in

როგორ შეიმუშავა Pfizer-მა ვაქცინა რეკორდულ დროში?

“ჩვენ ვმოქმედებდით იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის საშუალებას მეცნიერება იძლეოდა”

Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა გასული წლის მარტს იხსენებს, როდესაც Covid-19-ის პანდემია ყოველდღიურად მძაფრდებოდა… სწორედ ამ დროს განუცხადა მან ყველას, რომ შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გამხდარიყო. ვაქცინის შემუშავება იმაზე სწრაფად იყო საჭირო, ვიდრე აქამდე ვინმეს გაუკეთებია, რაც 6 თვიდან წლის ბოლომდე ვადას მოიცავდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რვა თვეზე ნაკლები დროის შემდეგ, 8 ნოემბერს, ალბერტი და რამდენიმე ხელმძღვანელი შედეგის შესამოწმებლად შეიკრიბნენ, რათა დაედგინათ, მიაღწიეს თუ არა მკვლევრებმა და მეცნიერებმა სასურველ მიზანს. ექსპერიმენტის დროს არც პაციენტებმა და არც შემმოწმებლებმა არ იცოდნენ, ვინ რას იღებდა სინამდვილეში – ეს ორმაგად ბრმა გამოკვლევა იყო. წამყვანი მეცნიერები 24 საათის განმავლობაში იკვლევდნენ პრეპარატს, მისი შემქმნელების შფოთვა კი სულ უფრო იმატებდა.

საბოლოოდ, ღამის 2 საათზე დადებითი შედეგების მაუწყებელი შეტყობინება მიიღეს – Pearl River-ის მკვლევრებს Pfizer-ის მეცნიერებთან ვიდეოკონფერენციის ჩატარება სურდათ, სადაც ვაქცინის 95.6%-იანი ეფექტურობა დადასტურდა. დეკემბრისთვის კი, უკვე ვაქცინის 74 მილიონი დოზა დამზადდა, მათ შორის 46 მილიონი მოხმარებაში ჩაეშვა.

Pfizer-ის ვაქცინა მოკლე ამბავი ასეთია, თუმცა, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ განვლილი გზის შესახებ. თანაც, შემუშავებული სტრატეგიების ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოყენებაა შესაძლებელი.

პაციენტზე ორიენტირებული მენტალიტეტი

ალბერტ ბურლა 1993 წლიდან ჩაერთო Pfizer-ში, როგორც ცხოველების ჯანმრთელობის განყოფილების ტექნიკური დირექტორი. 27 წლის განმავლობაში ის ოჯახთან ერთად 5 ქვეყანასა და 8 ქალაქში ცხოვრობდა. თავის მხრივ, ამდენი კულტურის ზემოქმედებამ, მეცნიერულმა პროგრესმა და სხვადასხვა პოზიციების მორგებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მის პიროვნებაზე. “მსოფლიო ასპარეზზე პატარა ქვეყნიდან გამოჩენამ და რელიგიურმა უმცირესობამ მასწავლა ბრძოლა იმისათვის, რაც, ჩემი აზრით, სწორია და არასდროს ვთმობ” – აღნიშნავს ალბერტი.

ბურლას კარიერის განმავლობაში მისი ყურადღება ყოველთვის მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, იქნებოდნენ ესენი ადამიანები თუ ცხოველები. ალბერტის აზრით, პაციენტის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად აღემატება გაყიდული წამლების რაოდენობას… საბოლოო ჯამში კი, ასე ხდება ინოვაციებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაც.

Pfizer-ში მუშაობის დაწყებისას კომპანია ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, ის წარმატებით რეაგირებდა მცირე თუ დიდ წარუმატებლობებზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივი დაუღალავი შრომით უამრავ სამედიცინო წარმატებას მიაღწიეს, როგორიცაა ძუძუს კიბოს განვითარების, ავტოიმუნური დაავადებების პროგრესის შეფერხება. ამ ყველაფრის შემდეგ კი, კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა, მრავალჯერადი სარეალიზაციო და ძლიერი ვაქცინის მისაღებად.

“ჩვენ უნდა გავმხდარიყავით უფრო თანამედროვე კომპანია” – აღნიშნავს ალბერტ ბურლა. ამ მიზნით, Pfizer-მა ხელმძღვანელობის გუნდი გააძლიერა. კომპანიას შეუერთდნენ: ლიდია ფონსეკა, როგორც ციფრული და ტექნოლოგიის მთავარი ხელმძღვანელი, ციფრული შესაძლებლობების გაფართოებისა და გაუმჯობესების მიზნით; ანგელა ჰვანგი, როგორც ბიოფარმაცევტული განყოფილების ჯგუფის პრეზიდენტი; ფეიალ სანი, რგორც ადამიანური რესურსების მთავარი ხელმძღვანელი – გამბედაობის, საუკეთესოობის, სამართლიანობისა და სიხარულის კულტურის ასამაღლებლად; და ბილ კარაპეცი, როგორც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესის სერვისების გარდასახვისთვის.

ასევე, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის აპრილამდე კომპანიას საბჭოს ოთხი წევრი დაემატა, რომლებსაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ან გლობალური ბიზნესის გამოცდილება აქვს.

