ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ჯამბულ სიჭინავაა, საქართველოს ბანკის სოლუშენ არქიტექტორი (SA).
M: რას მოიცავს თქვენი პოზიცია და საქმიანობა? რა როლი აქვს მას ორგანიზაციაში?
Solution Architect-ის სამუშაო, ძირითადად, მოიცავს ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი გავლენის ანალიზს, ბიზნესის საერთო მიზნებსა და შედეგებზე.
SA-ის ამოცანაა დასახული მიზნის მისაღწევად, საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტა იპოვოს. დღევანდელ დღეს, ტექნიკურად თითქმის ყველა ამოცანის შესრულებაა შესაძლებელი. თუმცა, ბევრი ასპექტის გათავალისწინებაა საჭირო იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ამოცანა სწორი გზით, ნაკლები დანახარჯებითა და რაც შეიძლება ნაკლებ დროში რომ მივაღწიოთ მიზანს. ამ ასპექტებში SA სიღრმისეულად უნდა ერკვეოდეს. მას უნდა ჰქონდეს როგორც არსებული IT ტექნოლოგიების, ასევე, კომპანიაში არსებული ბიზნესპროცესების ღრმა ცოდნა და ამოცანის ფართო გადასახედიდან დანახვის უნარი.

M: საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ხართ. მოდით, მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა საქართველოს ბანკში?
ბავშვობიდან მიტაცებდა მათემატიკა და კარგად გამომდიოდა, ამიტომ სპეციალობადაც ის ავირჩიე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც უნივერისტეტიდან სტაჟირებაზე საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მოვხვდი.
მიუხედავად იმისა, რომ IT სფეროსთან შეხება არ მქონდა, ჩემი მათემატიკური აზროვნების დახმარებით, საქმიანობას ალღო ადვილად ავუღე. ამიტომ იმ შერჩეულ სტუდენტებს შორის მოვხვდი, ვინც ბანკში შტატში აიყვანეს.
თავიდან, ორგანიზაციული სტრუქტურა არ იყო ისე მკაცრად განსაზღვრული, როგორც ახლაა. ვითავსებდი როგორც მხარდაჭერის სპეციალისტის, ისე ხარისხის კონტროლისა და დეველოპერის ფუნქციებს. ჩართული ვიყავი საბანკო პროგრამის დანერგვაშიც. მოგვიანებით, ბიზნეს ანალიტიკოსი გავხდი და IT პროექტების ანალიზით დავკავდი. ამის მიუხედავად, კოდის წერაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტი Agile-ით მუშაობაზე გადავიდა, სოლუშენ არქიტექტის პოზიციაზე გადავედი. უკვე მე-4 წელია, SA-ის პოზიციაზე ვარ.
M: ამ დროის განმავლობაში, რაც საქართველოს ბანკში ხართ, როგორ განვითარდა მისი პროდუქტები და სერვისები?
საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსა და საბანკო პროდუქტების სფეროში არსებულ ბაზრის მოთხოვნებს. ვფიქრობ, ეს კარგად გამოსდის.
თუ ჩემი კარიერის დასაწყისში ბანკი მომხმარებლებს მხოლოდ ტიპურ საბანკო პროდუქტებს სთავაზობდა (ბარათი, სესხი, ანაბარი, ფულადი გზავნილები და გადარიცხვები), ახლა ბანკის სერვისების სპექტრი ძალიან მრავაფეროვანია. ის მოიცავს საბანკო გარანტიებს, დაზღვევას, დაგროვილი ქონების მართვას, ფასიანი ქაღალდების მომსახურებას და ა.შ.
თუკი ადრე, ფიზიკური მომსახურების ცენტრებსა და ბანკის ამ მხრივ გაფართოებაზე ვიყავით ორიენტირებულები, ახლა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული არხების განვითარებას, როგორიცაა ფიზიკური და იურიდიული პირების მობილბანკი და ინტერნეტბანკი.
M: თქვენი ყოველდღიური საქმიანობა რას მოიცავს?
დილა ჩვენი გუნდის შეხვედრით იწყება. განვიხილავთ წინა დღეს შესრულებულ სამუშაოებს და მიმდინარე დღის გეგმებს. ამჟამად, დისტანციურად გვიწევს მუშაობა და ასეთი შეხვედრები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი დღე შეხვედრებითაა დატვირთული. ვხვდები ბიზნესის წარმომადგენელებს და ვისმენ მათ პრობლემებსა თუ ამოცანებს. ასევე, დეველოპერებთან ერთად გავდივარ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის ამოცანა.
სპრინტის დასაწყისში, გუნდთან ერთად ვგეგმავთ მომდევნო 2 კვირის შესასრულებელ ამოცანებს. სპრინტის ბოლოს კი, შესრულებულ სამუშაოებს ვაჯამებთ.
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიის ადამიანისთვის?
საქმიანობიდან გამომდინარე, SA საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა ორგანიზაციაში და ეს საქმიანობა ბევრ პროფესიულ თუ პიროვნულ უნარს მოითხოვს.
როგორც აღვნიშნე, SA კარგად უნდა იცნობდეს IT ტექნოლოგიებს და ღრმად უნდა იყოს ჩახედული ორგანიზაციის საქმიანობაში. ასევე, ტექნიკური გადაწყვეტილების სწორად მისაღებად, აუცილებელია ფართო სურათის დანახვა.
როგორც წესი, Agile გუნდში მხოლოდ ერთი SA და რამდენიმე დეველოპერია. SA პარალელურად ბევრ საკითხშია ჩართული, ამიტომ, ორგანიზებულობა და კონცენტრაციის კარგი უნარი მისთვის აუცილებელია.
SA კარგი გადმოცემის უნარითაც უნდა გამოირჩეოდეს. არც თავდაჯერებულობა უნდა აკლდეს, რომ თავისი გადაწყვეტილების სისწორეში პროექტში ჩართული მხარეები დაარწმუნოს. მისთვის შემოქმედებითი ბუნება და ლიდერული თვისებებიც აუცილებელი უნარებია.
M: რა სირთულე ახლავს თქვენს პროფესიას?
SA-ის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა, ის არის ამოცანის ტექნიკური გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი. როდესაც გუნდი ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობს, რამდენიმე საკითხზე კონცენტრირება გვიწევს. ყოველივე ეს საკმაოდ სტრესული შეიძლება იყოს. თუმცა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ეს სულ უფრო ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.
M: რა ხელსაწყოებს/პროგრამებს იყენებთ ყოველდღიურად?
პროექტებს JIRA-ში აღვრიცხავთ. პროგრამულ კოდს – PL/SQL Developer-ში ვწერთ. დისტანციურად მუშაობიდან გამომდინარე, ვიყენებ ZOOM-სა და ისეთ საკომუნიკაციო საშუალებებს, როგორებიცაა: Outlook, lync, Slack.
M: თქვენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
თანამედროვე ეპოქაში ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია და მუდმივი ცვლილებების რეჟიმში გვიწევს არსებობა. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ამოცანის საფუძვლიანი ანალიზი და გძელვადიანი მოქმედებების დაგეგმვა მიზანშეწონილი არ არის. სწრაფ მოთხოვნებს ფეხი რომ ავუწყოთ, პატარ-პატარა ინკრემენტების დანერგვა ხდება, რომლებიც საფუძვლიან ანალიზს არც კი მოითხოვს. ამ მოსაზრების დადებითი მხარე არის ის, რომ სწრაფია მოთხოვნების მიმართ ადაპტაცია, თუმცა ამავე დროს, გრძელვადიან მიზანს არ უნდა ავცდეთ.
რაც უფრო სწრაფად არის ამოცანა შესასრულებელი, მით მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ტექნიკურ გადაწვეტას და მით უფრო დიდია SA-ის როლი ამ პროცესში. სწორედ კარგად დაგეგმილმა პროცესმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დაზოგოს ბევრი დრო და რესურსი. ასე რომ, SA-ის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია და Agile-ის განვითარებასთან ერთად, უფრო მოთხოვნადი ხდება.
M: თქვენთვის, რა არის ამ პროფესიის მთელი ხიბლი?
მოიხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკის IT სფეროში წლებია ვმუშაობ, არ მაქვს შეგრძნება რომ ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ. საბანკო სფერო სწრაფად ვითარდება. ხშირად ვეცნობი ახალი პროდუქტების შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას. სულ ვსწავლობ – ჩემი პროფესია მოითხოვს სხვებზე წინ ვიყო და ბიზნესს იმაზე უკეთესი გადაწყვეტილება შევთვაზო, ვიდრე თავად წამოუდგენიათ. მომწონს მუდმივი განვითარების პროცესი და ის პახუსისმგებლობა, რასაც ჩემი პოზიცია მაკისრებს.
M: რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში უწევთ – რატომ უნდა აირჩიონ ეს პროფესია?
SA-ის პროფესიას, როგორც წესი, ირჩევენ IT სფეროში უკვე მომუშავე გამოცდილი კადრები, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამუშაო გამოცდილება ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვანია.
SA-ის პროფესია დეველოპერებისთვის, ტესტერებისთვისა და IT-ის სხვა წარმომადგენლებისთვის კარიერული განვითარების კარგი გზაა. ეს პროფესია დაგროვილი გამოცდილების გამოყენების კარგი ხერხია. როდესაც პროდუქტებს კარგად იცნობთ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებშიც კარგად ერკვევით, ცოდნის ამ პოზიციაზე გამოყენება შეგიძლიათ, კომპანიის განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მომავალ SA-ის, ამ საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.











