in

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანდროიდ ტელეფონის შერჩევისას?

მართალია, ფილიპ დიკმა თავის გენიალურ რომანში ბოლოს მაინც რიტორიკულ კითხვად დაგვიტოვა „ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე”, მაგრამ დღევანდელ სტატიაში ჩვენ გეტყვით, როგორ ანდროიდზე უნდა იოცნებოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა მის ყიდვას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და, ასე თუ ისე, ტექნიკაში ვერკვევით, მაინც დიდ პრობლემად რჩება სწორი მობილური ტელეფონის შერჩევა, რადგან უმეტესობა ყურადღებას მხოლოდ ვიზუალს აქცევს და მაქსიმუმ ის კითხვა დასვას, რამდენად დიდხანს ძლებს ტელეფონის ბატარეა? რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს ორივე კომპონენტი არ უნდა უგულებელვყოთ, მაგრამ მათ გარდა კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რათა ჩვენმა სმარტფონმა დიდხანს და ერთგულად იმუშაოს და გვემსახუროს.

სანამ ჩვენს რესპონდენტს მოვიწვევთ და ექსპერტის რჩევებს გაგიზიარებთ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, მაინც რა არის ანდროიდი…

ეს არის ოპერაციული სისტემა, რომელიც 15 წელზე მეტია არსებობს. მსოფლიო მასშტაბით, ტაბლეტებისა და ტელეფონების მწარმოებლები სწორედ ანდროიდ სისტემას იყენებენ. გარდა ამისა, 2.6 მილიონზე მეტი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, რომლის ჩამოტვირთვაც Google Play Store-იდან შეგიძლიათ, რომელიც სწორედ ანდროიდის მხარდამჭერი პლატფორმაა. ანდროიდის ერთგულ მომხმარებლებს შორის მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ და უმეტესობა ამბობს, რომ მისი შერჩევისას ყურადღებას აქცევს ბატარეას, ეკრანის გამძლეობას, გამოსახულების ხარისხსა და მეხსიერებას. ზოგადი შეფასებით, ანდროიდის ტელეფონები საკმაოდ მძლავრი და კონფიგურებადია, თუმცა ისინი უნდა დავიცვათ ვირუსებისგან, რადგან მავნე პროგრამების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. დანარჩენ კითხვებზე უკვე ZOOMMER-ის კონსულტანტების ტრენერი, დავით ნაჭყებია გვიპასუხებს:

M: უპირველეს ყოვლისა, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ანდროიდს ვყიდულობთ, არსებობს თუ არა უნივერსალური წესები, რაც ყველა ანდროიდზე ვრცელდება, თუ უნდა განისაზღვროს ბრენდების მიხედვით?

ანდროიდის შეძენამდე, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ჩვენთვის პრიორიტეტულ მახასიათებლებზე და ამის მიხედვით შევარჩიოთ სმარტფონი – დღეს, როცა ბრენდებისა და მოდელების მრავალფეროვნება არსებობს, დადგენილი ერთიანი, ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ რომელი ტელეფონია ყველაზე კარგი, რთულია სათქმელია..

ასე რომ, ანდროიდის შეძენისას უნივერსალური წესები არ არსებობს, მაგრამ არსებობს მიდგომები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენთვის ხელსაყრელი არჩევანის გაკეთებაში. 

M: რა შეცდომებს უშვებენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ანდროიდის შერჩევისას?

ხშირად მომხმარებელი თვლის, რომ ძვირი ყოველთვის უკეთესს ნიშნავს. რეალურად კი, ყოველთვის ასე ვერ იქნება – შესაძლოა, შედარებით ბიუჯეტურ სმარტფონს უკეთესი ელემენტი აღმოაჩნდეს, ძნელად ზიანდებოდეს და ა.შ. მაგალითად, აწყობის ხარისხი ფლაგმანებს, რა თქმა უნდა, უკეთესი აქვს ხოლმე, თუმცა სხვა მაჩვენებლებში ხელმისაწვდომმა მოდელებმაც შეიძლება გაგვაკვირვოს.

ხშირია, ასევე, შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ფიქრობს, რომ რაც მეტი აქვს სმარტფონს მეგაპიქსელი, მით უფრო კარგ ფოტოებს გადაიღებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ მეგაპიქსელი ფოტოს ხარისხს არ განსაზღვრავს –  თუკი კამერა წარმოადგენს პრიორიტეტს, მეგაპიქსელების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიქსელის ზომა, დიაფრაგმა, გამოსახულების სტაბილიზაცია… ამგვარად, სჯობს თავად გავტესტოთ კამერა და ამის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი.

არცთუისე იშვიათად, ყურადღების მიღმა რჩება ოპერატიული მეხსიერებაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა მეხსიერება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოპერატიული მეხსიერება განსაზღვრავს, თუ ერთდროულად რა მოცულობის ინფორმაციასთან შეგვიძლია მუშაობა, რამდენად სწრაფად ხდება ინფორმაციის შიდა მეხსიერებიდან ოპერატიულზე გადანაცვლება, ერთდროულად რამდენ აპლიკაციასთან ვიმუშავებთ.

