კავკასიონის მთების ძირას, ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ კურორტ ლოპოტაზე, კიდევ ერთი განსაკუთრებული სივრცე გაჩნდა – ჯაზ-კლუბი, სადაც ვიზუალური ესთეტიკა, ავთენტური ინტერიერი და მუსიკალური გამოცდილება ერთმანეთს ორგანულად ერწყმის. ჩანაფიქრის მიხედვით, ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციული ქართული სტუმარმასპინძლობა თანამედროვე არქიტექტურასა და ჯაზის იმპროვიზაციულ სულისკვეთებას ხვდება.
ხედვიდან რეალობამდე
ჯაზ-კლუბის შექმნის იდეა ლოპოტას დამაარსებელს, გოგა მაისურაძეს, წლების წინ გაუჩნდა. გოგას აზრით, ჯაზი უხდება ლოპოტას, მისი ხედვით, მუსიკის ეს ჟანრი ერწყმოდა ბუნებას და აქაურობის ხასიათს და ამიტომ აირჩია ეს მიმართულება. როგორც ლოპოტას მფლობელი ანა მაისურაძე გვიყვება: „ლოპოტას დაარსება თავისთავად ინოვაციური ნაბიჯი იყო იმ დროისთვის, რასაც შემდეგ არაერთი გეგმა და სურვილი შეემატა მისი სრულყოფისთვის. გოგა ყოველთვის სტუმრებზე ფიქრობდა, რა აქცევდა მათ გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს.“

ლოპოტაზე ჯაზის საღამოები წლების წინაც იმართებოდა, რაც ჰარმონიულად ერწყმოდა აქაურ ატმოსფეროს. დროთა განმავლობაში კი გაჩნდა სურვილი, შექმნილიყო ცალკე მდგომი, სპეციალურად ჯაზისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ მუსიკის მოსმენის, არამედ განსაკუთრებული ატმოსფეროს განცდის საშუალებასაც მისცემდა სტუმრებს.
რატომ ჯაზი?
ლოპოტას სივრცეებში მუსიკალური მრავალფეროვნება მძაფრად იგრძნობა – კახურ კუთხეში ხშირად ისმის ქართული მრავალხმიანობა, შატო ბუერას ტერასაზე კი კლასიკური მუსიკა. ახლა კი, ჯაზს განკერძოებით დაეთმო განსაკუთრებული ადგილი.
„ჯაზის არჩევა გააზრებული გადაწყვეტილება იყო,“ – აღნიშნავს ანა მაისურაძე. „ერთი მხრივ, გოგას თავად უყვარდა ჯაზი და უნდოდა, შეექმნა სივრცე ჯაზის მოყვარულებისთვის. მეორე მხრივ, ჯაზი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს – ჯაზ-კლუბი საშუალებას აძლევს სტუმრებს, დღის ბოლოსაც განაგრძონ განტვირთვა და გვიან ღამემდე მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.“

არქიტექტურული ხედვა
პროექტის არქიტექტურაზე დავით ქოიავამ იმუშავა, რომლისთვისაც ეს განსაკუთრებული გამოწვევა და ამავდროულად პირადი პროექტი იყო. „ჯაზი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტზე მუშაობა მე მხვდა წილად,“ – ამბობს დავითი.
არქიტექტორის მიზანი იყო კურორტზე უნიკალური ღირსშესანიშნაობის შექმნა, რომელიც თავისი მასშტაბით გამოირჩეოდა და ამავდროულად, გარემოსთან ჰარმონიაში იქნებოდა. „შენობის წრიული ფორმა დაკავშირებულია კურორტის გარშემო წრიულად არსებულ მთებთან და ტბის ფორმასთან,“ – განმარტავს იგი. „ჯაზ-კლუბის არქიტექტურა განსხვავებულია თავისი ფორმით, რასაც მე ვაიგივებ ჯაზის გამორჩეულობით სხვა მუსიკალური ჟანრებისგან, მისი არაპროგნოზირებადი იმპროვიზაციის უნარით.“

სივრცის ფილოსოფია და პირადი შთაგონება
დავით ქოიავასთვის ჯაზ-კლუბის კონცეფცია ღრმა პერსონალურ შინაარსს ატარებს: „ამ კონცეფციის მთავარი შთაგონება ღრმად პირადია, რომელიც ჯაზისადმი ჩემს სიყვარულსა და ჩემს მეუღლესთან, დიზაინერ სოფიო გონგლიაშვილთანაა კავშირში. ჩემთვის ჯაზი თავისუფლებასა და სიყვარულს განასახიერებს, შენობის არქიტექტურული ფორმა და გეგმის კონტური მისი სამკაულების დიზაინით არის შთაგონებული.“