პანდემიური დარტყმები

Covid-19 პირველად 2020 წლის იანვარში გამოჩნდა, როდესაც მძიმე რესპირატორული დაავადებებისა და სიკვდილიანობის ზრდის შესახებ ინფორმაციამ სწრაფად იწყო გავრცელება. Pfizer-მა მალევე დაიწყო ინვესტიციების ჩადება ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინების კვლევაში. “თებერვლისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ვირუსი “თავისით არ გაქრებოდა” და Pfizer-ს ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა” – ამბობს ალბერტ ბურლა.

კომპანიამ BioNTech-თან ერთად დაიწყო მუშაობა, რათა პირველადი ტექნოლოგია, ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა (mRNA), გრიპის ვაქცინებზე გამოეყენებინათ. mRNA ვაქცინები სინთეზურად იქმნება, მხოლოდ პათოგენური გენეტიკური კოდის გამოყენებით, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, საგრძნობლად მოკლე დროში შექმნან ვაქცინები.

ერთადერთი უარყოფითი და შეიძლება ითქვას, სარისკო მხარე ის იყო, რომ არასდროს დამტკიცებულა mRNA ვაქცინები კლინიკური გამოყენებისთვის. თუმცა, ამ ორმა კომპანიამ გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად შეექმნათ ეფექტური ვაქცინა. “ჩვენ არ გვსურდა, ჩვენი გადაწყვეტილებები მხოლოდ ფინანსური შემოსავლების საჭიროებებით ყოფილიყო განპირობებული. სიცოცხლის გადარჩენა – რაც შეიძლება ბევრი და რაც შეძლება მალე – აი, ეს იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი” – განმარტავს ბურლა.

ყველა ვარაუდობდა, რომ ასეთ მოკლე დროში ვაქცინის შექმნა აბსურდულ ამოცანას წარმოადგენდა… თუმცა მეცნიერებმა იცოდნენ, ეს იყო ის, რისი შესრულებაც უბრალოდ მათ ვალდებულებას წარმოადგენდა.

მუშაობა იწყება

Pfizer-მა და BioNTech-მა ინოვაციური mRNA ტექნოლოგიისა და კვლევის სინთეზი მოახდინეს. დრო არსებითი მნიშვნელობის იყო, ამიტომ ლაბორატორიაში რამდენიმე ვაქცინაზე ერთდროულად მუშაობდნენ. მართალია, ეს უფრო მეტ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შედეგიც უფრო სწრაფად მიიღებოდა. ამასთან ერთად, მათ უარი თქვეს სახელმწიფო დაფინანსებაზე, რათა მკვლევრები სრულად თავისუფალნი ყოფილიყვნენ ყოველგვარი ბიუროკრატიისგან.

23 აპრილამდე, ანუ იქამდე, ვიდრე მოხალისეებზე დაიწყებოდა ტესტირება, ვაქცინები თაგვებზე დატესტეს. უკეთეს ეპიდსიტუაციაში მეცნიერებს საშუალება ექნებოდათ, სხვა ცხოველებზეც დაეტესტათ ვაქცინა, მაგრამ ახლა მეტი დრო აღარ იყო… მოხალისეების ვაქცინაციის შემდეგ მონაცემების შეგროვება დაიწყეს – გამოიწვია თუ არა, პრეპარატმა რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა? აღინიშნებოდა თუ არა, ნეგატიური იმუნური რეაგირება?

მონაცემების საფუძველზე ორი ვაქცინა შეირჩა, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შტატებში დაიწყეს. ადრეული შედეგები იმედისმომცემი იყო – თითოეულ კანდიდატს სამი კვირის ინტერვალით ორი ინექცია დასჭირდა. და ბოლოს, 23 ივლისს გადაწყდა, რომელი ვაქცინა გადავიდოდა კომბინირებულ ფაზაში.

რადგანაც Pfizer-ს აქამდე არასდროს უწარმოებია mRNA ვაქცინები, მათ ახალი შესაბამისი აპარატურა დასჭირდათ, რის დახმარებითაც, საბოლოო პროდუქტის მიღება დაჩქარდა. “ჩვენ ვმოქმედებდით იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის საშუალებას მეცნიერება იძლეოდა”. შედეგად, სექტემბრის თვისთვის 1.5 მილიონი გაყინული ვაქცინა იყო მზად (დიახ, გაყინული, რადგან იმისათვის, რომ ვაქცინამ სამკურნალო თვისებები შეინარჩუნოს).

შემოდგომის დასაწყისში შედეგები მეტნაკლებად ცხადი იყო. ნოემბრისთვის 43 538 ადამიანიდან, რომლებსაც ან ვაქცინაცია ჩაუტარეს ან პლაცებო მისცეს, მხოლოდ 94 მათგანი დაინფიცირდა. გამოკვლევის შედეგი კი მართლაც იმედისმომცემი აღმოჩნდა – თითქმის ყველა ინფიცირებულიდან უმეტესობას პლაცებო ჰქონდა მიღებული.

პირველი, ვინც Pfizer-ის ვაქცინა აღიარა, დიდი ბრიტანეთი იყო. შემდეგ მას მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატები.

