თიბისი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი თავგადასავლების შეთავაზებას და ამჯერად მობაილბანკის სერვისებს თამაშად აქცევს. „საგანძურის მარათონი“ შესაძლებლობას გვაძლევს, მონეტები დავაგროვოთ, საკუთარ გუნდს – „საგვარეულოს” დავეხმაროთ და ფულადი პრიზებისთვის ვიბრძოლოთ.
მარათონის დაწყებისას მომხმარებელი სპეციალურ ქვიზს გადის, რომლის მიხედვითაც ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ-ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია. გამარჯვებისთვის ბრძოლა კი ინდივიდუალურ შედეგებთან ერთად გუნდურ ძალისხმევასაც ეფუძნება – მონაწილეების მიერ დაგროვილი მონეტები გავლენას ახდენს როგორც პირად პროგრესზე, ისე საკუთარი საგვარეულოს წარმატებაზე.
როგორც თიბისის ციფრული ზრდის გუნდის ლიდერი ზურა კვინიკაძე ამბობს, პროექტის მთავარი იდეა მობაილბანკის გამოცდილების ახალ დონეზე აყვანა იყო:
„გვინდოდა, აპლიკაცია მომხმარებლისთვის მხოლოდ ყოველდღიური საბანკო ოპერაციების ადგილი არ ყოფილიყო, არამედ სივრცე, სადაც დაბრუნება საინტერესო და სახალისო გამოცდილებად იქცეოდა. თუმცა ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, თამაშის შექმნა, გვსურდა, გემიფიკაცია რეალური ღირებულების მატარებელი ინსტრუმენტი ყოფილიყო, რომელიც მომხმარებლებს ბუნებრივად გააცნობდა მობაილბანკის შესაძლებლობებს და ეტაპობრივად ჩამოუყალიბებდა სასარგებლო ფინანსურ ჩვევებს“.
მისი თქმით, პროექტის საფუძველი მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მობაილბანკს ყოველდღიურად იყენებს, ხშირად მხოლოდ იმ ფუნქციებით სარგებლობს, რომლებსაც უკვე კარგად იცნობს.
„გვინდოდა ეს გამოცდილება შეგვეცვალა. იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლისთვის უბრალოდ ახალი ფუნქციები გაგვეცნო, გადავწყვიტეთ, მას თავად აღმოეჩინა ისინი თამაშის პროცესში. ჩვენი მოლოდინია, რომ „საგანძურის მარათონი“ მობაილბანკთან ურთიერთობას უფრო აქტიურს, გააზრებულსა და მრავალფეროვანს გახდის“, – ამბობს ზურა კვინიკაძე.
მომხმარებლის მხარეს „საგანძურის მარათონი“ აღიქმება, როგორც მარტივი და სახალისო თამაში, თუმცა მის უკან რამდენიმე გუნდის ერთობლივი მუშაობა და რთული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დგას.
თამაშის ტექნიკური ნაწილის შექმნაზე პასუხისმგებელი გუნდის ლიდერის, ნინო დარახველიძის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა პროექტის მრავალკომპონენტიანობა იყო:
„ეს ერთი დამოუკიდებელი ფუნქციონალი არ ყოფილა – მის უკან რამდენიმე სხვადასხვა სისტემა, არაერთი ინტეგრაცია და რამდენიმე გუნდის ერთობლივი მუშაობა იდგა. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად გამოჩენილიყო, კულისებში ძალიან ბევრი პროცესი უნდა მუშაობდეს სრულ სინქრონში“.
სწორედ ამიტომ, პროექტზე ერთდროულად მუშაობდნენ მობაილბანკის, ვებპლატფორმის, მარკეტინგის, კომუნიკაციების, ლოიალურობისა და ინფრასტრუქტურის გუნდები.
ტექნიკური გამოწვევების ნაწილი იყო ისიც, რომ თამაშს ერთდროულად ათასობით მომხმარებლისთვის უნდა ემუშავა შეუფერხებლად.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ თამაშში ერთდროულად ბევრი მომხმარებელი ჩაერთვებოდა, ამიტომ საჭირო იყო არა მხოლოდ ფუნქციონალის შექმნა, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ ყველა ინტეგრაცია და პროცესი პიკური დატვირთვის დროსაც სტაბილურად იმუშავებდა“, – განმარტავს ნინო დარახველიძე.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა არა მხოლოდ კონკრეტული თამაშის ინფრასტრუქტურა, არამედ პლატფორმა, რომელიც მომავალში სხვა გემიფიცირებული ინიციატივებისთვისაც შეიძლება გამოდგეს.
ნაცნობი თამაში ახალ გარემოში – Flappy Birdy მობაილბანკში
„საგანძურის მარათონის“ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია მინითამაში Flappy Birdy, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად დამატებითი მონეტების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს.
ფენტეზის სამყარო, სადაც ფინანსური მისიები თავგადასავლად იქცევა
თამაშის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ვიზუალური სამყაროა: ოთხი საგვარეულო, ჯადოსნური ბუ, მითიური პერსონაჟები და სათავგადასავლო ატმოსფერო.
UI/UX დიზაინერის, ლევან მაჭავარიანის თქმით, თამაშის ვიზუალური ენა მხოლოდ ესთეტიკისთვის არ შექმნილა, მას მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვს – მომხმარებელს დაეხმაროს მობაილბანკის შესაძლებლობების აღმოჩენაში:
„თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სწორედ მობაილბანკის ძირითადი ფუნქციების მომხმარებლისთვის კარგად გაცნობა. მისიების საშუალებით მომხმარებელი აგროვებს ქულებს, იღებს შესაძლებლობას მოიგოს პრიზები და ამავე დროს ეცნობა ბანკის პროდუქტებსა და ფუნქციებს“, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.
„საგანძურის მარათონში“ მონეტების დაგროვება შესაძლებელია სხვადასხვა მისიის შესრულებით – ყოველდღიური და ყოველკვირეული აქტივობები მოიცავს მარტივ ფინანსურ მოქმედებებს მობაილბანკში, მეგობრების მოწვევას და მინითამაშებში მონაწილეობას.
მარათონის ფარგლებში გამარჯვებულები ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გამოვლინდებიან და შესაბამის პრიზებს – 100, 2000 და 10 000 ლარს მიიღებენ. საბოლოო ეტაპზე კი გამარჯვებული საგვარეულოს წევრები სპეციალურ 24-საათიან სპრინტმარათონში იბრძოლებენ.
თიბისისთვის „საგანძურის მარათონი“ კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, სადაც ციფრული გამოცდილება მხოლოდ სწრაფი და მარტივი კი არა, საინტერესო, პერსონალიზებული და ემოციურად მიმზიდველიც ხდება.
[R]











