თუკი მოგზაურობასა და ახალი შთაბეჭდილების მიღებას თან გაჯანსაღებაც ახლავს, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ველნესის სამყაროში. გაჯანსაღება შეიძლება ეხებოდეს როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ესაა პროცესი, როდესაც საკუთარი თავისთვის გამოვყოფთ დროს, რათა სასიცოცხლო ძალები აღვიდგინოთ და ახალი ენერგიით ავივსოთ. ველნეს ტურიზმი საშუალებას გვაძლევს გამოვიდეთ ყოველდღიურიი რუტინული პროცესიდან, შევიძინოთ ახალი გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ცხოვრების ხარისხი როგორც პიროვნულ მიზნებს, მოტივაციას, მოლოდინებსა და სტანდარტებს, ისე სულიერ, თუ ფიზიკურ კეთილდღეობასაც აერთიანებს. ველნეს ტურიზმი მოიცავს ისეთ თერაპიულ, თუ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რაც მთლიანობაში, სასიამოვნო დასასვენებელ გამოცდილებასთან ერთად, მსგავსი ტიპის მოგზაურობის დაგეგმვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ველნეს ტურიზმისადმი ინტერესი სულ უფრო მზარდია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ველნეს ტურიზმში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამაზე მიანიშნებს გოგირდოვანი წყლების, მიკროკლიმატური ზონებისა და კურორტების სიმრავლე. სამკურნალო წყლებისა და ტალახების ნაირსახეობა, უნიკალური კლიმატური პირობები, რეკრეაციული ზონები და ლანდშაფტები, საუკეთესო პირობებს ქმნის საქართველოს ტურისტული პოზიციის გამყარებისთვის მსოფლიო რუკაზე. ქვეყანაში ოფიციალურად 103 კურორტი და 167 კურორტული ზონაა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია და საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
როგორ შევარჩიოთ ველნეს კურორტი დასასვენებლად?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებით გსურთ გაჯანსაღება. კურორტები სხვადასხვა მიმართულებად შეიძლება დავყოთ, მაგალითად: პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, უროლოგიური, ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ახტალას. ახტალას ტალახები გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ფსორიაზის, ეგზემას, ნეიროდერმიტების სამკურნალოდ, ასევე ანთებითი პროცესების დასარეგულირებლად.
თუკი კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, კანის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ეძებთ ადგილს, იდეალურია წყალტუბო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია საქართველოში და თერმულ-რადონული მინერალური წყლებით
60-მდე ტიპის დაავადებას კურნავს.
ვარიკოზული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მიზანშეწონილია წყალქვეშა ვარჯიშები, აკვააერობიკა, მინერალური წყლის აბაზანები და ფიზიოთერაპია. ამ პროცედურებით სარგებლობა შესაძლებელია ბორჯომში, წყალტუბოსა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.
გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ უნდა ეწვიოთ ბახმაროს, შოვის, ბაკურიანის, ან ნებისმიერ მთის კურორტს. ზღვის დონიდან მოშორებით მაღალი ატმოსფერული წნევა და ჟანგბადის შემცველობა ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობას, სასუნთქი გზების გასუფთავებას. სამთო კურორტები ასევე საუკეთესოა გრძელვადიანი საოჯახო დასვენებებისთვისაც.
ბავშვებისთვის საუკეთესო საკურორტო ზონებად მაღალმთიანი კურორტები ითვლება – ვინაიდან მთიან კურორტებს ეგრეთწოდებული გამაძლიერებელი და ორგანიზმის მატრენირებელი თვისობრივი მახასიათებლები აქვს, კოჯორი, კიკეთი, საგურამო, დასასვენებლად და გასაჯანსაღებლად საუკეთესო ადგილებია. გარკვეული ალერგიული ფონის მქონე ბავშვებისთვის, საუკეთესო არჩევანია სურამი.
ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების სამკურნალოდ, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად – საუკეთესო არჩევანი, ზღვისპირა კურორტებია. შავი ზღვისპირეთი, განსაკუთრებით კი ქობულეთი, იდეალური ადგილია კარდიოვასკულარული პაციენტების რეაბილიტაციისთვის, გრიგოლეთისა
და ურეკის მაგნიტური ქვიშის ველები კი მექანიკურ ზემოქმედებას ახდენენ ლიმფურ სისტემაზე. კურორტების ბალნეოლოგიური თვისებები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
რა უპირატესობა აქვთ ველნეს კურორტებს?
ველნეს კომპლექსები განტვირთვის, ჯანმრთელობის გაუმჯობესების, უნიკალური თერაპიული პროცედურებით ეკიპირებული მრავალფეროვანი დაწესებულებებია. აქ ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ფსიქიკური პრაქტიკის დანერგვა და ორგანიზმის რეგენერირება.
ველნეს კურორტები საუკეთესო ადგილია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის აღსადგენად. მედიტაცია, იოგა, სპეციალურად შერჩეული კვება და აქტივობები, აღადგენს ორგანიზმს, აწყნარებს ნერვულ სისტემას. მასაჟების ნაირსახეობა ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას, გამოჰყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, ამცირებს სტრესის მაჩვენებელს.
ველნეს რეზორტებზე შესაძლებელია როგორც აქტიური, ასევე პასიური დასვენება. გამაჯანსაღებელი კურორტები დადებითად მოქმედებენ აქტიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე, რუტინული ცხოვრების გახალისებაზე, ორგანიზმის გაძლიერებაზე. ნებისმიერი ტიპის დასვენების მსურველი ადამიანი შეძლებს მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავებას, ეს იქნება ექსტრემალური სპორტის სახეობების გამოცდა, თუ განტვირთვა და რელაქსაცია.
ესაა ანტისტრესული დეტოქსის შესანიშნავი საშუალება. სტრესული მდგომარეობა ხელს უწყობს დიაბეტის, გულის დაავადებების, ჰიპერტენზიის, დეპრესიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
არაერთი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისეთი თერაპიები, როგორიცაა: იოგა, მედიტაცია, სარელაქსაციო/სამკურნალო მასაჟი თუ ჰიდროთერაპია, მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას.
საქართველოს უნიკალური საკურორტო პოტენციალიდან გამომდინარე, ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება ველნეს რეზორტების რიცხვიც, სადაც თანამედროვე აღჭურვილობა და პრაქტიკა მენტალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეგენერაციაზეა. დაწესებულებები ბუნებასთან ახლოს არის განთავსებული და დამსვენებელთა საჭიროებებზე მორგებული, გამაჯანსაღებელი და აღდგენითი პროცედურებითა და თერაპიებით გამოირჩევა.