in

„როგორ მოვიგოთ არჩევნები საქართველოში“ – წიგნი, რომელიც ქართულ პოლიტიკას პლაკატებით კითხულობს

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

არჩევნების მოახლოებას საქართველოში თავისი ვიზუალური ენა აქვს: ქუჩებში ჩნდება მომღიმარი სახეები, დიდი ნომრები, მოკლე სლოგანები და დაპირებები, რომელთა ნაწილიც წლების შემდეგაც ნაცნობად ჟღერს. იცვლებიან კანდიდატები, პარტიები და ფოტოების ხარისხი, თუმცა თავად ფორმულა ხშირად იგივე რჩება.

სწორედ ამ განმეორებადობას იკვლევს კრეატიული დირექტორის, ბასა მეტრეველისა და ფოტოგრაფ ელენე შენგელიას წიგნი „როგორ მოვიგოთ არჩევნები საქართველოში“. პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა და დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე ქართული საარჩევნო პლაკატების, პოლიტიკური კლიშეებისა და ვიზუალური კომუნიკაციის ერთგვარ არქივს აერთიანებს. მოგვიანებით პროცესში კრეატიული დირექტორის, გიორგი ავალიანის Holy Motors-იც ჩაერთო, რომელმაც წიგნის გამოცემისთვის საბოლოოდ გამომცემლობა Holy Books-იც შექმნა.

ბასას, ელენესა და გიორგი ავალიანს წიგნზე, ქართულ პოლიტიკურ ვიზუალურ ენასა და იმაზე ვესაუბრეთ, თუ რამდენად შეიცვალა საარჩევნო კამპანია ბოლო რამდენიმე ათწლეულში.

M: რა არის „როგორ მოვიგოთ არჩევნები საქართველოში“ და როგორ გაჩნდა წიგნის იდეა?

ბასა მეტრეველი : ეს წიგნი არის სახელმძღვანელო პოლიტიკოსებისთვის, ან მათთვის, ვისაც ქართულ პოლიტიკაში მოსვლა სურს, როგორ შეადგინოს თავისი პოლიტიკური პლაკატი ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს გამარჯვების შანსები. ამავდროულად, ეს არის ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში საკმაოდ ღრმა ჩაღრმავება, უბრალოდ პლაკატზე კონცენტრაციით.

საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე პერიოდი გვაქვს მოცული, ყველა არჩევნები და ყველა საინტერესო ეგზემპლარი, პოლიტიკური ტაქტიკა თუ ტექნიკა, რომელიც ამ პლაკატებში გამოჩენილა.

ელენე შენგელია: მე და ბასა რამდენიმე წლის წინ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის რეზიდენციაში მოვხვდით და მის ფარგლებში ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ. როცა პოლიტიკური პლაკატების შეგროვებას შევუდექით და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი მასალა დაგვიგროვდა, მივხვდით, რომ ეს პლაკატები არა მხოლოდ აბსურდული იყო, არამედ ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ძალიან ბევრი რამ მეორდებოდა.

სწორედ ეს განმეორებადობა გახდა წიგნის მთავარი მამოძრავებელი და შემდეგ დიზაინშიც გადაითარგმნა. ამიტომ არის წიგნში ბევრი კოლაჟიც. საბოლოოდ მთელი სტრუქტურა ამ პრინციპის გარშემო აეწყო.

იდეა იყო ისიც, რომ ქართული პოლიტიკა რაღაც მანკიერ წრეზე დადის, რომელშიც თითქოს მთელი ქვეყანა ვართ გაჭედილი და ვერ გამოვდივართ. საინტერესო იყო, რომ ამის ამოცნობა შეიძლება ისეთი მარტივი და ელემენტარული რაღაცითაც, როგორიც პოლიტიკური პლაკატია.

M: თუ ამ წიგნიდან მართლა უნდა გამოვიყვანოთ ფორმულა, როგორ იგებენ არჩევნებს საქართველოში? რა არის აუცილებელი ინგრედიენტები?

გიორგი: მომღიმარი სახე, დიდად დაწერილი ნომერი, სახელი და გვარი. დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია. ბავშვებიც შეიძლება. მთავარი ეს სამი კომპონენტია: ნომერი, სახელი და გვარი და ფოტო. იმის იქით აღარც არის აუცილებელი ბევრი რამ. მთავარია, ამ სამ რაღაცას მოუყარო თავი და კანდიდატი უკვე ცოტათი გამოჩნდება.

