in

როგორ შევადგინოთ კარგი CV – ბიზნეს საგანმანათლებლო წიგნი მკითხველისთვის

ekaქართველი მკითხველისთვის ბოლო დროს მომრავლებულ ბიზნეს საგანმანათლებლო წიგნებს ახალი ნამუშევარიც შეემატა. წიგნი “შენ გადაცურავ ზღვას ან როგორ შევადგინოთ კარგი CV” მკითხველს სივის ანუ ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტის სწორად შედგენას ასწავლის. მისი ავტორი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „ფინარტგრუპის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკატერინე კაზმარაროვაა. ავტორი მკითხველს ოც წლიან წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებას საგანმანათლებლო წიგნებით გაუზიარებს. თავისი პირველი ნამუშევრის შესახებ MARKETER-ს ეკატერინე კაზმარაროვა ესაუბრა.

M: რა შინაარსი აქვს წიგნს, რომელსაც მკითხველი უახლოეს მომავალში იხილავს?

პირველ რიგში ეს წიგნი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც კარგი სივის შედგენა სურს. ადამიანი რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, პარალელურად შეძლებს საკუთარი სივის შექმნას. თვალსაჩინოებისთვის, წიგნში ოთხი სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი სივის ვარიანტებია მოყვანილი.

წიგნი2M: რა მოცულობისაა წიგნი და რა ტირაჟით გამოიცემა?

წიგნი დაახლოებით 80 გვერდიანია. ტირაჟი არ აქვს, რადგან თავიდან  მისი ელექტრონული ვერსია წიგნების სახლის,  „საბას“ გვერდზე გაიყიდება. საინტერესოა მას მკითხველი როგორ მიიღებს, შესაბამისად წიგნის ტირაჟირებაც ამაზე იქნება დამოკიდებული. ელექტრონული წიგნის ღირებულება 3 ლარი იქნება.

M: რატომ გაგიჩნდათ ამ წიგნის შექმნის იდეა?

დაახლოებით 20 წელია ბიზნესში ვარ, აქედან 15 წელი მენეჯერული გამოცდილება მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სივი ვნახე, რადგან ხშირად კადრების შერჩევაც მიწევდა. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კარგი სივი მხოლოდ ორჯერ თუ მივიღე. სივების  უმეტესობა იმდენად უხარისხოდ და არაფრის მთქმელად იწერება, რომ მივხვდი, ბაზარზე ამის სერიოზული პრობლემაა. ამას მიდასტურებენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების ეიჩარებიც, რომლებთანაც ჩემს მიერ დაარსებული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ფინარტგრუპის“ ფარგლებში ვთანამშრომლობ.

წიგნის შექმნის დროს გამოვიყენე ჩემი და ჩემი კოლეგების პრაქტიკული გამოცდილება და ის თეორიული მასალა, რომელიც ამ თემაზე წაკითხული და ნასწავლი მაქვს.

ვინაიდან ვხელმძღვანელობ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის მიზანია ჩვენი კლიენტების ბიზნესის განვითარება, გადავწყვიტეთ გამოვცეთ ბიზნეს საგანმანათლებლო წიგნებიც. ეს პირველი წიგნია, რითიც დავიწყეთ.

CV AniM: როგორც ავტორისთვის, თქვენთვისაც პირველი წიგნია?

ჩემთვისაც პირველი წიგნია. ზოგადად წერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. წიგნის დაწერა რთული არ იყო, რადგან დიდი პრაქტიკული მასალა და გამოცდილება დამიგროვდა. უბრალოდ, ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო, წიგნის დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდა.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად დაინტერესდება მკითხველი?

რთულია განსაზღვრო მომხმარებელის დაინტერესება. ფაქტია, საჭირო წიგნია, მაგრამ რამდენად სწორად მიიღებს მკითხველი, რომ ორ გვერდიანი დოკუმენტის შესადგენად 80 გვერდიანი წიგნი წაიკითხოს, ამას დრო გვაჩვენებს.

CV TamunaM: და მართლაც, რატომ არის საჭირო ორ გვერდიანი დოკუმენტის შესადგენად 80 გვერდის წაკითხვა?

მართალია სივი ორ გვერდიანი დოკუმენტია, მაგრამ ამ ორი გვერდის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად ცნობა. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვიჭირს საკუთარი თავის ადეკვატური შეფასება. წიგნში მოყვანილია ტესტი და სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს გაარკვიოს რა ტიპის ადამიანია, შეაფასოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და შექმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც გახდება მისი საუკეთესო სავიზიტო ბარათი და დაეხმარება სასურველი სამსახურის პოვნაში.

M: მომავალ წიგნს გაგვიმხელთ?

ამ ეტაპზე ინტრიგად დავტოვებ .

 

წიგნის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს: www.saba.com.ge 

კატა მოგის საშობაო აურზაური

დეკორატიული ბალიშები – შემთხვევით დაწყებული ბიზნესი