M: როდესაც მივდივართ მაღაზიაში ანდროიდის ასარჩევად, რა კითხვები უნდა დავუსვათ კონსულტანტს?

ყველაზე ეფექტური იქნება, თუ კონსულტანტს ჩვენს საჭიროებებს/მოთხოვნებს გავაცნობთ და შემდეგ კონკრეტულ საფასო კატეგორიაში მის მიერ შემოთავაზებულ მოდელებს შორის გავაკეთებთ არჩევანს. ვისთვის ფოტოგადაღების ხარისხია პრიორიტეტი, ვისთვის – ელემენტის გამძლეობა და ჩიპსეტის სიმძლავრე გეიმინგისთვის. შესაბამისად, სმარტფონებიც სხვადასხვა ფუნქციებზე არიან ორიენტირებულნი: ხარისხიანი კამერა, მოცულობითი მახსოვრობა, ელემენტის სიძლიერე, ეკრანის დამზადების ტექნოლოგია და ა.შ. 

მაგალითად, გეიმინგის მოყვარულისთვის, რომელსაც სმარტფონში სიმძლავრე სჭირდება, პრიორიტეტია ჩიპსეტი, ოპერატიული მეხსირება, ეკრანის ზომა, ეკრანის განახლების სიხშირე; მას კი, ვისაც სმარტფონი მარტივი, ყოველდღიური ოპერაციებისთვის სჭირდება, როგორიცაა სქროლვა, სოციალურ ქსელებში აქტიურობა, ფოტოების გადაღება თუ ვიდეოების ყურება, ბიუჯეტური სმარტიც გამოადგება.

ანდროიდის ყიდვასთან ერთად, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ თუ სმარტსაათს ან რომელიმე ჭკვიან მოწყობილობას ვიყენებთ, უნდა გადავამოწმოთ, ერგება თუ არა ჩვენი მოწყობილობა ახალ ტელეფონს; ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ ბრენდს ქართული მენიუ არ აქვს – თუკი ეს ფუნქცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამის დაზუსტებაც სმარტფონის შეძენამდეა მიზანშეწონილი.

გარდა ამისა, ზოგადად, ერთი უნივერსალური  საკითხი, რომლითაც ყველა მომხმარებელი უნდა დაინტერესდეს, საგარანტიო პირობებია. 

M: გარდა მაღაზიაში გარკვევისა, რამდენად უნდა ვენდოთ ინტერნეტში გავრცელებულ რევიუებსა და ფორუმებს?

ტექნიკის სფეროში ბევრი მიმომხილველის ვიდეოები გვხვდება, ყველა მათგანი, რასაკვირველია, სანდო არ არის, თუმცა უნდა შევარჩიოთ ისეთი არხი, რომელსაც ბევრი გამომწერი და ვიდეოებზე პოზიტიური გამოხმაურება აქვს – ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, რომ ჩვენ მიერ შერჩეული პროდუქტი ისეთივე იქნება, როგორც განხილვაში დაგვიხასიათეს. Სასურველია, რომ ის რევიუ, რომელზე დაყრდნობითაც ვყიდულობთ სმარტფონს გარკვეულ გამოცდილებაზე იყოს დაყრდნობილი და არ იყოს ის ე.წ. „ანბოქსინგი”, რომელშიც იუთუბერი პირველად ნახულობს ტელეფონს.

რაც შეეხება ფორუმებს/თემატურ ჯგუფებს, აქ უფრო შეიძლება ტელეფონის შესახებ პრობლემებზე მივიღოთ ინფორმაცია, წავიკითხოთ ვის რა პრობლემა შექმნია, თუმცა თუ ერთი და იგივე პრობლემა ხშირად არ ფიქსირდება, ტელეფონზე გული არ უნდა ავიცრუოთ.

M: რა რჩევას მისცემდით ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ანდროიდის შეძენა სურს?

რაში ვიყენებთ ტელეფონს? რა არის ჩვენი პრიორიტეტები? რამდენი ხანი ვაპირებთ ტელეფონის გამოყენებას? რა ბიუჯეტი გვაქვს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არჩევანის გაკეთებას ნებისმიერს გაუადვილებს.

მაგალითად, თუ დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვაპირებთ ტელეფონის შეცვლას, უმჯობესია, შედარებით მძლავრი მახასიათებლებით აღჭურვილი სმარტფონის შეძენა – დროთა განმავლობაში არ შენელდება და დისკომფორტს არ შეგვიქმნის. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქართველი ინფლუენსერები და მათთან კოლაბორაციის ფასები

„მიჰყევი ნიშნებს“ – ბაქსვუდის კამპანია თემებზე, რომლებზეც არ საუბრობენ