ბასა: ისეთი სახე, თითქოს გიცნობს. რაც უფრო დიდია ეს სახე და რაც უფრო ბევრ ადგილას არის გაკრული, მით უკეთესი. მერე უკვე ჩაცმა და პოზაც მნიშვნელოვანია.

M: თქვენი დაკვირვებით, რამდენად იცვლება ქართული პოლიტიკური კამპანია პარტიიდან პარტიამდე? სახელები და ფერები რომ მოვაშოროთ, ერთმანეთისგან მარტივად გავარჩევთ?

ბასა: არაფერი არ იცვლება საერთოდ. უბრალოდ ახლა უკეთესი ხარისხის ფოტოებს იღებენ.

ელენე: კი, ხარისხი ლოგიკურად გაუმჯობესდა. დიზაინი ძალიან გაუმჯობესებულია-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ტექნიკურად, რა თქმა უნდა, უკეთესია.

ბასა: უკეთესი მატრიცის ფოტოაპარატით იღებენ. ტექნიკა გაუმჯობესდა, შინაარსი კი არა.

M: თქვენი დაკვირვებით, რომელი კლიშეები აღმოჩნდა ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ქართულ არჩევნებში?

ელენე: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მაგალითად, ის, რამდენად ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიტყვები სლოგანებში.

პირველ ადგილზე არის „ერთობა“. მეორე ადგილზე „გადარჩენა“. ანუ თითქმის ყველა არჩევნებზე ყველა პარტია გვპირდება, რომ ახლა იქნება ის დრო, როცა გადავრჩებით და ისინი გადაარჩენენ საქართველოს. მესამე ადგილზე არის „დასაქმება“.

თუნდაც ამ სამი სიტყვის ლიდერობით შეიძლება რაღაც გავიგოთ იმაზე, რა პრობლემები აქვს ამ ქვეყანას. ჩემთვის წიგნზე მუშაობისას მთავარი სწორედ ეს იყო: პლაკატი თითქოს უმარტივესი რამეა, ძალიან ელემენტარული, მაგრამ ამ დროს რამდენი რამის წაკითხვა შეგიძლია მისგან.

ბასა: მინიმალიზმის მაქსიმალური ზეიმი.

M: იუმორი ამ პროექტში თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, თუ მასალამ თვითონ მოიტანა?

გიორგი: იუმორი რეალურად მინიმალურია. ძალიან მინდოდა, რომ წიგნი სასაცილო ყოფილიყო და ტექსტსაც დახმარებოდა ამაში, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ერთად ხედავ, იმდენად ბუნებრივად მოდის, რომ უბრალოდ არ გაგეცინოს, შეუძლებელია.

ტექსტი სინამდვილეში ძალიან აკადემიურია. ვინც დაარედაქტირა და მასზე იმუშავა, ის ადამიანებიც აკადემიური სფეროდან არიან და საკმაოდ სერიოზულად დაიწერა. უბრალოდ თვითონ კონტენტია იმდენად აბსურდული და სასაცილო, რომ საბოლოოდ თავისთავად იღებს სატირის ფორმას.

ბასა: ზოგადად, იუმორი ჩვენი კოლექტიური თავდაცვითი მექანიზმიც არის და ეს პლაკატებზეც იგრძნობა. ზოგ შემთხვევაში უბრალოდ პლაკატს უყურებ და დამატებითი ხუმრობის მოფიქრება აღარ გჭირდება.

სამივე კომერციულ პროექტებზე ვმუშაობთ და ეს პირადი პროექტი იყო. ამიტომ გვინდოდა, ზუსტად ისეთი გაგვეკეთებინა, როგორიც ჩვენ გვინდოდა, და არავინ ჩარეულიყო, თუნდაც მცირედით.

M: როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და როგორ ჩაერთო Holy Motors?

ბასა: პროცესი იყო გრძელი, დამღლელი და პრობლემებით სავსე. დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო, როგორც ელენემ თქვა, ფოტოგრაფიის მუზეუმის სახელოვნებო რეზიდენციის დროს. მაშინ მასალას თავი მოუყარეს და რეზიდენციის გამოფენისთვის რაღაც ფორმა მისცეს, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ამას ბევრად უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა.

