in

როგორ მუშაობს დივერსიფიკაცია და რატომ გჭირდებათ ის?

დივერსიფიკაცია არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რისკის მართვისთვის გამოიყენება. მთელი ფულის ერთ კომპანიაში, ინდუსტრიაში, სექტორში ან აქტივების კლასში კონცენტრირების ნაცვლად, ინვესტორები დივერსიფიკაციას მიმართავენ და თანხას სხვადასხვა საინვესტიციო ვარიანტზე ანაწილებენ. ამ სტრატეგიით თქვენ ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსებისგან გამოწვეულ რისკს თავიდან აიცილებთ.

რატომ გჭირდებათ დივერსიფიკაცია?

დივერსიფიკაცია საინვესტიციო რისკის შესამცირებლად არის საჭირო. მომავლის შესახებ სრულყოფილი ცოდნა რომ გვქონდეს, შევძლებდით, შეგვერჩია ერთი ინვესტიცია, რომელიც წარმატებას მოგვიტანდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალი გაურკვეველია და ბაზრებზე მდგომარეობა მუდმივად იცვლება, სჯობს ფული გავანაწილოთ იმ კომპანიებსა და აქტივებზე, რომლებიც ერთსა და იმავე რისკებს არ ექვემდებარება.

დივერსიფიკაციის მიზანი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა არ არის. დროის გარკვეულ მონაკვეთებში ინვესტიციების შეზღუდულ ვარიანტებზე კონცენტრირებულმა პორტფელმა შეიძლება დივერსიფიცირებულს აჯობოს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც წესი, საპირისპირო სურათს ვიღებთ.

დივერსიფიკაციის ერთ-ერთი გასაღები არის ისეთი ინვესტიციების ფლობა, რომლებიც მსგავს ბაზრებზე განსხვავებული წარმადობით ხასიათდება. მაგალითად, როდესაც აქციების ფასები იზრდება, ზოგადად, ობლიგაციების შემოსავლიანობა ეცემა. პროფესიონალები ამბობენ, რომ აქციებსა და ობლიგაციებს შორის ნეგატიური კორელაცია არსებობს. იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც აქციების ფასები და ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს (ორივე იზრდება ან ორივე მცირდება), აქციებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი ცვალებადობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი ბევრად მეტად იზრდება/მცირდება, ვიდრე — ობლიგაციების შემოსავლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელში ყოველი ინვესტიცია ერთმანეთთან ნეგატიური კორელაციაში არ იქნება, დივერსიფიკაციის მიზანია ისეთი აქტივების ყიდვა, რომელთა ფასებიც იდენტური მოძრაობებით არ ხასიათდება.

დივერსიფიკაციის სტრატეგია

დივერსიფიკაციის უამრავი განსხვავებული სტრატეგია არსებობს, მაგრამ მათი საერთო ნიშანია საინვესტიციო თანხის აქტივთა სხვადასხვა კლასზე გადანაწილება. აქტივების კლასი არის ინვესტიციების ჯგუფი რისკისა და ანაზღაურების მსგავსი მახასიათებლებით.

აქციები და ობლიგაციები

აქციები და ობლიგაციები აქტივების ორ წამყვან კლასს წარმოადგენს. რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ინვესტორების ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება არის ის, თუ როგორ გადაანაწილონ ფული ამ ორ ვარიანტზე. ობლიგაციები ნაკლებად ცვალებადია, მაგრამ ამ აქტივის შემთხვევაში, ზოგადად, აქციებთან შედარებით, ზრდა უფრო სუსტია.

ახალგაზრდა ინვესტორები, როგორც წესი, უფრო მეტად აქციებზე არიან ორიენტირებულნი, ობლიგაციებთან შედარებით მათი გრძელვადიანი ეფექტიანობის გამო.

თუმცა, როდესაც ინვესტორი პენსიაზე გასვლას უახლოვდება, ჩვეულებრივ იგი უფრო მეტად ობლიგაციებზე კონცენტრირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება შეამცირებს მოსალოდნელ ანაზღაურებას, ასევე შემცირდება პორტფელის არასტაბილურობაც, რაც ასეთ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია.

ინდუსტრიები და სექტორები

აქციები შეიძლება კლასიფიცირდეს ინდუსტრიების ან სექტორების მიხედვით. სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიების აქციების ან ობლიგაციების შეძენა კი ინვესტორებს მყარი დივერსიფიკაციით უზრუნველყოფს. მაგალითად, S&P 500 ინდექსი 11 სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიების აქციებისგან შედგება:

  • ენერგეტიკა
  • მასალები
  • მრეწველობა
  • დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი
  • ძირითადი სამომხმარებლო საქონელი
  • ჯანდაცვა
  • ფინანსები
  • საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
  • საკომუნიკაციო მომსახურება
  • კომუნალური მომსახურება
  • უძრავი ქონება

მაგალითად, 2007–2009 წლების დიდი რეცესიის დროს, აშშ-ში უძრავი ქონებისა და ფინანსური ინდუსტრიების კომპანიებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ამის საპირისპიროდ, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის ინდუსტრიები ასეთი ხარისხით არ დაზარალებულა.