სივრცის ფილოსოფია კი დაკავშირებულია ჯაზური კომპოზიციის წყობასთან და თანმიმდევრობასთან. „პრელუდია, ცალკეული ინსტრუმენტების გამოყოფა და ყველა ინსტრუმენტით სრულყოფილების მიღწევა – ეს გამოიხატება შენობასთან მისვლისთანავე,“ – განმარტავს დავითი – “პირველი – საფეხურები და ღია სივრცის გავლა, მეორე – ნახევრად ღია სივრცის გავლა, სადაც დამოუკიდებლად შეიძლება მუსიკალური ღონისძიების მოწყობა, და მესამე – დარბაზი.“
აკუსტიკა და გამოცდილება
პროექტზე მუშაობისას დავით ქოიავა ფინურ კომპანია Akukon-თან თანამშრომლობდა. „ფინურ კომპანიასთან თანამშრომლობა ძალიან დიდი გამოცდილება იყო,“ – იხსენებს არქიტექტორი. „სწორი აკუსტიკის შესაქმნელად უამრავი დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო, რადგან დარბაზში არსებულ ნებისმიერ ნივთს თუ მოსაპირკეთებელ მასალას აქვს თავისი ტექსტურა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მუსიკალურ ბგერაზე და დაირღვეს ჰარმონია.“
ლოპოტას ჯაზ-კლუბი პირველი სივრცეა საქართველოში, რომელიც ასე ყოველმხრივ, ყველა დეტალით არის ჯაზთან დაკავშირებული. ანა მაისურაძის თქმით: „ეს არის ღია, მასშტაბური სივრცე. განსაკუთრებულია მისი ადგილმდებარეობა და გარემო, რაც ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს.“

ჯაზ-კლუბის ინტერიერის დეტალები და ფერებიც ჯაზის განწყობის მიხედვითაა შერჩეული. სპეციალურად ჯაზ-კლუბისთვის შეიქმნა კოქტეილები და გვიანი ვახშმის სერვისიც, რაც სტუმრების გამოცდილებას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.

საერთაშორისო აღიარება
ჯაზ-კლუბის უნიკალურობას საერთაშორისო აღიარებაც ადასტურებს. როგორც დავით ქოიავა გვიამბობს: „ჩემგან დამოუკიდებლად, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ისეთმა არქიტექტურულმა ციფრულმა გამოცემამ, როგორიცაა Archello, კვირის ხუთ საუკეთესო პროექტის სიაში შეიყვანა მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურულ სტუდიების გვერდით. ასეთი აღიარება ქართული არქიტექტურისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო რუკაზე გვათავსებს.“

სამომავლო ხედვა
ლოპოტას ჯაზ-კლუბის სამომავლო ხედვა ამბიციურია. „როგორც წლების წინ ლოპოტამ გზა გაუხსნა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, ვფიქრობთ, ჯაზკლუბი გახდება ტურისტულად საინტერესო და ჯაზის მოყვარულებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილი,“ – აცხადებს ანა მაისურაძე.
უკვე დღეს ჯაზ-კლუბი მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსებს როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითად, ლოპოტას ზაფხულის სეზონი წელს სწორედ მუსიკალური ღონისძიებით გაიხსნა – კონცერტი გამართა ფრანგულმა ჯაზ-ორკესტრმა Serpentine Orchestra ჯოე სანტონის ხელმძღვანელობით. ყოველ უქმეებზე საღამოებს სხვადასხვა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი მართავს.
სამომავლოდ, იგეგმება ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება და ლოპოტას ერთ-ერთ ტრადიციულ ღონისძიებად ქცევა. „ჯაზკლუბის სივრცე, აკუსტიკა-ჟღერადობა, კონცეფცია – მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებების მასპინძლობას ხდის შესაძლებელს,“ – დასძენს ანა მაისურაძე.
ლოპოტას ჯაზ-კლუბი არა მხოლოდ დასასვენებელ კურორტს ამრავალფეროვნებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ჯაზ-კულტურის განვითარებაში, რამდენადაც მისი განვითარებისთვის და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის დიდ შესაძლებლობას ქმნის. კავკასიონის მთების ძირას, ლოპოტას ულამაზეს გარემოში, ახლა ჯაზიც სხვანაირად ისმის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
[R]