საჭირო იყო ადამიანებთან თანამშრომლობა, ვინც კარგ დიზაინს გაუკეთებდა, სწორ ფორმას მისცემდა, კრეატიულ მიმართულებას შეკრავდა. მაშინ გადაწყდა Holy Motors-თან თანამშრომლობაც. ვიცოდით, რომ ბევრ რამეში თანამოაზრეები ვიყავით.

შემდეგ უკვე ეს იყო კოლექტიური შემოქმედებითი პროცესი, ბევრი კომენტარით, გასწორებით და იტერაციით. რედაქტორი ჩაერთო, სხვა ადამიანებიც და საბოლოოდ მივედით იმ ფორმამდე, რაც დღეს აქვს.

გიორგი: თან თვითონ მასალის, პოსტერებისა და ფოტოების შეგროვება ბოლო კვირამდეც გრძელდებოდა. შეიძლება ბოლო კვირაში გამოჩენილიყო რაღაც, რაც თურმე საერთოდ არ გვქონდა ნანახი. ეს, ფაქტობრივად, დაუსრულებელი პროცესია.

ელენე: გამოვიყენეთ პარლამენტის ბიბლიოთეკის არქივიც, სადაც ბევრი პლაკატი უკვე გაციფრებული იყო. მასალა ვიპოვეთ პირად კოლექციებშიც, ჩვენს და მეგობრების გადაღებულ ფოტოებშიც.

მთავარი კიდევ ის არის, რომ წიგნი მთლიანად ჩვენი ფინანსებითა და ძალისხმევით გამოვეცით. რამდენიმე მცდელობა გვქონდა გამომცემლობებთან გვემუშავა, მაგრამ მივხვდით, რომ ძალიან დიდ რედაქტირებასა და ალბათ გარკვეულ შეზღუდვებსაც გადავაწყდებოდით.

M: ამ პროექტისთვის Holy Books-იც შეიქმნა. რა იდეა დგას მის უკან?

გიორგი: Holy Books სპეციალურად ამ გამოცემისთვის შეიქმნა. Holy Motors, როგორც სააგენტო, ისედაც კულტურული პროცესის და დიზაინკულტურის მონაწილეა, გვინდა თუ არა, რადგან კომუნიკაციას ვქმნით.

იმ რაღაცების დაფასება, რაც ხშირად უჩინარია, ყველასთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. ეს პროექტიც პირველივე დღეებიდან ძალიან ახლოს იყო ჩვენთან და როცა გაჩნდა შანსი, რომ უფრო სერიოზულ ნამუშევრად გადაგვექცია, ვიფიქრეთ, მოდი ისე გავაკეთოთ, როგორც წესია და რიგია, რომ მსგავს პროექტებს თავისი ადგილი ჰქონდეთ ჩვენს ეკოსისტემაში.

Holy Books სწორედ ამის შედეგია. გვინდა, ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ვიზუალური კულტურის კვლევას, გაანალიზებას და შემდეგ რაღაც უფრო დიდი გაკვეთილების გამოტანასაც. ვფიქრობ, უკეთეს სტარტს ვერც ვინატრებდით.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

M: წიგნი Ad Black Sea-ზე წამოიღეთ და როგორი გამოხმაურება მოჰყვა აქ წიგნს?

გიორგი: იმაზე უკეთესი, ვიდრე წარმომედგინა. კარგი ფიდბექის მოლოდინი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ხალხის რეაქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს თემა ყველასთვის ძალიან რელევანტურია და, როგორც ჩანს, ის ფორმაც, რომელიც მას მივეცით, მუშაობს.

ისეთი კომენტარებიც მივიღეთ, როგორიც ჩემს სხვა პროექტებზე არასდროს მიმიღია. ძალიან კარგი გამოხმაურება იყო.

პირველი წარდგენისთვის შერჩეული სივრცეც სწორი აღმოჩნდა, რადგან იქ ზუსტად ის აუდიტორია იყო, რომელსაც ეს პროექტი შეიძლება დაენახა და დაეფასებინა. შემდეგ უკვე თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმშიც გვექნება პრეზენტაცია და გაყიდვა, მერე კი სხვადასხვა მაღაზიაშიც გამოჩნდება.


ავტორი: ქეთია ბელქანია

ფილმი „გურია” ვენეციის კინოფესტივალზე – „არდი” პროექტის წარმოების მზღვეველი და მხარდამჭერია

ბასი, რომელიც კი არ ისმის, იგრძნობა: Sioni Hi-Fi „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე”