in

როგორ რეაგირებს მძინარე ტვინი გარემოდან მიღებულ უცნობ და ნაცნობ ხმებზე?

ძილის პროცესში ადამიანს გარემოდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება შეუძლია

ახალი მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგები აჩვენებს, რომ ძილის დროს ტვინი უცნობ ხმებზე უფრო მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ნაცნობზე. ამრიგად, ძილის პროცესში ადამიანს გარემოდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება შეუძლია.  

M2
M2

მანუელ შაბუსმა და მისმა კოლეგებმა, სალზბურგის უნივერსიტეტიდან, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში  ისინი 17 ადამიანის ტვინს, ძილის პროცესში, ელექტროენცეფალოგრამით დააკვირდნენ. 

ექსპერიმენტის მონაწილეთა საშუალო ასაკი 23 წელი იყო და მათ ორი ღამის განმავლობაში იკვლევდნენ. ცდისპირებს ძილის პროცესში სპეციალურად შერჩეული ხმები ჩანაწერის სახით მოასმენინეს, პარალელურად კი მკვლევრები მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ. 

ხმების ნაწილი ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის ნაცნობი იყო – მშობლების, მეგობრების ან რომანტიკული პარტნიორის, ნაწილი კი სრულიად უცნობი. ასევე, ჩანაწერზე თავად მძინარეების და შემთხვევითი პრინციპით შერჩეული უცხო სახელებიც გააჟღერეს. 

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, უცნობი ხმები და სიტყვები მძინარეებში ტვინის უფრო მეტ  აქტივობას იწვევს, ვიდრე ნაცნობი. კერძოდ, მათ აღმოაჩინეს K-კომპლექსების რაოდენობის ზრდა, როდესაც სუბიექტებს უცხო ხმები ესმოდათ. 

K კომპლექსი არის ტვინის ტალღის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ელექტროენცეფალოგრამაზე ჩანს და მყისიერ ინფორმაციას გვაწვდის, როცა ტვინი რაიმე დარღვევაზე რეაგირებს. K კომპლექსის გამოყოფა ორ ნაწილს მოიცავს – პირველი ინფორმაციის აღქმის პროცესია, მეორე კი მისი ჩახშობის, რათა მძინარე ადამიანს არ გაეღვიძოს, ცხადია, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არაა.  

ამასთანავე, პირველ ნახევართან შედარებით, ღამის მეორე ნახევარში უცნობმა ხმებმა, ნაკლები K-კომპლექსის გამოყოფა გამოიწვია. “ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაც ახალი მაშინაც კი, როცა თითქმის უგონო მდგომარეობაში ვართ”, — განმარტავს ექსპერიმენტის ხელმძღვანელი მანუელ შაბუსი.

მისივე თქმით, ევოლუციურად გასაგებია, თუ რატომ წარმოქმნის უცნობი ხმები ტვინის უფრო ძლიერ აქტივობას, ვიდრე ნაცნობი — “უცნობი ხმები არ უნდა გელაპარაკოთ ღამით — ეს განგაშს იწვევს”.

საგულისხმოა, რომ აღმოჩენა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ახალ გარემოში დაძინება გვიჭირს, როგორიცაა მაგალითად სასტუმროს ნომერი ან საავადმყოფო.

მითები და ფაქტები სწორი კვების შესახებ

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო