზრება მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანი მომსახურების გაწევისას გააკეთებს თავის მაქსიმუმს, რაც ყოველთვის იქნება მოგზაურის, მოგზაურის მეგობრის თუ მისი მეზობლის თქვენთან დაბრუნების საფუძველი.

გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მრავალი ახალი აქტორი ერთვება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში და ბაზარი გაჯერებულია ერთნაირი ტურისტული პროდუქტით, ძალიან რთული ხდება ყოველდღიურად მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა, სწორედ ამიტომ კომპანიები მუდმივად უნდა ფიქრობდნენ განვითარებაზე, ახლის შექმნასა თუ ძველის ახლებური, განსხვავებული ფორმით მიწოდებაზე. ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტურისტული პროდუქტის თუ მომსახურების მიმართ მოგზაურების მხრიდან გაზრდილი ინტერესი.

M: რა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, რაზეც ტურისტების მოთხოვნა მზარდია?

პირველ რიგში, სექტორის უმთავრეს და უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ადამიანური რესურსის პრობლემა. ზოგადად ტურიზმის სფეროში ყველა მიმართულებით შეიქმნა ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტი, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია პენდემიის პერიოდში ტურიზმში დასაქმებული ადამიანების სხვა სფეროებში აქტიური მობილობით, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ხშირად დარღვეული შრომითი უფლებებით. წარმოუდგენელია ტურიზმის სექტორის განვითარება კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების გარეშე, რაშიც ინვესტიცია უნდა ჩადოს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა. 

მეორე გამოწვევაა ნაკლებად  დივერსიფიცირებული, მრავალფეროვანი და უნიკალური ტურისტული შეთავაზებების სიმცირე. ჩვენთან ჩამოსული ტურისტი ეძებს განსხვავებულ გამოცდილებებს, შთაბეჭდილებებს, იქნება ეს აგრო, გასტრო, ღვინის, კულტურული თუ სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით. სამწუხაროდ, საქართველოს ტურისტული ბაზარი არ არის გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით, რაც ტურისტის კონკრეტულ ტურისტულ ლოკაციაზე ხანგრძლივ დაყოვნებას გამოიწვევდა და ეკონიმიკურად მოგებიანი იქნებოდა არაერთი ტურისტული მომსახურების გამწევი კოპანიისა თუ ინდივიდისთვის.

M: რომელი საკომუნიკაციო არხების საშუალებით არის აქტუალური ტურისტების მოზიდვა?

დღეს, მეტნაკლებად ყველა ბიზნესი გადავიდა ელექტრონულ სივრცეში, რაც ბუნებრივიცაა დიჯიტალიზაციის ეპოქაში. ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ტურისტების მოსაზიდად და მათთან კომუნიკაციის დასამყარებლად, საქართველოში, ძირითადად, ყველა ტურისტული პროდუქტი წარმოდგენილია  Facebook-ის და Instagram-ის პლატფორმებზე. გარდა საკუთარი საკომუნიკაციო არხებისა, ტურისტულ  ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, პოტენციურ მომხმარებლებთან საკონტაქტოდ, ხშირად მიმართავენ Facebook-ის სივრცეში შექმნილ თემატურ ჯგუფებს, რისი ნათელი მაგალითიცაა ჩვენი ჯგუფი – Spend 4 Seasons in Georgia. ყოველდღიურად იმატებს საქართველოს ბაზარზეც ინფლუენსერ მარკეტინგის პოპულარობაც, რის ნიშნებსაც სულ უფრო მეტად ვხვდებით ტურიზმის ინდუსტრიაშიც. რა თქმა უნდა, მთავარ არხებად რჩება საერთაშორისო ონლაინ ტურიზმის სააგენტოები, როგორებიცაა, Booking, Airbnb, Tripadvisor და სხვა.

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ციფრული საკომუნიკაციო არხების სიკეთეზე, თუმცა, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს უნდა გვახსოვდეს, ტურიზმი არის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელთა გაზიარება დღევანდელ დღეს უკვე შეიძლება უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი პოსტის განთავსებით, ამიტომ ერთი კმაყოფილი ტურისტი დღეს ნამდვილად უდრის ათობით პოტენციურ ახალ ტურისტს და ანალოგიური უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენგან წასულ ერთ უკმაყოფილო ტურისტსაც. ამიტომ და არა მხოლოდ, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას ჰყავდეს ჩვენი მომსახურებით გაბედნიერებული ბევრი მოგზაური.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

American Airlines „პასპორტებს ემშვიდობება“

Microsoft წყვეტს AI სისტემის გამოყენებას, რომელსაც ემოციების ამოცნობა შეუძლია