in

როგორ მოხვდეს თქვენი მუსიკა და პოდკასტები Spotify-ზე?

როგორც ვიდეოპლატფორმებში Youtube, ისე აუდიოში Spotify მთელ მსოფლიოში ცნობილი ციფრული ხელსაწყოა, სადაც მუსიკოსები, სხვადასხვა მიმართულების არტისტები და პოდკასტების ავტორები თავიანთ ნამუშევრებს ტვირთავენ. ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ Spotify საქართველოშიც შემოვიდა. მას შემდეგ ქართული აუდიოკონტენტიც აქტიურად ჩნდება ამ სტრიმინგსერვისზე და ქართველი მსმენელიც სიამოვნებით იყენებს მას. გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელზეც მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერებია განთავსებული, პლატფორმას უამრავი მომხმარებელი ჰყავს და არტისტებისთვის მასზე მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც მიიჩნევა. ეს ის სივრცეა, სადაც ნამუშევრის განთავსება არა სასურველი, არამედ აუცილებელიც კია.

თუ მუსიკოსი ხართ ან საკუთარი პოდკასტის გაკეთება გსურთ, რომელიც მაღალ ხარისხში, თანამედროვე სტანდარტებსა და დიდ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ჩვენი რესპონდენტის რჩევებს, რომელიც გეტყვით, რა არის და რატომ უნდა დარეგისტრირდეთ Spotify-ზე. 

Marketer-ის კითხვებს მირიან კულულაშვილი – მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი პასუხობს:

M: განმარტებით რომ დავიწყოთ, რა არის Spotify  და ვისთვისაა განკუთვნილი?

მოგეხსენებათ, მუსიკალური ინდუსტრია და ბაზარი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შეიცვალა ის პროცესიც, თუ როგორ ვუსმენთ მუსიკას. თუ ადრე ეს იყო ფირფიტები, კასეტები, დისკები თუ უბრალოდ, MP3 ფაილები, დღეს ეს ყველაფერი უკვე ერთიან სივრცეშია განთავსებული და მათ სტრიმინგპლატფორმები ეწოდებათ. Spotify ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრიმინგპლატფორმაა დღეისთვის, რომელიც მუდმივად მზარდია და თანამედროვე მსმენელის უმრავლესობა სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას მუსიკის მოსასმენად.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მუსიკოსი, რომ მისი აუდიომასალა დაიდოს Spotify-ზე?

პირველ რიგში, უნდა გქონდეთ ხარისხიანი აუდიოჩანაწერი და, რა თქმა უნდა, თქვენი მუსიკალური რელიზისთვის საჭირო ვიზუალური გაფორმება და ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ – აღნიშნული სერვისები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ მათი ტექნიკური კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მუსიკოსებისთვის აუცილებელია ამ კრიტერიუმებზე დეტალური დაკვირვება.

M: რა შესაძლებლობებს აძლევს Spotify მუსიკოსებს და რატომ მიისწრაფვის ყველა აქ მოსახვედრად?

პირველ რიგში, ყველას აქვს სურვილი, რომ იქ მოხვდეს, სადაც სხვა დანარჩენი მისი პროფესიის ადამიანები არიან. Spotify-ზე და სხვა სტრიმინგსერვისებზე მოხვედრა დღეისთვის მუსიკოსისთვის არა არჩევანი, არამედ უკვე აუცილებლობაა. ეს, პირველ რიგში,  მუსიკოსის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. გარდა ამისა, ეს საშუალებას აძლევს მუსიკოსებს, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ. მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში რთულია დისკების თუ ფირფიტების იმ რაოდენობით გაყიდვა, რომლებიც მუსიკოსებს ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს, ასე რომ, ამ შემთხვევაში სტრიმინგპლატფორმები ერთ-ერთ დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენენ.

M: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მუსიკა ან პოდკასტი მოხვდეს spotify-ზე?

უნდა ავღნიშნოთ, რომ მუსიკა და პოდკასტები ცალკეულად განვიხილოთ ამ შემთხვევაში. მუსიკისთვის Spotify-სა და სტრიმინგპლატფორმებს გააჩნიათ შუამავალი კატეგორიის სერვისები/კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ პლატფორმებზე მუსიკალური რელიზების დისტრიბუციას. მათ მუსიკალურ აგრეგატორებს/დისტრიბუტორებს უწოდებენ. არსებობს მრავალი მსგავსი ტიპის სერვისი, ჩვენ, Bloom Music უკვე წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ ამერიკულ კომპანიასთან Symphonic Music, რომელიც ქართველი მუსიკოსებისთვის განსაკუთრებულ პირობებს გვთავაზობენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში უკვე 70-ზე მეტი მუსიკოსის შემოქმედება განვათავსეთ სტრიმიგპლატფორმებზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მუსიკოსები დასაწყისში არაფერს იხდიან Spotify-ზე საკუთარი შემოქმედების მოსახვედრად, ჩვენ, უბრალოდ, სამომავლო პოტენციური შემოსავლის მცირე ნაწილს ვიტოვებთ მათი შემოქმედებიდან.

რაც შეეხება Podcast-ებს, აქ ცალკე პლატფორმები არსებობს, მაგალითად, Anchor.Fm, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება როგორდ პოდკასტის ჩაწერა, ასევე მათი განთავსება სტრიმიგ სერვისებზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ფინანსური მოდელირების მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა

ახალი მოწყობილობა ფეხზე მოგიღიტინებთ და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