დიდი და მცირე კომპანიები

ისტორია გვიჩვენებს, რომ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კომპანიის ზომა დივერსიფიკაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაცია არის კომპანიის მიერ ბრუნვაში ჩაშვებული აქციების ღირებულების საერთო საბაზრო შეფასება ფულად ერთეულში. ამ მაჩვენებლის მისაღებად, აქციების საერთო რაოდენობა უნდა გაამრავლოთ მათ ფასზე. მხედველობაში უნდა მიიღოთ ისიც, რომ მიღებულ მაჩვენებელს კომპანიის მიერ საჯაროდ გამოცემული ნებისმიერი ობლიგაციის საბაზრო ღირებულება უნდა მიუმატოთ იმისთვის, რომ კომპანიის მთლიანი საბაზრო ღირებულება დაადგინოთ.

ზოგადად, მცირე კომპანიებს უფრო მაღალი რისკი და უფრო მაღალი ანაზღაურება ახასიათებს, ვიდრე უფრო სტაბილურ, დიდ ფირმებს.

კაპიტალიზაციის თვალსაზრისით დახარისხება შეიძლება სხვადასხვა საბროკერო კომპანიებში განსხვავებული იყოს, ამ მომენტისათვის არსებული მიახლოებითი განმარტებები შემდეგია:

  • Mega-cap (მეგა კაპიტალი): $200+ მილიარდი
  • Big-cap (დიდი კაპიტალი): $10+ მილიარდი
  • Mid-cap (საშუალო კაპიტალი): $2-დან $10 მილიარდამდე
  • Small-cap (მცირე კაპიტალი): $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
  • Micro-cap (მიკრო კაპიტალი): $50 მილიონიდან $300 მილიონამდე
  • Nano-cap (ნანო კაპიტალი): $50 მილიონზე ნაკლები

გეოგრაფია

დივერსიფიკაციის ელემენტი შეიძლება კომპანიის მდებარეობაც იყოს. ზოგადად, ლოკაციები იყოფა სამ კატეგორიად: ამერიკული კომპანიები, კომპანიები განვითარებულ ქვეყნებში და კომპანიები განვითარებად ბაზრებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციის ხარისხის ზრდასთან ერთად, ადგილმდებარეობის მიხედვით დივერსიფიკაციის სარგებელი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

S&P 500 შედგება კომპანიებისგან, რომელთა სათავო ოფისებიც მდებარეობს აშშ-ში, მაგრამ მათი ბიზნეს ოპერაციები მთელ მსოფლიოს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ამ თვალსაზრისით დივერსიფიკაციის ზოგიერთი სასარგებლო ელემენტი კვლავ შენარჩუნებულია, რადგან სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, მდებარე კომპანიებს აშშ-ის ფირმებისგან განსხვავებული წარმადობის დაფიქსირება შეუძლია.

ზრდა და ღირებულება

დივერსიფიკაცია ასევე შესაძლებელია იმ კომპანიების აქციების ან ობლიგაციების შეძენით, რომლებიც კორპორატიული სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. ახალ, სწრაფად მზარდ ფირმებს, ძველი, ბაზარზე მყარად დამკვიდრებული კომპანიებისგან განსხვავებული რისკისა და ანაზღაურების თანაფარდობა ახასიათებს.

ფირმებს, რომლებიც სწრაფად ზრდის შემოსავალს, მოგებას და ფულადი სახსრების ნაკადს, მზარდ კომპანიებს უწოდებენ. ღირებული კომპანიები კი უფრო ნელი ზრდით ხასიათდება, ბაზარზე მათი უკვე ჩამოყალიბებული მყარი პოზიციიდან და მოღვაწეობის დიდი ისტორიიდან გამომდინარე.

ობლიგაციების აქტივთა კლასები

ობლიგაციების რამდენიმე განსხვავებული ტიპი არსებობს, თუმცა ისინი ზოგადად ორი კრიტერიუმით კლასიფიცირდება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია საკრედიტო რისკი, ანუ მსესხებლის დეფოლტის შესაძლებლობა. აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს დეფოლტის ყველაზე ნაკლები რისკი ახასიათებს, ხოლო განვითარებადი ბაზრის მთავრობების ან კომპანიების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს — გაცილებით მაღალი.

მეორე კრიტერიუმი არის საპროცენტო განაკვეთის რისკი, ანუ ობლიგაციების დაფარვამდე დროის ხანგრძლივობა. უფრო გრძელი ვადის მქონე ობლიგაციებს მეტი საპროცენტო რისკი ახასიათებს, ვიდრე — მოკლევადიანს.

აქტივთა ალტერნატიული კლასები

არსებობს აქტივთა კლასები, რომლებიც აქციების ან ობლიგაციების კატეგორიებში არ ჯდება. მათ შორისაა უძრავი ქონება და ფართო მოხმარების საგნები. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ ერთ ან მეტ ალტერნატიულ აქტივთა კლასში ინვესტირება, დივერსიფიკაციის ხარისხთან ერთად, საინვესტიციო პორტფელის პოტენციურ ანაზღაურებასაც ზრდის.

საინდექსო ფონდები

თუ საფუძვლიანი კვლევების ჩასატარებლად საკმარისი დრო ან კომპეტენცია არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ სხვადასხვა საინდექსო ფონდებში ინვესტირების ვარიანტი განიხილოთ. ეს გონივრული მიდგომაა, განსაკუთრებით დამწყებებისთვის. საინდექსო ფონდებში ინვესტირება მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ. ისინი უზრუნველყოფს წვდომას მრავალ აქციაზე და ცალკეულ კომპანიებში ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

CES 2024 დაიწყო — რა სიახლეებს გვთავაზობენ Apple, Samsung, Kia და სხვა კომპანიები?

ქართულმა კომპანია Wempler-მა 330 000 დოლარის დაფინანსება მიიღო!