ნასწავლი გაკვეთილები

რა ისწავლეს Pfizer-ში გიჟურ, ანუ 2020 წელს?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გუნდური ძალისხმევაა. Pfizer-სა და BioNTech-ში თითოეული ადამიანი – დაწყებული უფროსებიდან, დამთავრებული წარმოებისა და ტრანსპორტირების თანამშრომლებამდე, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ვაქცინის შემუშავებაში. ყოველი მათგანი უარს აცხადებდა უქმეებზე დასვენებაზე და თვეების განმავლობაში ოჯახებს მოწყვეტილნი მუშაობდნენ. “ვერასდროს მივაღწევდით ასეთ წარმატებას… მე აღფრთოვანებული და უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რაც ამ ხალხმა გააკეთა” – აღნიშნავს ალბერტ ბურლა.

მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ ცხადი გახდა – მიზანი შესაძლოა, პირველ ადგილას დავაყენოთ. შრომამ შედეგი იმიტომაც გამოიღო, რომ ანაზღაურება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. მეცნიერები მხოლოდ მიზნის სისრულეში მოსაყვანად იბრძოდნენ. “კერძო სექტორს ევალება, საზოგადოებას უდიდესი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. თუ ეს ასე არ არის, არ ცერთ ჩვენგანს არ აქვს მომავალი” – განმარტავს ბურლა.

მესამე გაკვეთილს იმის გააზრება წარმოადგენს, რომ “შეუძლებელი შესაძლებელია”. არავის ეგონა, თუ ეს ყველაფერი რეალობად იქცეოდა. თუმცა მიღებული შედეგი მოლოდინსა და ოცნებებს საგრძნობლად აღემატება…

მეოთხე გაკვეთილი – როდესაც უზარმაზარ მიზანს დაისახავ, მის განსახორციელებლად საჭირო აზროვნება უნდა წაახალისო. ის, რაც წარსულში მუშაობდა, ახალ რეალობას ვერ შექმნის. წლის განმავლობაში ბევრი ისეთი იდეა გაჟღერებულა, რაც უკვე მრავალჯერ იყო ნაცადი. Pfizer და BioNTech კი, რაღაც სხვას, უფრო ინოვაციურს ეძებდა.

როგორც ალბერტ ბურა აღნიშნავს, მათი წარმატების მეხუთე გასაღებს ის წარმოადგენს, რომ მეცნიერები თავისუფალნი იყვნენ ყოველგვარი ბიუროკრატიისგან. საბჭომ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რესურსების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. “რადგანაც ფული არ ავიღეთ აშშ-სა და გერმანიის მთავრობისგან, არ გვიწევდა ანგარიშის წარდგენა ან ჩვენი გადაწყვეტილებების ახსნა”.

და ბოლოს გაკვეთილი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ეხება. Pfizer-სა და BioNTech-ს შორის თანამშრომლობა ოფიციალური კონტრაქტის გარეშე დიდხანს გაგრძელდა. “ინვესტიციები განხორციელდა და მარტის თვეში კონფიდენციალური ინფორმაცია გაიზარდა, რადგანაც უკვე ერთად მუშაობის გამოცდილება მაღალი ეთიკური სტანდარტები გვქონდა, ვთანხმდებოდით, რომ სწრაფად უნდა განგვეხორციელებინა ცვლილებები” – აღნიშნავს ბურლა.

ნათელი მომავალი

მძიმე პანდემიური წლის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ფარმაცევტული ინდუსტრიის სანდოობა და მისი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება ეჭვქვეშ აყენებდა მის რეპუტაციას და სხვადასხვა ბრალს სდებდა, ცხადი გახდა, რომ სწორედ ამ ინდუსტრიამ შეძლო მრავალი სიცოცხლის შენარჩუნება და საჭირო რესურსების მობილიზება.

თავის მხრივ, ალბერტ ბურლა ნათელ მომავალს “უწინასწარმეტყველებს” Pfizer-სა და ინფორმაციულ RNA-ის ტექნოლოგიას, როგორც ვაქცინების რევოლუციის გზას. თანაც, ამის პარალელურად, ლაბორატორიებში ბევრი სხვა სასარგებლო პროგრესი აღინიშნება, როგორიცაა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა და იმუნოთერაპიის განვითარება.

“Pfizer-ში მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვხედავდი, რომ ხალხი არაჩვეულებრივ საქმეებს აკეთებდა, როდესაც მოტივირებულნი იყვნენ. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რისი უნარი გვაქვს, ვიდრე ყველაზე რთული ამოცანების წინაშე არ აღმოვჩნდებით. ყოველთვის ველოდებოდი, როდის იტყოდნენ სხვა ადამიანები – “შეხედეთ, რა გააკეთა Covid-19-ის ვაქცინების ჯგუფმა. თუ მათ ის შეუძლიათ, ჩვენ ეს შეგვიძლია” “ – ამბობს ალბერტ ბურლა.

წყარო: HBR



გემოვნება, სისწრაფე და ხედვა – პროფესია ფოტოგრაფი

ამბის თხრობის იდეალური მაგალითი – გორილა, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს